“რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია”- სალომე ზურაბიშვილი
იმ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოულოდნელობა იყო იმის ნახვა, რომ „ვაგნერის“ აჯანყება სწრაფად დასრულდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რაც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა.
„ჩემთვის და, ვფიქრობ, თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ამ მომენტისთვის ომით ნამდვილად დასუსტდა, ასეთი ფორმით აჯანყების ნახვა სრული მოულოდნელობა იყო. მოულოდნელობა იყო ნახვა, როგორ მარტივად შეუძლია ვინმეს საზღვრის გადაკვეთა და ჯერ როსტოვში შესვლა და შემდეგ მოსკოვთან ახლოს, სხვა ქალაქებში. მოულოდნელობა იყო ნახვა, რომ ეს აჯანყება ასე სწრაფად დასრულდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რაც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა.
უცნაურია, რომ თუნდაც პრიგოჟინს შეუძლია, ენდოს პუტინს, როცა ის უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, რაც არასდროს არსებობდა რუსეთის ისტორიაში. როდესაც შენ აჯანყებული ან თუნდაც ომის ტყვე ხარ, [რუსეთში] ეს არასდროს გეპატიება. და ეს ახლა რუსეთში ხდება და როგორ შეგიძლია, თუნდაც ლუკაშენკოს ენდო, როდესაც იგი თავად ძლივს იცავს იმ ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც რუსეთის მზარდი მოთხოვნების პირობებში… ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსულ ტრადიციას არ ჰგავს.
ვფიქრობ, რომ ახალ ფაზაში ვართ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რუსეთი ხედავს, რომ მისი ყველა დიდი გეგმა ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდა. ეს ჯერ საბოლოო სამხედრო მარცხი არ არის, მაგრამ იმ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია – გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული და უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც ისევ გაფართოებაზე საუბრობს, რაც ისეთ თემას ჰგავდა, რომ ამასთან შეხება არავის უნდოდა.
პუტინისთვის ყველა ნეგატიური შედეგი – მობილიზაციაში წარუმატებლობა, პრიგოჟინის „ვაგნერი“, რომელიც ამ თეატრის ბოლო აქტია, რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია. ის რუსული არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ არმიად მოიაზრებოდა, ახლა დონეცკში პრიგოჟინის იმედზეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.