1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს
საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

423
0

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის სიახლოვეს. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ათენის ცენტრამდე მიაღწია. რამდენიმე ბერძნული სოფელი და ქალაქი უკვე ევაკუირებულია.

ადგილობრივი მედია იუწყება ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადამყოფოებში იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანებული შენობა-ნაგებობების თაობაზე.

ზოგიერთი ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა, ხანძრის მოახლოების მიუხედავად, უარი თქვა ევაკუაციაზე და ცეცხლთან გამკლავებას ეზოს წყლის რეზინის მილებით ცდილობდნენ.

სააგენტო AFP-ს ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 29 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 110 სახანძრო ავტომანქანა, ასეულობით მეხანძრე და მრავალი მოხალისე.

რამდენიმე დღით ადრე, მეტეოროლოგები გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ექსტრემალური გვალვისა და ძლიერი ქარის გამო, მოსალოდნელი იყო მცირე მასშტაბის ხანძარი, მაგრამ მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს დღეებში შენარჩუნდება სახიფათო ვითარება.

12 აგვისტოს საბერძნეთში ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

11 აგვისტოს საბერძნეთის ხელისუფლებამ ისტორიული ქალაქ მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა.