ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს" (Le Figaro) 5 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "როგორ მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო, რომლითაც დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენთა მიერ მიღებულ კანონპროექტებს ემუქრება", რომლის ავტორი - ვიქტორ მერა დონალდ ტრამპის სამომავლო მუშაობის სპეციფიკას იხილავს:    შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ყველაფერს ვეტოს დააადებს". რას ნიშნავს პრეზიდენტის ვეტო და რამდენჯერ ისარგებლეს ამ ინსტრუმენტით აშშ-ის პრეზიდენტებმა?

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„ვეტო" - ამ სიტყვას დონალდ ტრამპი უკვე მუდმივად იმეორებს. რესპუბლიკელებმა ნამდვილი გამანადგურებელი მარცხი განიცადეს: დემოკრატებმა უმრავლესობა მიიღეს როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ოთხშაბათს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ყველაფერს ვეტოს დაადებს". თეთრი სახლის ბინადარma თავისი სტილის ერთგულება გამოამჟღავნა და სოციალურ ქსელში ბეისბოლის წითელი ქუდი გამოაქვეყნა თეთრი წარწერით „ვეტო". ჯერ კიდევ არჩევნებამდე, კვირას, პრეზიდენტი ირონიულად ამბობდა, რომ იგი შეიძლება „მისტერ ვეტო" გახდეს.

 

„მე ვეტოს უფლება მაქვს, რაც პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უფლებამოსილებაა. როცა ერთი-ორჯერ ვეტოთი ვისარგებლებ, ისინი თვითონ მოვლენ ჩემთან მოსალაპარაკებლად, თუ როგორ შეიძლება ერთად ვიმუშაოთ. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ მე დემოკრატებს შორის ძალიან კარგი მეგობრები მყავს, ზოგიერთებს უკვე ტელეფონით ვესაუბრე", - განაცხდა დონალდ ტრამპმა ტელეარხ „ფოქს ნიუსისადმი" მიცემულ ინტერვიუში. თუმცა მან აღიარა თავისი პარტიის დამარცხება  და პოლიტიკური ოპონენტების - დემოკრატების - მუშაობა დადებითად შეაფასა.

 

პრეზიდენტი კონგრესის მხარდაჭერის გარეშე დარჩა - ეს უკვე გასაგებია, მაგრამ როგორ მუშაობს პრაქტიკაში „ვეტოს" მექანიზმი?

 

კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, ის კონგრესის ორივე პალატისგან უნდა იყოს მხარდაჭერილ-მიღებული, შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ვეტოს უფლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ნებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს ხელი შეუშალოს კანონის მიღებას. ეს უფლება რეგლამენტირდება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით. არსებობს ვეტოს ორი სახე: ჩვეულებრივი, ანუ შემკავებელ-გადადებითი  და ე.წ. „ჯიბის ვეტო".

 

შემაკავებელი (გადადებითი) ვეტო

 

ჩვეულებრივი ვეტო, როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზეა განმარტებული, გამოიყენება იმ დროს, როცა პრეზიდენტი „უარზეა ხელი მოაწეროს კანონპროექტს და მას უკან, კონგრესში აბრუნებს თავისი შენიშვნებით". თეთრი სახლის ბინადარს ამ პროცედურისთვის (კონგრესში კანონპროექტის დაბრუნებისთვის) 10 დღის ვადა აქვს. როცა კონგრესი პრეზიდენტის მიერ უარყოფილ დოკუმენტს უკან მიიღებს, კონგრესმენები ახდენენ ვეტოს გადალახვის პროცედურის ინიცირებას. ამისათვის საჭიროა, რომ „კანონპროექტს ხმა მისცეს ყოველი პალატის წევრთა ორმა მესამედმა". თუ კენჭისყრა წარმატებით დასრულდება, დოკუმენტი კანონად პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშეც გადაიქცევა. მაგრამ საქმე ისაა, რომ „ლურჯი ტალღის" (გამარჯვების) შემდეგაც კი დემოკრატები ძალიან შორს არიან კვალიფიციური უმრავლესობისაგან, ანუ პრეზიდენტის ვეტოს გადასალახავად ისინი კონგრესში ხმების ორ მესამედს ვერ მოაგროვებენ.

 

„ჯიბის ვეტო"

 

„ჯიბის ვეტოს" სიტუაცია იმ დროს წარმოიქმნება, „როცა პრეზიდენტთან კანონპროექტი მიდის, მაგრამ მას არ შეუძლია 10 დღის განმავლობაში მისი უარყოფა და კონგრესში დაბრუნება, თუ კონგრესი მუშაობას შეწყვეტს'. ასეთი კანონპროექტი იურიდიულ ძალაში ვერ შევა, რადგან მასზე პრეზიდენტის ხელმოწერა არ იქნება. კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ „თუ კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ 10 დღის განმავლობაში (კვირა დღის ჩაუთვლელად) არ იქნება [კონგრესში] დაბრუნებული, ის კანონად იქცევა მისი ხელმოწერის გარეშეც. გამონაკლისი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი თავის მუშაობას შეწყვეტს [ანუ პრეზიდენტი კანონპროექტს მუშაობა შეწყვეტილ კონგრესს ვერ დაუბრუნებს]. ამ შემთხვევაში კანონპროექტი კანონი ვერ გახდება". ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლებს მოუწევთ დაელოდონ შემდეგ სესიას, რომ ახალი კანონპროექტი მიიღონ.

 

გადადებითი ვეტოსაგან განსხვავებით, „ჯიბის ვეტოს" გადალახვა კონგრესს არ შეუძლია. დროთა განმავლობაში პრეზიდენტები ამგვარ ვეტოს იშვიათად იყენებდნენ. პირველი პრეზიდენტი, ვინც ამ ვეტოთი ისარგებლა, ჯეიმს მედისონი იყო, აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი, 1809-1817 წლებში, ხოლო ბოლო - ბილ კლინტონი, რომელიც აშშ-ის მეთაური 1993-2001 წლებში იყო.

 

2599 ვეტო 1789 წლიდან

 

სენატის მონაცემებით, 1789 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტებმა კანონპროექტებს ვეტო 2599-ჯერ დაადეს, რომელთაგან 1066 „ჯიბის ვეტო" იყო, ანუ საერთო რაოდენობის 41%. შედარებისათვის: იმავე პერიოდში კონგრესმა პრეზიდენტის ვეტოებიდან მხოლოდ 112 გადალახა, მათგან მხოლოდ 7,3% იყო გადადებითი.

 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ორივე ვადის გათვალისწინებით, მან დღემდე ვეტოს უფლება 12-ჯერ გამოიყენა. 2019 წელს პრეზიდენტმა ორჯერ უარყო კონგრესის მცდელობა გაეუქმებინა ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა  და ამით გააგრძელა კედლის მშენებლობა მექსიკასთან საზღვარზე. კიდევ ერთი ვეტო დონალდ ტრამპმა დაადო სენატის განზრახვას შეწყვეტილიყო აშშ-ის მონაწილეობა იემენში მიმდინარე კონფლიქტში.

12 ვეტო - იმდენივეა, რამდენიც ბარაკ ობამამ გამოიყენა 2009-2017 წლებში და ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 2001-2009 წლებში. ყველაზე ხშირად ვეტოს უფლებით სარგებლობდა ფრანკლინ დელანო რუზველტი (635-ჯერ 1933-1945 წლებში), გროვერ კლივლენდი (584-ჯერ 1885-1889 და 1893-1897 წლებში), ჰარი ტრუმენი (250-ჯერ 1945-1953 წლებში).

 

წყარო: