
რომაული შეხვედრა: ცეცხლის შეწყვეტა ახლოსაა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვებას არ ნიშნავს – The Daily Telegraph
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რომაული შეხვედრა: ცეცხლის შეწყვეტა ახლოსაა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვებას არ ნიშნავს“, რომლის ავტორია რიჩარდ კემპი, გადამდგარი პოლკოვნიკი, სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი. იგი კომენტარს უკეთებს რომში გამართულ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას და წერს, რომ თვით ფაქტი პოზიტიურია, მაგრამ ეს ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რომის პაპის სიკვდილმა დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირველად შეახვედრა იმ ავადსახსენებელი თებერვლის ინციდენტის შემდეგ, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. 15-წუთიანმა შეხვედრა-საუბარმა წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკის სულის მოთქმის შესაძლებლობა მისცა და ოპტიმიზმი ჩაუნერგა: მან თავის კოლეგასთან გამართულ რანდევუს „პოტენციურად ისტორიული“ უწოდა, მოვლენების პოზიტიურად განვითარების მოლოდინით.
როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც სურდა საუბარში მონაწილეობა, მესამე სკამიც კი დადგეს, მაგრამ დონალდ ტრამპმა ფრანგი ლიდერი მკვეთრად მოიცილა თავიდან. შესაძლოა, ეს კარგიც არის, რადგან სწორედ ევროპელმა ლიდერებმა მოამზადეს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრისთვის, რომელმაც ესოდენ წარუმატებლად ჩაიარა.
ვლადიმერ პუტინი დაკრძალვას არ ესწრებოდა. იგი სამჯერ შეხვდა პაპ ფრანცისკას უკრაინაში შეჭრამდე, მაგრამ უარყო მისი წინადადება მოსკოვში ჩასვლაზე შეჭრის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ წინამორბედს იოსებ სტალინს, როცა მან უინსტონ ჩერჩილის ნათქვამი მოისმინა ვატიკანთან და პაპთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ბრიტანელი პრემიერისათვის ხუმრობით უკითხავს – „რამდენი დივიზია ჰყავს რომის პაპს?“. ამბობენ, რომ როცა სტალინის ნათქვამი პაპ პიუს XII-ს აცნობეს, მას ასეთი პასუხი გაუცია: „გადაეცით შვილსა ჩემსას იოსებს, რომ იგი პაპის დივიზიებს ზეცაში შეხვდებაო“.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმისტური კომენტარები მოწმობს, რომ პაპ ფრანცისკას ზეციური ძალები („დივიზიები“) სიმბოლურად უკრაინის მხარეზე არიან.
თუმცა ამ ეტაპზე უკრაინის მხრიდან დათმობები გარდაუვალია. რუსეთი, უეჭველია, მოწინააღმდეგეს თავისი უპირატესობით სჯობნის – კიევი იფიტება და სისხლისაგან იცლება. დონალდ ტრამპი არ ჩაერევა უშუალოდ ამ ომში და იმ წარმოუდგენელი სცენარის შემთხვევაშიც კი, თუ იგი უეცრად განაცხადებს უკრაინაში ამერიკის არმიის ქვედანაყოფების განთავსების სურვილს (ერთადერთი, რასაც პუტინის შეჩერება შეუძლია), მან კარგად იცის, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები მას არ მიბაძავენ და ბრძოლებში არ ჩაებმებიან – იმიტომ, რომ მათ ძალიან ცოტა აქვთ საბრძოლო მასალები და კიდევ იმიტომ, რომ ათეული წლების განმავლობაში მათ გამბედაობა არ ჰყოფნიდათ თვითონ ეზრუნათ საკუთარი ხალხების დაცვაზე და ახლა შორეული ქვეყნის დასაცავად „ხელში შაშხანას არ აიღებენ“.
უკრაინელების მხრიდან გამოვლენილი საოცარი გმირობისა და მზარდი სამხედრო პოტენციალის მიუხედავად (განსაკუთრებით დრონების წარმოების თვალსაზრისით), ქვეყანა მოკავშირეთა დაუხმარებლად მტერს წინააღმდეგობას მარტოდმარტო დიდხანს ვერ გაუწევს.
როგორც ჩანს, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკება დავიწყოთ ტრამპის ბოლო სამშვიდობო წინადადების საფუძველზე. სამწუხაროა, რომ თეთრი სახლის სამშვიდობო გეგმა უკრაინისათვის მომგებიანი არ არის, კიევი თავის ტერიტორიებს კარგავს. თუ ვაშინგტონში გაცხადებულ ხმაურიან განცხადებებს დავუჯერებთ, ვლადიმერ პუტინი, ალბათ, დონალდ ტრამპის წინადადებებს დათანხმდება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას არს სურს თავს დაიტეხოს ახალი ამერიკული სანქციები.
ვლადიმერ პუტინს უწევს ბალანსირება ომის გაგრძელებასა და იმ ზიანს შორის, რასაც ომი რუსეთის ეკონომიკას აყენებს, მაგრამ თუ ცეცხლის შეწყვეტა იმ პირობებით მოხდება, რასაც დონალდ ტრამპი სთავაზობს, კრემლის პოზიცია უეჭველად განმტკიცდება. მოსკოვს უჩნდება შესაძლებლობა, რომ რუსებს დაზავება გამარჯვებად მოაჩვენოს. არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ ომმა რუსეთს უდიდესი ზარალი მიაყენა და მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცა.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი მდგომარეობა მყიფე იქნება. თუ იგი ცეცხლის შეწყვეტას ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დათმობით დაეთანხმება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისევ უკრაინის პრეზიდენტად დარჩეს. ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, აქტიურად მოემზადება თავისი მტრის ასეთი დასასრულისთვის და გეგმებს ადგენს იმ სავარაუდო ქაოსით ისარგებლოს, რაც უკრაინაში, ალბათ, დაიწყება.
უკრაინისა და მთლიანობაში დასავლეთის მომავალი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება. ნატომ დაადასტურა, რომ „ქაღალდის ვეფხვია“ და მეტი არაფერი, ანუ ისეთი, როგორსაც ვლადიმერ პუტინი თვლიდა. ვაშინგტონის ხელშეკრულების კეთილშობილი მე-5 პუნქტის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს წევრები გაჭირვებაში ჩავარდნილი რომელიმე თანაალიანსელი კოლეგის დასახმარებლად (საბრძოლველად) თავიანთ ჯარს გაგზავნიან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მათ კრემლი დარტყმას ისევ მიაყენებს.
იმის ნაცვლად, რომ დონალდ ტრამპი გააკრიტიკონ და საყვედური უთხრან იმ მძიმე მდგომარეობისათვის, „როგორშიც მან ევროპა ჩააყენა“, ევროპის ქვეყნებმა უმჯობესია საკუთარ თავდაცვას მიხედონ და მეტი ფული დახარჯონ ათწლეულების განმავლობაში, ცივი ომის შემდეგ, უზრუნველი ცხოვრებით დაკარგული ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, სამხედრო პოტენციალის აღდგენას დიდი თანხები დაჭირდება, რაც, უეჭველია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაურესებას გამოიწვევს, შემცირდება მათ მიერ საერთაშორისო დახმარების გაწევა სხვა ქვეყნებისადმი, თუმცა, სამაგიეროდ, აღარ იქნება „უძირო ორმოები“, სადაც ევროპა დიდ ფულს ყრიდა. ასეთი ძალისხმევა იმასაც გულისხმობს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს თვითშეწირვისთვისაც, თუ ეს აუცილებელი გახდება. ეს იქნება ყველაზე დიდი გამოცდა იმ საყოველთაო კეთილდღეობის წლების შემდეგ, რასაც ევროპის მოსახლეობა განიცდიდა. თუ მათ არ სურთ უარეს დღეში მოხვედრა, საკმარისია ყურადღებით შეხედონ ალყტერნატივას – უკრაინის მდგომარეობას – და წინასწარ მოემზადნონ მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად.
ვლადიმერ პუტინი დღეს შექმნილ სიტუაციაში თავისი მომავალი აგრესიისათვის მწვანე შუქის ანთებას ხედავს. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზეც, ირანზეც და ნებისმიერ სხვა დესპოტური რეჟიმების მიმართაც, რომლებიც დასავლეთს უპირისპირდებიან. არაფერი არ არის სასიხარულო აშშ-უკრაინის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებაში, თუ საბოლოო შედეგი – ღალატი – ისევ უცვლელი დარჩება.
და როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი?
რამდენად საშინელი არ უნდა იყოს ის სიტუაცია, რომელშიც დღეს ევროპა და უკრაინა აღმოჩნდა, ჯერ-ჯერობით მისი ალტერნატივა ჰორიზონტზე არ ჩანს. სკამებზე მჯდარი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთისაკენ დახრილი სახეები წმინდა პეტრეს ტაძარში, ალბათ, მართლაც მხოლოდ სიმბოლური და ჩვენი თანმდევი იქნება სამომავლოდ, დიდი ხნის განმავლობაში.