
“რუსეთი ცდილობს აშშ-სა და უკრაინისაგან დათმობებს მიაღწიოს და მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დროს იგებს”-The New York Times
ამერიკის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი ცდილობს აშშ-სა და უკრაინისაგან დათმობებს მიაღწიოს და მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დროს იგებს“ (ავტორი – პოლ სონი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შედეგები და რუსეთის პრეტენზიები – თუ როგორ სარგებლობს კრემლი სიტუაციით და რატომ ეთანხმება დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
დააკვირდით მხარეთა პოზიციებს: უკრაინამ ჩათვალა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტას მიაღწია. რუსეთმა განაცხადა, რომ ჯერ ეკონომიკური სანქციები მომიხსენით და ცეცხლს შემდეგ შევწყვეტო. ამერიკა კი საერთოდ არ ახსენებს ვადებს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთი და იგივეს იმეორებს – სისხლის ღვრა შეწყვიტეთო.
წინააღმდეგობრივი განცხადებები, რომლებმაც ამ კვირაში გაიჟღერა ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, იმ არეულ-დარეული პროცესის გამოხატულებაა, რომლითაც, ექსპერტ-ანალიტიკოსების თქმით, კრემლი დროს აჭიანურებს და ამით იგებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განზრახული ჰქონდა რიგი შეთანხმებების დადება ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებში, რათა გზა გაეკვალა ფართო დაზავებისაკენ და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ, მაგრამ დღემდე ამ ეტაპობრივი შეთანხმებების დახმარებით ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთი იყო მოგებული – სარგებლობდა რა იმით, რომ თეთრი სახლი მშვიდობისმყოფელის სახელის მოპოვებას ესწრაფვის და ამიტომ კრემლს ბევრ საკითხში უთმობს.
სამშაბათს, საუდის არაბეთში მოლაპარაკების შემდეგ, როცა თითქოსდა მხარეები შეთანხმდნენ შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, მოსკოვმა მოულოდნელად განაცხადა, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, როცა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკს („როსსელხოზბანკ“) სანქციებს მოუხსნიან და მას „სვიფტის“ სისტემაში ჩართავენ. თუ ვაშინგტონი კრემლის პრეტენზიას დათანხმდება და ამ მიზნით ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათაც ამერიკას მიბაძონ, მაშინ შავ ზღვაზე დაზავება უფრო მეტ სარგებელს მოსკოვს მოუტანს, ვიდრე კიევს.
გავიხსენოთ, რომ შავ ზღვაზე დაზავების მოლაპარაკების წინ რუსეთმა და უკრაინამ, აშშ-ის შუამავლობით, კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმეს – ერთმანეთის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დაბომბვების 30-დღიანი მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე. ეს შეთანხმებაც მოსკოვისთვის არის სასარგებლო, რადგან რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობბაზებს და გაზსაცავებს უკრაინის დრონები წარმატებით ანადგურებდნენ, თუმცა, რადგანაც კონტროლის მკაფიო მექანიზმი შემუშავებული არ ყოფილა, მხარეებმა ერთმანეთისათვის ბრალდებების წაყენება დაიწყეს შეთანხმების პირობების დარღვევაში.
მარტის დასაწყისში კრემლმა ასევე ფაქტობრივად უარყო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ამერიკული ინიციატივა, რომელზეც კიევი დათანხმდა. ვლადიმერ პუტინმა შემხვედრი მოთხოვნები წამოაყენა: უკრაინამ მობილიზაცია უნდა შეაჩეროს და უარი უნდა თქვას იარაღის იმპორტზე. რასაკვირველია, ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში უკრაინა მოწყვლადი იქნებოდა, თუ ომი განახლდებოდა.
„აშკარად ჩანს, რომ რუსები დროს აჭიანურებენ და ეს მათ კარგად გამოსდით“, – თქვა ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელმა ვაშინგტონში დენიელ ფრიდმა, რომელიც წარსულში რუსეთთანაც ატარებდა მოლაპარაკებებს, – რუსები რეზინას ჭიმავენ და ზედიზედ აყენებენ პირობებს, რათა ჩვენ ამ სირთულეების გადაწყვეტაში „ჩავეფლოთ“.
სამშაბათს დონალდ ტრამპმა რუსეთის ტაქტიკა აღიარა, მაგრამ კრიტიკისაგან თავი შეიკავა. იგი თვლის, რომ მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის სურვილი ნამდვილად აქვს, თუმცა, შესაძლოა „დროს მართლაც აჭიანურებენ“ რიგი მიზეზების გამო. შემდეგ მან გაიხსენა, რომ თვითონაც არაერთხელ უსარგებლია მსგავსი მიდგომით საქმიანი მოლაპარაკებების დროს, როცა კონტრაქტის პირობები არ მოსწონდა, მაგრამ სურდა „თამაშში დარჩენილიყო“.
რუსეთმა მოლაპარაკების გასაგრძელებლად მთელი რიგი მოთხოვნები წამოაყენა, რომელთაგან რამდენიმეს შესრულება სრულიად შეუძლებელია. მაგალითად, მოთხოვნისა, რომ დაბრუნდებოდნენ 2022 წლის შეთანხმებას, რომელიც გაეროს მხარდაჭერით დაიდო (მარცვლეულის ექსპორტი სპეციალური საზღვაო დერეფნით) და რომლის ძალითაც, რუსეთს გემების გაკონტროლების უფლება ჰქონდა. (…)
დონალდ ტრამპი სიტყვით თითქოსდა „დაემუქრა“ რუსეთს, რომ თუ კრემლი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამდა მშვიდობის დასამყარებლად, ასეთ ჯიუტობას მოსკოვისათვის ნეგატიური შედეგები მოჰყვებოდა. საერთოდ, მსგავსი დამუქრებები ადრეც ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია. ამის ნაცვლად თეთრმა სახლმა დაუჯერა ვლადიმერ პუტინის განცხადებებს, რომ მას დიდი სურვილი აქვს კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აცხადებდა, რომ რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის განახლებას დიდი მნიშვნელობა ექნება ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე იმის კიდევ ერთ დადასტურებად ჩათვალა, რომ კრემლი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დათმობა მიიღოს ამერიკისგან და უკრაინისგან, თავის ჭეშმარიტ ზრახვებს კი მალავს.
არაფერი არ მიანიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა თავის მიზანზე უკრაინის მთლიანი დამორჩილების შესახებ. მას ძველებურად სურს უკრაინა ისეთ სატელიტ ქვეყნად გადააქციოს, რომელიც რუსული ჩექმის ქვეშ იქნება მოქცეული. იგი რეგულარულად ხაზს უსვამს, რომ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე წარმატებებს აღწევს და ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ კიევისათვის არის სასარგებლო, თუმცა იმავდროულად პუტინს აწყობს სწრაფი დაახლოება ტრამპის ადმინისტრაციასთან და ამერიკელებს ერთობლივ პროექტებს სთავაზობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში და არქტიკული საზღვაო გზის ათვისების თანამშრომლობაში.
მოსკოვის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ირგვლივ საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში შესრულდეს – თუნდაც იმიტომ, რომ ზემოთ ხსენებული „როსსელხოზბანკის“ „სვიფტის“ სისტემაში ჩართვისათვის აუცილებელია არა მარტო აშშ-ის, არამედ მისი ევროპელი მოკავშირეების თანხმობაც, რაც საკმაოდ რთულია – ისინი გაღიზიანებულები არიან იმით, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის მათ არ დაუძახეს.
ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრე კოლიანდრი თვლის, რომ ბანკის მიმართ სანქციების მოხსნა მოსკოვს სერიოზულ მოგება-სარგებელს მოუტანს. „რუსებს სურთ სანქციები მოეხსნას ერთ-ერთ მსხვილ ბანკს, რომელსაც სახელმწიფო ფლობს. იმიტომ, რომ როგორც კი ბანკი სანქციებისაგან თავისუფალი იქნება, მისი მეშვეობით კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რაც მოსურვება – გარიგებების დადებას, თანხის გადარიცხვებს ერთი ქვეყნიდან მეორეში, იმპორტის ფასის გადახდას დოლარებში და რაც მთავარია, თავიანთი პროდუქციის ექსპორტშიც დოლარებს მიიღებენ“, ამბობს ალექსანდრე კოლიანდრი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვი, ვაშინგტონი და კიევი თავიანთ უთანხმოებას მოაგვარებენ, ეს მხოლოდ სტატუს-ქვოს დადასტურება იქნება: უკრაინას 2023 წლის ბოლოდან შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს, რუსეთს კი მარცვლეულიც გააქვს და ნავთობიც, თუმცა შეზღუდულად. შესაბამისად, შეთანხმება ადასტურებს იმას, რაც უკვე ხდება. „ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, – ამბობს ანალიტიკური კომპანიის „სოვეკონის“ დირექტორი ანდრეი სიზოვი, – ჩემი აზრით, პირიქით არის. ეს იმას აჩვენებს, რომ პროგრესი სრული დაზავებისაკენ და ცეცხლის სრული შეწყვეტისაკენ ძალიან მოკრძალებულია, თუ ის საერთოდ არსებობს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ