1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს”-The New York Times
“რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს”-The New York Times

“რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს”-The New York Times

232
0

„უკრაინის მთავრობამ, პირველად ომის ორი წლის განმავლობაში, გადაწყვიტა შემოეღო ელექტროენერგიის დროებითი ციკლური გამორთვები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თვით ზაფხულის პერიოდშიც კი, ეკონომიკური ხარჯვის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით: “რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს” (ავტორები – კონსტან მეხე, მარია ვარენიკოვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიის სარდლობა მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჯარების წინსვლას, პარალელურად კი მთავრობა აცხადებს, რომ კვლავ დადგა ძნელად გადასალახავი პრობლემის წინაშე: აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდების შენარჩუნება ისეთ პირობებში, როცა რუსეთის არმია სულ უფრო ხშირად ბომბავს უკრაინის ელექტროსადგურებს და მათ ანგრევს.

ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით მთავრობამ დაადგინა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საერთო-ეროვნული მასშტაბით, რეგულარულად იქნება შემოღებული, თვით ზაფხულის პერიოდშიც კი, ელექტროენერგიის ვეერული – დროებით-ციკლური – გამორთვები. მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა, მაგრამ მხოლოდ რეგიონებში, ახლა კი ხელისუფლება იძულებული გახდა გამორთვები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს.

„ბრძოლა ელექტროენერგიის წარმოების შესანარჩუნებლად ჩვენთვის ახალ ფრონტს წარმოადგენს”, – დაწერა გასულ კვირას სოციალურ ქსელებში მაქსიმ ტიმჩენკომ, რომელიც უკრაინის ყველაზე მსხვილ კერძო ელექტროენერგეტიკულ კომპანიას (DTEK) ფლობს.

მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები „დროსთან ბრძოლაში“ არიან ჩაბმულნი, რომ რაც შეიძლება მალე აღადგინონ დაზიანებული ელექტროსადგურები და მომხმარებლები ენერგიით უზრუნველყონ.
ელექტროენერგიის საყოველთაო გამორთვები დაგეგმილია საღამოს 6 საათიდან და შუაღამემდე გაგრძელდება. გრაფიკი პირველად გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა გაურკვეველია, თუ როდემდე იქნება დენის მიწოდება შეზღუდული – ვადები, თუნდაც მიახლოებითი, ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის.
უკრაინელებისათვის განსაკუთრებით მძიმე იყო 2022/2023 წლების ზამთარი, როცა რუსეთის ჯარი მეთოდურად ურტყამდა ქვეყნის მრავალრიცხოვან ელექტროსადგურებს, რის შედეგადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სინათლისა და გათბობის გარეშე დარჩა, თუმცა უკრაინის არმიამ სწრაფად ისწავლა რუსული რაკეტების ჩამოგდების ხერხები, გააძლიერა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და მეტ-ნაკლებად სიტუაცია გააუმჯობესა. ასე იყო მიმდინარე წლის გაზაფხულამდე.

იმდენად, რამდენადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ-ჯერობით ისევ არ ჰყოფნით იარაღი და საბრძოლო მასალები, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესში გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების გამო (მართალია, კონგრესმენებმა დახმარების პაკეტი საბოლოოდ მიიღეს, მაგრამ იარაღის უკრაინამდე მიტანას დრო ჭირდება), დღეს კიევს რუსეთის დარტყმებისადმი წინააღმდეგობის გაწევა უძნელდება, თანაც ისეთისა, რომელიც სულ უფრო გაწაფული და დახვეწილი ხდება.
რუსეთის გააქტიურება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაში აძლიერებს იმის საფრთხეს, რომ ელექტროენერგიის გამორთვები ნეგატიურად იმოქმედებს არამარტო კერძო მომხმარებლებზე, არამედ ზიანს მიაყენებს სამხედრო-თავდაცვით მრეწველობასაც და თანაც ზუსტად იმ დროს, როცა პროდუქციის გამოშვება მწვავედ არის აუცილებელი.

„რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის გამორთვა წარმოების ტემპებს ანელებს, რომელიც სულ უფრო ძვირადღირებული ხდება“, – ამბობს ალექსანდრე დმიტრიევი, რომელიც უკრაინის არმიისათვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობს, – სამოქალაქო მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემის გადატანა შედარებით იოლად შეუძლია, მაგრამ სამხედრო მრეწველობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, უბრალოდ, კოლაფსს იწვევს“.

უკრაინა ცდილობს დახმარება გარედან მიიღოს – მეზობლების მხრიდან: კიევმა უკვე მიმართა დასავლელ პარტნიორებს ელექტროქსელური მოწყობილობებითა და დანადგარებით დახმარების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, უკრაინა უკვე იღებს ელექტროენერგიას რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და მოლდოვადან – მართალია, არასაკმარისად, მაგრამ მაინც.
„ჩვენ ასევე მივმართეთ დასავლეთის ქვეყნებს მოგვაწოდონ ნახმარი მოწყობილობები, რომლებიც მათ აღარ ჭირდებათ, ჩვენ კი მათ შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ“, – ამბობს „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში კომპანია DTEK-ის პრეს-მდივანი პავლე ბელოდედი, – „ელექტრომოწყობილობების სწრაფად ყიდვა ან შეკვეთა შეუძლებელია, ამიტომ ერთადერთი, რის მიღებაც დაუბრკოლებლად შეიძლება, ნახმარი აპარატურა წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკური ნება, დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ“.

უკრაინაში შეიძლება იმ ელექტრომოწყობილობების გამოყენება, რომლებიც საბჭოური წარმოებისაა და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს აღარ სჭირდებათ. ზოგიერთი პოსტკომუნისტური ქვეყნიდან ჩამოწერილი ელექტროდანადგარების მიწოდების პროცესი უკვე დაიწყო.

ცნობილი უკრაინელი მოკრივე ალექსანდრე უსიკი, რომელიც გასულ კვირას მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში, ამ კამპანიას შეუერთდა და გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც მას მაისური აცვია წარწერით „ბრძოლა სინათლისათვის“. მოკრივემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი რუსების შეტევას ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხშიც გაუძლებს.

უკრაინა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განსამტკიცებლად ითხოვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას, განსაკუთრებით კი ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ (Patriot) სისტემებს, რათა თბოელექტროსადგურები და ჰესები რუსული რაკეტებისა და დრონებისაგან დაიცვას. „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი ხარკოვის ოლქში რეალურად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ობიექტებისა და მოსახლეობის დაცვას’, – თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას პასუხისმგებლობით მიუდგნენ ელექტროენერგიის მოხმარებას: „ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ელექტროენერგიის წარმოებაში, ამიტომ უკრაინის ყოველმა მოქალაქემ მაღალი შეგნებითა და პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
თერძმა (ტანსაცმლის მკერავმა) ალექსანდრემ, რომელიც ელექტროენერგიის რიგით მომხმარებელს წარმოადგენს, გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში თქვა, რომ მას ძალიან აშფოთებს დენის ვეერული გამორთვები, რადგან მისი ბიზნესი დაზარალდება. სხვა კერძო მომხმარებლებიც უკმაყოფილონი არიან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

„როცა ელექტროდენის მოწოდება ითიშება ხოლმე, ჩემი ოჯახის წევრები ამისთვის მზად არიან და აცნობიერებენ, რომ ენერგიის ხარჯვის შემცირება აუცილებელია… მაგრამ მე ყველაზე უფრო სამუშაოზე დენის გამორთვისა მეშინია. ელექტროენერგიის გარეშე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია“, – ამბობს ალექსანდრე, რომელმაც თავისი გვარი არ გაამჟღავნა და ანონიმად დარჩენა ისურვა.

წყარო: