“როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული“ – ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული.
„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება – როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ.
შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.