1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ “მოიშინაურა” და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა”-BBC
“როგორ “მოიშინაურა” და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა”-BBC

“როგორ “მოიშინაურა” და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა”-BBC

401
0

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანის „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „როგორ „მოიშინაურა“ და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა“ (ავტორი – მაგერამ ზეინალოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა ჟურნალისტები უცხოეთიდან ფულს იღებენ, მაგრამ როცა ორი ათეული წლის განმავლობაში ადგილობრივი აზერბაიჯანული დამოუკიდებელი პრესა აუტანელ ვითარებაში იმყოფებოდა, ჟურნალისტები იძულებულნი გახდნენ სპონსორები საზღვარგარეთ, ევროპაში ეძებონ. სამწუხაროდ, ახლა უკვე ეს წყაროც დაშრა – უცხოეთიდან ფულის მიღება უკანონო გახდა, ათობით ჟურნალისტი კი დააპატიმრეს. თვითონ განსაჯეთ: ამჟამად აზერბაიჯანში 300-მდე პოლიტპატიმარია, ანუ იმდენი, რამდენიც ილჰამ ალიევის მმართველობის დროს არასოდეს არ ყოფილა.

პატიმრებს შორის არიან როგორც ჟურნალისტები, ასევე უფლებადამცველები, პარტიული აქტივისტები და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებიც.

როცა ახლახან, ნოემბერში, ბაქოში გაეროს კლიმატური სამიტი გაიმართა, ზოგიერთებს ეგონათ, რომ უცხოელი სტუმრების  ყოფნა და აზერბაიჯანის სურვილი, რომ მსოფლიოსათვის თავისი დემოკრატიულობა ეჩვენებინა, გამოიწვევდა იმას, რომ პრეზიდენტი ციხიდან ათობით ჟურნალისტს გამოუშვებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. სხვები ამბობდნენ, რომ სამიტის დასრულების შემდეგ დაჭერა-დაპატიმრებები გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, მათი ნათქვამი გამართლდა…

„უცხოელი აგენტები“ აზერბაიჯანულად…

ჯერ კიდევ 2014 წელს, შემდეგ კი 2022 წელს აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც სერიოზულად ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.

2014 წლის კანონის „უცხოური გრანტების შესახებ“ თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებულიყვნენ. იმ ხანებში აზერბაიჯანის 50-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ დატოვა.

2022 წლის კანონმა ბევრ ჟურნალისტებს საერთოდ აუკრძალა უცხოეთიდან ფულის მიღება და ვინც იღებდა, დაავალდებულა ისინი რეგისტრაცია გაევლოთ ერთიან სახელმწიფო რეესტრში, ნასამართლევები არ ყოფილიყვნენ და სახელმწიფოსათვის უამრავი პირადი ხასიათის მონაცემი მიეწოდებინათ. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ კანონით ფაქტობრივად ჟურნალისტები სახელმწიფო ჩინოვნიკებთან არიან გათანაბრებულები.

როგორ „ასწავლიან“ პრესას „სამშობლოს სიყვარულს“…

„როცა დამიჭირეს, პოლიციის განყოფილებაში მკითხეს – რატომ არ წერ ყარაბაღზე და რატომ წერ კორუფციის შესახებ?“, – ამბობს ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი ულვი ჰასანლი, ერთ-ერთი აზერბაიჯანული მასობრივი მედიასაშუალების ხელმძღვანელი. ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისათვის  ერთ-ერთ ნებადართულ თემას წარმოადგენს, სტატიებს ძირითადად აზერბაიჯანისა და მისი პრეზიდენტის სადიდებელი ხასიათი აქვთ. ასეთ ჟურნალისტებს ხელისუფლება პრემიას და საცხოვრებელ ბინებს აძლევს.

დანარჩენი დამოუკიდებელი ჟურნალისტებს ხშირად უწევთ საყვედურების მოსმენა „ზემოდან“, რომ ისინი უცხოეთზე მუშაობენ და უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან. მაგრამ როცა ხელისუფლება ზღუდავს, თუ ისინი „პარტიულ ხაზს“ არ დაიცავენ, რა უნდა ქნან ამ დროს იმ ჟურნალისტებმა? მათ არჩევანი აღარ რჩებათ.

უკვე მრავალი წელია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასმედიას შემოსავლების წყაროს ართმევს, პრესის გავრცელების ინდუსტრია მონოპოლიზებული აქვს და არასაიმედო მასმედიის საშუალებებში მსხვილ კომპანიებს რეკლამირებას უკრძალავს. სხვათა შორის, ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეზობელ საქართველოშია დასაქმებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლება გამუდმებით აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლებაო, მაგრამ ბაქოს დეკლრაციებს ცოტა თუ ვინმე უჯერებს. ოფიციალურად, ამჟამად აზერბაიჯანში 5 ათასამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალება მუშაობს, მათგან 25 ტელეკომპანიაა, ხოლო 16 – რადიოსადგური. ხელისუფლებას ხშირად ასახელებს ამ ციფრს და ამით სურს იმის დამტკიცება, რომ აზერბაიჯანში პლურალისტური საზოგადოებაა, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. მართალია, პოპულარული ტელეარხების უმრავლესობა კერძოა, მაგრამ მათ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი და მთავრობასთან ახლოს მდგომი პიროვნებები აკონტროლებენ – ისინი ძალიან ხშირად ყოფილი ჩინოვნიკები არიან. მაგალითად, ტელეარხ ARB-ს ხელმძღვანელობს ისმეთ სატაროვი, რომელიც მანამდე ჰეიდარ ალიევის ფონდში მუშაობდა, უფრო ადრე კი ტელე- და რადიომაუწყებლობის საბჭოში, რომლის უფლებებში მაუწყებლებისათვის ლიცენზიების გაცემა შედის.

აზერბაიჯანული ტელევიზიების ჩვეულებრივი ეთერია მუსიკალური გადაცემები და თოქ-შოეუები და თუ პოლიტიკაზე რაღაცას მაინც ლაპარაკობენ, ეს ხდება ტრადიციული კლიშეებით, ვთქვათ, „მეგობარი თურქეთი“ და „მტერი სომხეთი“.

აზერბაიჯანში ყველას ახსოვს ჟურნალისტი ჰაჯიჯა ისმაილოვა, რომელმაც ათი წლის წინ თავისი გამოკვლევით ყველას გააცნო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განყოფილების იმდროინდელ გამგეს ალი ჰასანოვს თურმე მთელი მედიაიმპერია ჰქონდა და მოვლენების მანიპულირებას ახდენდა. ჰაჯიჯას დევნა დაუწყეს, უთვალთვალებდნენ, გამოაქვეყნეს პირადი ხასიათის ვიდეოკადრები, მაგრამ რადგანაც ვერ გააჩუმეს, გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და კოლონიაში ჩასვეს.

„მამა ალიევი უფრო ძლიერი იყო…“

როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ამბობენ, მე-2- საუკუნის დასასრულს და 21-ე საუკუნის დამდეგს (2000-იანი წლების დასაწყისში), როცა ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევი  – ამჯამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მამა იყო, საინფორმაციო სივრცეში შედარებით პოზიტიური სიტუაცია იყო და პრესა-ტელევიზია უფრო თავისუფლად სუნთქავდა“.

იმ დროს ადგილობრივ რადიოსიხშირეებზე მუშაობდა „ბიბისის“ აზერბაიჯანული სამსახური და ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლების“ ბაქოს ბიურო – ისევე როგორც ახლა საქართველოშია. იბეჭდებოდნენ დამოუკიდებელი გაზეთები, მუშაობდა დამოუკიდებელი ტელეარხები, მაგალითად ტელეკომპანია ANS-ის ეთერში ხშირად გადიოდა მწვავე მასალები. მოსახლეობაში გავრცელებული იყო ასეთი ფრაზა: „იცოდე, ახლავე ANS-ს დავურეკავ“.

და მართლაც, 2002 წელს აზერბაიჯანს პრესის თავისუფლების ინდექსში, საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით, 101-ე ადგილი ჰქონდა დაკავებული (მთელი 20 პუნქტით წინ იყო რუსეთზე), დღეს კი 164-ე ადგილზეა – ყველაზე დაბალზე, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თვით რუსეთთან შედარებითაც კი.

იმიტომ, რომ ჰეიდარ ალიევი ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო, რომელსაც დიდი სახელისუფლო გამოცდილება და გზა ჰქონდა გავლილი. მას პასუხისმგებლობა გააჩნდა და იცოდა სიტყვისა და საქმის ფასი. „ილჰამ ალიევი კი გამზადებულზე მივიდა და დაჯდა“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი. ჰეიდარ ალიევის მმართველობის პერიოდში არ მომხდარა არცერთი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ როგორც კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მისი შვილი ილჰამი გახდა, პოპულარული პოლიტიკური ჟურნალის რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი მოკლეს, საქმე დღემდე გაუხსნელია.

„ილჰამი უფრო დაუნდობელია პრესის მიმართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას მკაცრი ხასიათი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის სუსტია როგორც ადამიანი და პოლიტიკოსი. ამ მხრივ მამამისი ჰეიდარი ბევრად ძლიერი იყო“, – ამბობს რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ყოფილი რედაქტორი ჩინგიზ სულთანსოი.

„იცოდეთ, უცხოეთშიც მოგწვდებით…“

ბევრმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროფესია შეიცვალა, ბევრი კი ქვეყნიდან არის გაქცეული ევროპაში და იქაურ გამოცემებში მუშაობენ. მაგრამ ისინიც კი, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

თავის დროზე საკმაოდ გახმაურდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც იძულებული გახდა აზერბაიჯანიდან საქართველოში წასულიყო, მაგრამ 2017 წელს იგი გაიტაცეს, აზერბაიჯანში დააბრუნეს და ციხეში ჩასვეს. ამჟამად იგი თავისუფალია, რადგან აზერბაიჯანზე საერთაშორისო სამართლებრივი ზეწოლა მოხდა, თუმცა მისი საქმე ჯერაც არ არის ბოლომდე გამოძიებული.

იმავე საქართველოში ოთხი თვეა დაპატიმრებულია აფგან მუხთარლის კოლეგა და სეხნია აფგან სადიღოვი, რომელიც აზერბაიჯანში დეპორტაციას ელოდება: აზერბაიჯანელი სამართალდამცველები მას თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის გამო, გაუარესებულია და ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: