“სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება”- შალვა ხაჭაპურიძე
სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ამ საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე იქნება.
„არევაძეს ერთ-ერთი განაჩენი აქვს გამოტანილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. მისი გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და როგორც ჩანს, ამ პრინციპით დაეწერა. ამას გავარკვევთ, რა მეთოდით იქნა დაწერილი გიორგი არევაძეზე. გიორგი არევაძე გამოცდილი მოსამართლეა, მასთან ჩვენ არაერთ საქმეზე გვიმუშავია. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, გათავისუფლება არ მოხდება, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია. ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. სასამართლო მსვლელობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სერიოზული იურისტისგან ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია მხარეებზე, ვინ რას და როგორ დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. მოგეხსენებათ, ეს საქმე გვინდა არ გვინდა, დახუნძლულია პოლიტიკური შემადგენელით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.