1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა- რატი იონათამიშვილი
სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა- რატი იონათამიშვილი

სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა- რატი იონათამიშვილი

305
0

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. მისთვის არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობა, მან საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე. ალექსეი ნავალნის კი არც მაშინ დაუთმია მოქალაქეობა როდესაც რუსეთიდან წავიდა და არც მაშინ, როდესაც დაბრუნდა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განახლებულ დეზინფორმაციის კამპანიას და მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის შორის პარალელების გავლებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ტრაგედიებით მოსარგებლე რომ იყო, ეს დიდი ხანია ვიცოდით, სულ ახლახან კი, ნავალნის დაღუპვის ფაქტი როცა გაიგეს, განაახლეს დეზინფორმაციის კამპანია სააკაშვილთან დაკავშირებით და ეს პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა, რაც ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებით ბოლო წლებში გვინახავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ ამ დეზინფორმაციას ვინმე დაიჯერებს, მწარედ ცდებიან.

„ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში და ძალიან მძიმე პირობებში მაშინ, როდესაც სააკაშვილი კეთილმოწყობილ, ოროთახიან ლუქსში არის საკაბელო ტელევიზიით და ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფილი. ნავალნისთან საპატიმროსი ადვოკატებიც კი ვერ შედიოდნენ, სააკაშვილს კი ამ ხნის განმავლობაში 2 ათასამდე მნახველი ჰყავდა. ნავალნი ნამდვილად ღირსეულად იხდიდა სასჯელს მაშინ, როდესაც სააკაშვილისგან ჩვენ ვხედავდით ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას და ხან სიმულაციას, ხან დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე, მისი ოჯახიდან მილიონობით დოლარის გადახდა ხდებოდა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვიდექით ევროინტეგრაციის გზაზე. ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე კი – კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით ათასობით ოჯახი გაამწარა. რაც მნიშვნელოვანია, ნავალნის არც მაშინ დაუთმია მოქალაქეობა როდესაც რუსეთიდან წავიდა და არც მაშინ, როდესაც დაბრუნდა. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. მისთვის არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობა, მან საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი სიცრუის და დეზინფორმაციის გამოა რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ამომრჩეველიც კი უარს ეუბნება, სწორედ ამის დასტურია ის, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილის მხარდამჭერ გამოსვლებზე ათეულობით ადამიანის შეკრებაც კი უჭირდათ და ეს შედეგი კიდევ უფრო მწარე 2024-ის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება.