1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს” -რა წერს უცხოური პრესა
“როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს” -რა წერს უცხოური პრესა

“როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს” -რა წერს უცხოური პრესა

463
0

არაბთა გაერთიანებული საემიროების გაზეთ „ალ ხალიჯი“ (Al Khaleej // الخليج) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს“ (ავტორი – სალაჰ ალ-გული), რომელშიც გადმოცემულია მომავალი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ და პრობლემების მოგვარების ამერიკული გეგმა (დონბასისა და ყირიმის სავარაუდო სტატუსის ჩათვლით).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორი ცვლილებები მოხდება უკრაინის ფრონტზე და უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკაში, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, 5 ნოემბერს, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის მოკლე მიმოხილვა და დასკვნის გაკეთება.
რა ხდება დღეს უკრაინის ფრონტზებზე? მთავარ, აღმოსავლეთისა (დონბასი) და დამხმარე – სამხრეთისა (ზაპოროჟიე-ხერსონი) და ჩრდილოეთის (ხარკოვი-კურსკი) ფრონტებზე ამჟამად ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით დონბასში. რუსეთის არმია წინ მიიწევს, უკრაინელები უკან იხევენ და ქალაქებს ტოვებენ. მხარეები ერთმანეთს ურტყამენ დრონებითა და რაკეტებით, რუსებს უპირატესობა აქვთ ავიაციაში, რომლის მეშვეობით შორი მანძილიდან უკრაინის არმიის პოზიციები და ფრონტისპირა ქალაქები იბომბება პლანერული (ე.წ. „მფრინავი“) ბომბებით. რაც შეეხება რუსეთის კურსკის ოლქში აგვისტოში შეჭრილი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს, ისინი დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. კიევი, ალბათ, ფიქრობს მათ გაყვანას, მაგრამ აჭიანურებს და მოვლენების განვითარებას აკვირდება, რაღაც მნიშვნელოვანს ელოდება – განსაკუთრებით აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნაწილობრივ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი დადებითად უყურებს რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს და აღნიშნავს, რომ იგი ძლიერი ხელმძღვანელია, რომელიც, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მტკიცებით, უკრაინის ომი არ დაიწყებოდა, იგი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო 2020 წლის არჩევნების შედეგადაც. რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ თუ იგი ამჟამინდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ომს სწრაფად დაასრულებს: მისი თქმით, ომი ამერიკის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს (უკრაინისათვის გაწეული დახმარება – 84 მილიარდი დოლარი რომ უშუალოდ აშშ-ის ეკონომიკას მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა) და ძირს უთხრის აშშ-ის ლიდერობას, რომელსაც ძლიერი მეტოქე ჰყავს ჩინეთის სახით.
მოკლედ, დონალდ ტრამპს აქვს გარკვეული საიდუმლო გეგმა „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე“, რომლის თანახმად (გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით), პირველი ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტა მხარეთა მიერ, მეორე – სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივი დაწყება (დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ვლადიმერ ზელენსკიზე და ვლადიმერ პუტინზე), მესამე – ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა (ტყვეების გაცვლის დასრულება, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფრონტისპირა რეგიონებში) და ბოლოს, ყველა სადაო პრობლემის განხილვის დაწყება.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული წყაროების თქმით, გეგმის თანახმად, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმზე. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, დონალდ ტრამპი საჯაროდ გამოაცხადებს პოლიტიკურ გარიგებას დონბასის სტატუსის შესახებ, რომელიც ასეთი სახით გამოიყურება: რუსეთი თავის ჯარებს უკან ახევინებს უკრაინის იმ საზღვრებზე, რომელიც 2022 წლის 22 თებერვლამდე არსებობდა; მოსკოვი განაცხადებს, რომ კრემლი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და აუქმებს ბრძანებულებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიღების თაობაზე. თავის მხრივ, უკრაინა „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს“ უზრუნველყოფს ფართო ავტონომიით, ვთქვათ, ფედერალური რეგიონის სტატუსით, ან ისეთით, როგორიც აქვს ერაყში ქურთისტანს; რაც შეეხება ამერიკის ნაბიჯებს: ვაშინგტონი გამოაცხადებს, რომ აუქმებს ყველა გამოცხადებულ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, დაიწყებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის მოგვარებას. აშშ აღიარებს რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს უკრაინის მიმართ, კერძოდ, იღებს ვალდებულებას, რომ უკრაინა ნატოს წევრად არ იქნება მიღებული.

რასაკვირველია, „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა“, რომელიც განხორციელებული იქნება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროუკრაინულ კოალიციაში განხეთქილებას გამოიწვევს, ასევე გაიზრდება აშშ-ჩინეთის დაპირისპირების ესკალაციის ალბათობა, თუმცა ეს უკვე სამომავლო პრობლემას წარმოადგენს და მას ცალკე განხილვა დაჭირდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: