1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს
„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

166
0

„ქართული ოცნება” “ევროპის სოციალისტურ პარტიას” ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ “ევროპის სოციალისტური პარტიის” დამკვირვებელი წევრის სტატუსი და “ევროპის სოციალისტურ პარტიასთან” დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც “ევროპის სოციალისტურ პარტიას” დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე. ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია „ქართული ოცნების“, ისევე როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

„ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო. გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობაიხძის განმარტებით, დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას აქვს დასახული.