1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ გაიგო რაიან რუთმა, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი? – The Daily Telegraph
როგორ გაიგო რაიან რუთმა, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი? – The Daily Telegraph

როგორ გაიგო რაიან რუთმა, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი? – The Daily Telegraph

342
0

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გაიგო რაიან რუთმა, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი?“ // კითხვები, რომლებზეც ჯერ-ჯერობით პასუხები არ არის“ (ავტორი – ბენედიქტ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის გარემოებების გამოძიება გრძელდება, თუმცა პარალელურად საზოგადოებაში გაჩენილია ინტერესი, რომელიც უპასუხოდ რჩება.

„დეილი ტელეგრაფმა“ შეკრიბა ის საკვანძო კითხვები, რომლებიც ამერიკელებს (და არამარტო მათ) აინტერესებს და რომლებზეც სპეცსამსახურებმა პასუხი უნდა გასცენ.

უპირველესი კითხვა: როგორ შეიტყო ეჭვმიტანილმა რაიან უესლი რუთმა, თუ სად იქნებოდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი?

გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ბოროტგანმზრახველმა იმის გაგება, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი. საიდან შეიტყო მან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გოლფს სწორედ პალმ-ბიჩში ითამაშებდა?

ამერიკულ მასმედიას ზოგიერთმა წყარომ შეატყობინა, რომ გოლფის თამაში დონალდ ტრამპისა და ინვესტორ სტივენ უიტკოფის შორის პრეზიდენტობის კანდიდატის დღის წესრიგში ბოლო წუთში იქნა შეტანილი. ოფიციალურ საჯარო განრიგში არავითარი მსგავსი ღონისძიება არ გამოქვეყნებულა. ფლორიდის შერიფის უილ სნაიდერის თქმით, მისი თანამშრომლებიც კი, რომლებმაც რაიან რუთი დააკავეს, გაკვირვებულები არიან, როგორ და ვისი დახმარებით გაარკვია ზუსტად ეჭვმიტანილმა დონალდ ტრამპის თამაშის ადგილი. „ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ აღმოჩნდა იგი გოლფის სათამაშო მოედანთან“, – თქვა მან ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

რით გამოიხატებოდა რაიან რუთის მოტივაცია?

როგორც ირკვევა, რაიან რუთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მისცა, მაგრამ რვა წლის შემდეგ იგი ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი გახდა. იგი იმედგაცრუებული დარჩენილა რესპუბლიკელი პრეზიდენტით და თავის წიგნში, რომელიც რაიან რუთმა 2023 წელს გამოსცა, მას „სულელს“, მასხარას“ და „უტვინოს“ უწოდებს. მაგრამ გაუგებარია, რატომ მივიდა იგი იმ მდგომარეობამდე, რომ დანაშაული ჩაედინა და დონალდ ტრამპი მოეკლა?

მართალია, კომენტატორები რაიან რუთს „რადიკალურ მემარცხენედ“ თვლიან, მაგრამ მისი პოლიტიკური შეხედულებები ძალიან არეულ-დარეულია. მან ხმა 2016 წელს დონალდ ტრამპს მისცა, 2020 წელს ფული დემოკრატიულ პარტიას შესწირა, 2024 წელს კი მხარი დაუჭირა რესპუბლიკელ ნიკი ჰეილის იმაში, რომ პარტიული პრაიმერიზის დროს დონალდ ტრამპისთვის უპირატესობა არ მიეცათ. არადა, მის ავტომობილზე, რომელიც ჰავაიზე მდებარე სახლის ეზოში დგას, ახლაც შემორჩენილია წარწერა „ბაიდენი-ჰარისი“.

მოკლედ, რაიან რუთის პოლიტიკური სეხედულებები ძალიან გაურკვეველია, ხოლო მისი მოტივები ამ დრომდე უცხობი რჩება. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი დუმილს ინარჩუნებს.

რამდენ ხანს იმყოფებოდა ჰავაელი ეჭვმიტანილი ფლორიდაზე?

რაიან რუთი რეგისტრირებულია როგორც ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ფლორიდასაგან შორს მდებარეობს. მისგან განსხვავებით, თომას კრუკსი, რომელმაც დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიმდინარე მიტინგზე გამოსვლის დროს ესროლა, დანაშაულის ადგილიდან შედარებით ახლოს ცხოვრობდა. რაიან რუთის გადაადგილება, კაცმა რომ თქვას, საკმაო დროს მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, გაუგებარი რჩება, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა იგი ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩში, სანამ კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული, გოლფის მოედანთან პოზიციას დაიკავებდა.

„ეფ-ბე-აი“-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ენდრიუ მაკეიბის თქმით, მოხდარი შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჯავშანჟილეტი, ცეცხლსასროლი იარაღი და გადამღები აპარატურა იმას მოწმობს, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმა მაღალ დონეზე დაგეგმა.

რატომ ვერ შენიშნა დაცვამ ეჭვმიტანილი დიდი ხნის განმავლობაში?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: თუ რაიან რუთი ბუჩქებში, ჩასაფრების ადგილზე, როგორც ამბობენ, 12 საათი იწვა, რატომ ვერ შენიშნეს საიდუმლო სამსახურის მუშაკებმა მისი ყოფნა გოლფის მინდორთან?

ოფიციალური პირების მტკიცებით, რაიან რუთმა სასროლი პოზიციები კვირა დილით დაიკავა, რაც მისი მობილური ტელეფონის კოორდინატებით იქნა გარკვეული. მაგრამ დაცვამ მისი ავტომატი, რომლის ლულა ბუჩქებიდან იყო გამოშვერილი, მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა ექს-პრეზიდენტმა გოლფის თამაში დაიწყო.

როგორც საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, იმის გამო, რომ გოლფის თამაში განრიგში მხოლოდ ბოლო წუთში შეიტანეს, პერიმეტრის დროული შემოწმება ვერ მოხერხდა.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ყველაფერი ხდება დონალდ ტრამპის მიმართ ივლისში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როცა საიდუმლო სამსახურს დასკვნები უნდა გაეკეთებინა და შეცდომები გამოესწორებინა.

ალბათ, სამართლდამცველი ორგანოები შეეცდებიან ეჭვმიტანილის მოქმედების სრული სურათის აღდგენას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ გაარკვიეს, როგორ მოახერხა რაიან რუთმა გოლფის მოედანთან ასე ახლოს მისვლა.

რა იპოვეს ეჭვმიტანილის ავტომანქანაში მისი დაკავების დროს?

რაიან რუთი I-95 გზატკეცილზე დააკავეს, დაახლოებით 50 კილომეტრზე გოლფის სათამაშო მოედნიდან, იგი შავი ფერის „ნისანით“ გადაადგილდებოდა.

ბუნებრივია, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველებს მისი ავტომანქანა უნდა გაეჩხრიკათ, თუმცა რაიმე მონაცემები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. როგორც „სი-ენ-ენი“ იტყობინება, „ნისანის“ მფლობელი რაიან რუთის ქალიშვილია, თუმცა დოკუმენტების თანახმად, მისი ნომერი სხვა ავტომანქანას ეკუთვნის, რომელიც გატაცებულია.

სავარაუდოდ, ავტომანქანაში ჩხრეკისას, ალბათ, რუკას და სხვა სამხილებს იპოვიდნენ, რომლებიც ნათელს მოჰფენენ ამ ბურუსით მოცულ მკვლელობის მცდელობას.

წყარო