"რუსეთის დარტყმებმა უკრაინის ქალაქებსა და ნავსადგურებზე დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი მარცვლეულის ექსპორტს: უკრაინას სასიცოცხლო ძალების უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური წყარო დაეშრიტა", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) 6 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „რუსეთის ახალი მცდელობა უკრაინის გასანადგურებლად" (ავტორი - ალეკ რასელი).
მასალაში განხილულია უკრაინელი ფერმერებისა და მარცვლეულის საექსპორტო კომპანია-ოპერატორების (ტერმინალების) მძიმე მდგომარეობა ქვეყნის შავი ზღვისპირა ნავსადგურების (ოდესის, ჩერნომორსკის, იუჟნის და ა.შ.) დაბომბვის გამო, რომელთა მეშვეობით უკრაინული მარცვლეული საზღვარგარეთ იგზავნებოდა. ჩერნომორსკის ნავსადგურში ერთ-ერთ ასეთი ტერმინალის Risoil-ის მფლობელია შოთა ხარაზიშვილი, რომელსაც, რუსული ფრთოსანი ბომბების აფეთქებებმა დიდი ზიანი მიაყენა.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
უკრაინელმა ფერმერებმა მიმდინარე წელს მარცვლეულის უხვი მოსავალი მოიწიეს - სტეპებში მდებარე ელევატორები პირთამდე სავსეა, რაც მათთვის სადღესასწაულო განწყობის საფუძველი უნდა იყოს, მაგრამ... რუსების მიერ გააფთრებული საჰაერო დაბომბვების გამო შავი ზღვის ნავსადგურები დანგრეულია, გემები დასატვირთად აღარ შედიან, საექსპორტო მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი, ქერი) და მზესუმზირის პროდუქტები უცხოეთის ქვეყნებში გატანას ელოდებიან. „აღარ ვიცი, რა გავაკეთო... ჩემი ბეღელი სავსეა, მაგრამ ვერ ვყიდი... შარშან ამ დროს მოსავალი უკვე გაყიდული მქონდა. ჩემზე უფრო უარესი მდგომარეობა აქვთ სხვებს - ხორბალი ღია ცის ქვეშ აქვთ დაყრილი და მხოლოდ ბრეზენტი აფარია. ცდილობენ ჩალის ფასად გაყიდონ, რომ როგორმე მცირე თანხა მაინც აიღონ", - ამბობს ოსტაპ ვარბანეცი, ფერმერი.
როცა უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მასიურად შეუტიეს (მიმდინარე წლის დასაწყისიდან), კიევის ევროპელ მოკავშირეებს ფრთხილი იმედი გაუჩნდათ, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად უკრაინის სასარგებლოდ განვითარდებოდა, მაგრამ ივლისიდან რუსეთმა გააფთრებული შურისმაძიებლური საჰაერო თავდასხმები დაიწყო და ფაქტიურად შავი ზღვის აკვატორია ნაოსნობისათვის „დახურა", რითაც უკრაინულ მარცვლეულს უცხოეთის ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა მოუსპო. ამით რუსეთი არამხოლოდ უკრაინის სავაჭრო კავშირების დარღვევას ცდილობს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის დაზარალებას და მოსახლეობის წინააღმდეგობის გატეხვას.
რუსეთი უკრაინის ეკონომიკას ახრჩობს...
უკრაინას აღარ აქვს რუსული დრონების, ფრთოსანი ბომბებისა და ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი „პეტრიოტის" ანტირაკეტები. ამის შედეგი აშკარად შესამჩნევია: დაუსჯელად იბომბება კიევი და შავი ზღვის პორტები, განსაკუთრებით ოდესა და ჩერნომორსკი. როგორც ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ამბობს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის შეტევები მოიგერიოს და შავი ზღვის აკვატორიაში კვლავ გახსნას ე.წ. „მარცვლეულის დერეფანი", მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
„რუსებმა ჯერ ელექტრო ქვესადგურების აფეთქებები დაიწყეს, შემდეგ გადავიდნენ სანავსადგურო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე - საწყობებზე, საცავებზე...", - ამბობს თემურ სამოსუდოვი, ოდესის თავდაცვის ქვედანაყოფის მეთაური, - „თავისი მოქმედებით კრემლი ფსიქოლოგიურ ზეწოლას აძლიერებს: ნავსადგურის მუშაობისა და მარცვლეულის გატანის დაბლოკვით ღრმავდება ქვეყნის ეკონომიკური ზიანი, რაც თითოეულ უკრაინელს კარგად ესმის". რასაკვირველია, უკრაინას აქვს მარცვლეულის სახმელეთო ექსპორტის შესაძლებლობა, მაგრამ სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მარცვლეულის გატანა ძვირადღირებული და ნაკლებად რენტაბელურია.
უკრაინისა და რუსეთის მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიოს ექსპორტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს (ხორბალი - 30% და სიმინდი - 20%), შესაბამისად, უკრაინის ექსპორტის კრიზისი მსოფლიოსათვის საკმაოდ საგრძნობი იქნება. ადრე კიევი ხორბლით შავი ზღვის მეშვეობით 70 ქვეყანას ამარაგებდა და 300 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფდა, ახლა კი კრიზისს გლობალური ხასიათი ექნება. რაც შეეხება რუსეთს, შავი ზღვის აკვატორიაში რთული სამხედრო ვითარების გამო, მასაც ეზღუდება მარცვლეულის გატანა, მაგრამ რუსეთი ამ მხრივ უკრაინაზე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია - მას მსოფლიო ოკეანეში სხვა გასასვლელებიც აქვს.ამიტომ სიტუაცია კიევისათვის უფრო მწვავედ არის საგრძნობი.
...რაც უკრაინის ხაზინისათვის კატასტროფას ნიშნავს
უკრაინის შავი ზღვის ნავსადგურები ტრადიციულად ქვეყნის ეკონომიკის გულს წარმოადგენენ. ომამდე ზემოთ ნახსენები პორტებით ექსპორტის 90% ხორციელდებოდა - 50 მილიონი ტონა წელიწადში, ოდესაში და სხვა ნავსადგურებში ყოველთვიურად ასობით გემი შედიოდა.. ახლა კი თითქმის ყველაფერი გაჩერებულია და დანგრეული - გემებისათვის უდიდესი რისკი არსებობს: ისინი ან დაზიანებულნი იქნებიან, ან ჩაძირულნი. საზღვაო ტრანსპორტის დარგობრივი გამოცემის Lloyd's List-ის მონაცემებით, შავი ზღვა სავაჭრო-საზღვაო ტრანსპორტისათვის ყველაზე სახიფათო ზღვად იქცა - უფრო მეტად, ვიდრე ჰორმუზის სრუტე და სპარსეთის ყურე.
უკრაინის ფინანსებისათვის ასეთი სიტუაცია კატასტროფას წარმოადგენს: როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ტარას ვისოცკი ამბობს, თუ ნავსადგურების ბლოკირება გაგრძელდება, უკრაინა ვერ მიიღებს 8 მილიარდ დოლარს, რაც მარცვლეულის ექსპორტისაგან ქვეყნის ერთობლივი შემოსავალის 20%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ 64 მილიონ ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გაიტანდა, მაგრამ ნავსადგურების გაჩერების გამო მხოლოდ 20-25 მილიონი ტონის ექსპორტია მოსალოდნელი.
შოთა ხაჯიშვილი: "დანაკარგები ძალიან დიდია"
რუსეთი უკრაინის ნავსადგურებს რეაქტიული დრონებითაც ბომბავს, რომელთა ჩამოგდება ქალაქის საჰაერო დამცველებისათვის საკმაოდ რთულია. ვინ-ვინ და რუსული დრონების დამანგრეველი ეფექტი ყველაზე კარგად შოთა ხაჯიშვილმა იცის - ტერმინალ Risoil-ის მფლობელმა ჩერნომორსკის ნავსადგურში. მან 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჯერ მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი კომპანია შექმნა, შემდეგ კი ჩამოაყალიბა მთელი სანავსადგურო იმპერია, რომელიც ომამდე ყოველწლიურად ხუთიდან ექვს მილიონამდე ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა.
ჩვენ ნავსადგურში, ზღვის ნაპირზე ვსაუბრობთ. ირგვლივ დალეწილ-დაგრეხილი ამწეები და სხვა რკინის კონსტრუქციებია მიმოფანტული - ისეთი პეიზაჟია, თითქოს კატასტროფულმა ქარბორბალამ (ტორნადომ) გადაიარაო. ბევრი ელევატორი დანგრეულია, ირგვლივ ხორბალია მიმობნეული. აქვე დგას გვერდგაგლეჯილი ორი დიდი რეზერვუარი, რომლებშიც მზესუმზირას ზეთი ინახებოდა. მათზე დრონის პირდაპირი მოხვედრის შედეგად, მცენარეული ცხიმი პირდაპირ ზღვაში ჩაიღვარა.
„რამდენიმე დღის წინათ აქ კიდევ იდგა რამდენიმე ზეთმზიდი ტანკერი, ახლა კი, როგორც ხედავთ, ნაპირი ცარიელია, ყველაფერი გაჩერებულია. ომისა და დაბომბვების დროს ადამიანების სიცოცხლის დაზღვევას საკუთარ თავზე არცერთი კომპანია არ იღებს. რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს: ადრე ნავსადგურს ერთი დრონი უტევდა, შემდეგ 3-4, ახლა კი მთელი გუნდი ერთდროულად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსებმა ფრთოსანი ბომბებით დაიწყეს შეტევები, რომელთა ჰაერში განადგურება ძალიან რთულია... და თუ ჩამოვარდება, საშინელ ნგრევას იწვევს", - მეუბნება შოთა ხაჯიშვილი.
როცა ერთ დღეს ბიზნესმენის ოფისს რუსული რაკეტა მოხვდა და დააზიანა, მან ახალი ოფისი გახსნა. ცოტა ხნის შემდეგ ღამეული დაბომბვის შედეგად ახალი ოფისიც განადგურდა. შოთა ხაჯიშვილმა დროებითი ოფისი მოაწყო და გვერდით ბეტონის ბომბსაფარიც ააშენა - იმ შემთხვევისათვის, თუ საჰაერო განგაშის დროს ნავსადგურში იქნება. მისი თქმით, ნგრევა უკვე ისეთი დონისაა, დაბომბვა ხვალ რომ შეწყდეს და მუშაობა შესაძლებელი გახდეს, ტერმინალი მხოლოდ 30%-ით თუ იმუშავებს. „ადრე ერთდროულად ხუთი გემის დატვირთვა შეგვეძლო, ახლა კი მხოლოდ ორის დატვირთვას თუ შევძლებთ, დიდი მიღწევა იქნება", - ამბობს შოთა.
შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის შეზღუდვა ომის დაწყებისთანავე დაიწყო, 2022 წლიდან, მაგრამ როცა რუსეთის სამხედრო ფლოტმა დიდი დანაკარგები განცადა, მოსკოვი გაეროს ინიციატივაზე დათანხმდა და „მარცვლეულის დერეფანი" ამოქმედდა. მოგვიანებით, 2023 წელს კრემლმა შეთანხმება გაწყვიტა, თუმცა უკრაინული ხორბლის ექსპორტი მაინც მეტ-ნაკლებად ივლისამდე გრძელდებოდა.
საკვანძო განსხვავება ამჟამინდელ და წინანდელ მდგომარეობას შორის ისაა, რომ ადრე რუსეთს დრონები არ ჰქონდა და ნაოსნობის ბლოკირება ძირითადად საზღვაო ნაღმებით ხდებოდა. გარდა ამისა, გემებს შესაძლებლობა ჰქონდათ მდინარე დუნაის დელტა გამოეყენებინათ, ახლა კი რუსები დრონებით სატვირთო გემებს დელტაშიც ბომბავენ.
დავუბრუნდეთ ხორბლის ექსპორტის სახმელეთო გზებს: დიახ, როგორც უკვე ვახსენეთ, ექსპორტი რკინიგზით და საავტომობილო ტრანსპორტითაც არის შესაძლებელი, მაგრამ რუსული დრონები ჩასაფრებულები არიან და რკინიგზის ლოკომოტივებსაც (თბომავლებსაც) ანადგურებენ: „ამჟამად ჩვენს ნავსადგურს არცერთი ლოკომიტივი აღარ აქვს", - ამბობს ნიკიტა გრუბოვი, ღრმაწყლიანი ნავსადგურის „იუჟნის" აღმასრულებელი დირექტორი, - „ეს ჩვენი სუსტი წერტილია".
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სარკინიგზო ლოკომოტივების ლიმიტი ამოწურულია, მომწოდებელი კი არ ჩანს. ერთადერთი გზა ისაა, რომ როგორმე უკრაინის რკინიგზის ლიანდაგების სიგანე ევროპულად გააფართოვონ რამდენიმე საკვანძო მონაკვეთზე.
ამასობაში კი უკრაინის ნავსადგურების მუშაობის შეწყვეტით მოსახლეობაც ზარალდება. „ოდესის, ჩერნომორსკისა და სხვა შავიზღვისპირა ქალაქების ეკონომიკა ნავსადგურებით განისაზღვრება", - ამბობს შოთა ხაჯიშვილის ვაჟი ტარიელი, რომელიც გემების ბროკერად მუშაობს, - „თუ პორტების უმოქმედობა გაგრძელდება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც უმუშევარი იქნება. რუსები ცდილობენ გათბობის, წყლის, ელექტროენერგიის და სამუშაოს გარეშე დაგვტოვონ".
