1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას”-Financial Times
“რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას”-Financial Times

“რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას”-Financial Times

27
0

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 23 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას“ (ავტორი – ფაბრის დეპრეზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას და სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, ამ ნაბიჯმა შეიძლება ხელი შეუწყოს მოლაპარაკების დაწყებას და ომის დასრულებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. „როცა საკითხი ეხება ენერგეტიკისა და ნაოსნობის უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგები იმის სიგნალი იქნებოდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მზად არის ომის შესაწყვეტად“, – ხაზი გაუსვა ქვეყნის მეთაურმა.
უკრაინა მკაცრი ზამთრისათვის ემზადება და ამიტომ მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კი ქვეყნის ენერგოობიექტების ნახევარი – ჰიდრო- და თბოელექტროსადგურები – რუსული სარაკეტო დარტყმებით თითქმის განადგურებულია (ზოგიერთი რემონტდება, მაგრამ მათ რუსები კვლავ ბომბავენ და მწყობრიდან გამოჰყავთ). ამჟამად უკრაინა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია თავის ატომურ ელექტროსადგურებზე და ელექტროენერგიის იმპორტზე ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ რა იქნება მაშინ, როცა მკაცრი ზამთარი დადგება და ევროპას ელექტროენერგია თვითონ დაჭირდება?

თუ მოსკოვი და კიევი შეთანხმდებიან საჰაერო დარტყმების შეწყვეტაზე ერთმანეთის ენერგოობიექტების მიმართ (უკრაინაც ხშირად ბომბავს თავისი დრონებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ნავთობბაზებს), მაშინ შეიძლება ომის დეესკალაცია განხორციელდეს.

„პირველი [სამშვიდობო] სამიტის დროს ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება მიღებული იქნეს შეთანხმება ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შევწყვეტთ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, თავის მხრივ, რუსებიც აღარ დაესხმებიან ჩვენსას. შეიძლება თუ არა ამ დაპირებამ ომის ცხელი ფაზის დასრულებამდე მიგვიყვანოს? მე ვფიქრობ, რომ დიახ, შეიძლება“, – ხაზი გაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

[რას ნიშნავს უკრაინის მეთაურის ასეთი განცხადება?] ბოლო თვეების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ უკრაინის არმიის სარდლობა ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის – რუსეთის ჯარები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ მიიწევენ 1000-კილომეტრიან ფრონტზე. კიევის არმიას სიტუაცია ვერ გამოუსწორა რუსეთის კურსკის ოლქში მოულოდნელმა შეჭრამაც…

ბრძოლის ველზე დიდმა დანაკარგებმა და ცივი ზამთრის პერსპექტივამ ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა გაეაქტიურებინა თავისი ძალისხმევა „გამარჯვების გეგმისადმი“ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერისა მისაღებად – იმ გეგმისა, რომელიც უკრაინის ნატოში წევრობასა და და უსაფრთხოების დამატებითი უზრუნველყოფას ითვალისწინებს (რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში).

უკრაინის ლიდერი ასევე განიცდის მზარდ ზეწოლას, რომ ომის მოლაპარაკების გზით დასრულების გზები იპოვოს – იმის გათვალისწინებით, რასაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს – თუ იგი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრ სახლში დაბრუნდება, ომს პრეზიდენტად არჩევის პირველსავე დღიდან დაასრულებს.

რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებაზე, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაამატა, რომ იგი ელოდება ვაშინგტონის უფრო აქტიურ პოზიტიურ რეაქციას არჩევნების შემდეგ: „არა იმიტომ, რომ ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, არამედ იმიტომ, რომ ახლა ამერიკელთა მთელი ყურადღება არჩევნებზეა გადატანილი და მე ვფიქრობ, რომ ეს გარემოება ნებისმიერი მკვეთრი განცხადების გაკეთებას ართულებს. არცერთ პარტიულ კანდიდატს არ სურს დამატებითი რისკი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უარყო რაიმე გარიგების დადების შესაძლებლობა დასავლეთის ქვეყნებთან ფორმულით „ტერიტორია მშვიდობის ნაცვლად“, რომლის თანახმად, უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუ კიევი ოფიციალურად იტყვის უარს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

„რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ამ საკითხის ირგვლივ ნამდვილად ფიქრობს., თუმცა ისინი ამას პირდაპირ მე კი არ მატყობინებენ, არამედ მასმედიის მეშვეობით… ყველა დისკუსიის დროს ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ყველაზე ძლიერად ნატოს წევრობა მიგვაჩნია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიერ მოთხოვნილი „შეკავების ზომების პაკეტი“ იმის კომპენსაციას წარმოადგენს, რაც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა – იგულისხმება ბირთვული არსენალი. 1990-იან წლებში რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბირთვულ იარაღზე კიევის უარის თქმის სანაცვლოდ, მოსკოვი უზრუნველყოფდა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიისა და საზღვრების დაცვას. მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ამ დოკუმენტის იგნორირება მოახდინა და 2014 წელს ბრძანება გასცა უკრაინის შემადგენლობაში არსებული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის თაობაზე, ხოლო 2022 წლის თებერვლის ბოლოს, პუტინისავე ბრძანებით, რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა დაარღვია და ქვეყანაში შეიჭრა.

„ჩვენ ბირთვული იარაღი მივეცით და სანაცვლოდ არაფერი არ მიგვიღია, გარდა სრულმასშტაბიანი ომისა და უდიდესი მსხვერპლისა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, – ახლა ჩვენ არც ბირთვული იარაღი არ გვაქვს და არც ნატოს წევრი არ ვართ.. და არც მიგვიღებენ ომის დამთავრებამდე. აი, რატომ მინდა, რომ ჩვენ რუსეთის შეკავების ზომების პაკეტი გვქონდეს“.

უკრაინას დაგეგმილი აქვს მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, რომ ომის დასრულების შესაძლებლობის განხილვა მოხდეს, მაგრამ, როგორც კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მოსკოვი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: