1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როცა ზელენსკის ავტოკრატს უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა შევშფოთდეთ”-The Independent
“როცა ზელენსკის ავტოკრატს უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა შევშფოთდეთ”-The Independent

“როცა ზელენსკის ავტოკრატს უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა შევშფოთდეთ”-The Independent

1.12K
0

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით „როცა ზელენსკის ავტოკრატს უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა შევშფოთდეთ“, რომელშიც ავტორი აანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის საერთაშორისო რეზონანსს და უკრაინის ხელმძღვანელთა პერსპექტივას.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ჩრდილში მოქცეული რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში ისევ დღის სინათლეზე გამოდის, მაგრამ შედარებით განსხვავებული მასალებით, რომლებსაც ძველებურად ოპტიმისტურად ვეღარ ჩავთვლით.

ყველაზე შესამჩნევად ტენდენცია უკრაინის ხელისუფლების ცენტრში მიმდინარე მოვლენებით ჩანს, რომელთა მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან წინააღმდეგობის გმირის შარავანდედით იყო შემკული, დღეს მისივე გარემოცვის წევრებიც კი აკრიტიკებენ. ავიღოთ, მაგალითად, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, რომელმაც ჯერ შვეიცარიულ, შემდეგ კი გერმანული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში ქვეყნის პრეზიდენტს „რეალობისაგან დაშორებული ავტოკრატი“ უწოდა. უფრო ადრე ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა უკრაინის ჯარების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალ „ეკონომისტთან“ საუბარში…

ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად ცუდი დრო უდგას. ამერიკის დახმარების მოლოდინმა მას იმედები გაუცრუა. დასავლეთში უკრაინის პრეზიდენტისთვის არასასიამოვნო რეალობა ყალიბდება: დაღლილობა და გულგატეხილობა. დასავლური მასმედიის ოდესღაც მისი საქებარი ტონი მკვეთრად შეიცვალა კრიტიკულით. უფრო მეტიც – ნელ-ნელა ჩანს ალტერნატიული ხედვებიც: ოფიცრების კრიტიკული პოზიციები როგორც ფრონტზე დანაკარგების შესახებ, ასევე ქვეყნის ძველი პრობლემის – კორუფციის მიმართაც. ამას წინათ ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ პრეზიდენტს „რეალობისგან დაშორებული ლიდერი“ უწოდა. არადა, გავიხსენოთ, რომ იგივე ჟურნალმა ერთი წლის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკი „წლის ადამიანად“ დაასახელა.

ამასობაში აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ცხელი დებატები მიდის უკრაინის მიმართ დახმარება-არდახმარებაზე. კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა შეიმჩნევა და საეჭვოა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კონსენსუსს მიაღწევენ.

ტონი შეიცვალა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომლის თქმით, „ჩვენ უკრაინას მხარი ყველა დროში მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ თუ ცუდი რამ ხდება, იმ ცუდ ამბების მოსასმენადაც მზად უნდა ვიყოთ“.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ასეთი სიტუაცია კარგის მომტანი ნამდვილად არ არის. ნეგატიურმა მოვლენები ნელ-ნელა გაჩნდა: პირველი სიგნალი კონტრშეტევის წარუმატებლობა გახდა. დასავლეთი ყველანაირად ცდილობდა თვალი დაეხუჭა უარყოფით მოვლენებზე, მაგრამ საბოლოოდ ნათელი გახდა: უამრავმა ფინანსებმა და შეიარაღებამ თავისი პოზიტიური შედეგი არ გამოიღო.

თავდაპირველი თავდაჯერებული მტკიცე განცხადება „უკრაინა გაიმარჯვებს“ ახლა შეიცვალა სასოწარკვეთილი შეძახილით „უკრაინამ უნდა გამარჯვოს“. ერთი შეხედვით, ცვლილება მცირეა, მაგრამ მრავლისმეტყველი.
არანაკლებ შემაშფოთებელია კითხვა – შეუძლია თუ არა რუსეთს გამარჯვება? და თუ შეუძლია, რა მოჰყვება კრემლის გამარჯვებას? ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რით განისაზღვრება გამარჯვება ან მარცხი, ანუ რა შინაარსი იქნება მათში ჩადებული.
ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინამ მორალურ გამარჯვებას მიაღწია, განამტკიცა ეროვნული იდენტურობა და უეჭველია, დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობის უფლება. თუ ეს ომი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად წარმოებდა, მაშინ უკრაინამ, ცხადია, დიდი დანაკარგის ფასად, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

მეორე მხრივ, თუ რუსეთის მიზანს უკრაინის დაპყრობა და დამორჩილება წარმოადგენდა, ასეთ შემთხვევაში კრემლმა ომი წააგო. თუმცა მე პირადად ვთვლი, რომ ომის მიზანი სხვა იყო და ის გამოიხატებოდა უკრაინის დასავლეთთან სამხედრო დაახლოების თავიდან აცილებაში. იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიისპირეთს ან პოლონეთს, ძირშივე მცდარია: რუსეთს სამხედრო ძალა არ ეყოფა და საერთოდ, ყველაფერი ამისათვის არ დაწყებულა.
უკრაინისათვის ყველაზე დიდ სირთულეს ის წარმოადგენს, რომ კიევმა გამარჯვების თამასა ზედმეტად მაღლა ასწია. ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის მიხედვით, თუ უკრაინა ტერიტორიებს სრულად არ დაიბრუნებს, ყირიმის ჩათვლით, ომის ასეთი დასასრული უკრაინის მარცხი იქნება. საერთოდ, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ პრინციპი „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“ ძველ და ხშირად არაპოპულარულ იდეას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ომი უკრაინისათვის შეიძლება კატასტროფულადაც კი დასრულდეს. იმავდროულად კი, თუ უკრაინა აბსოლუტურ გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ომი დასავლეთისათვის დამარცხებად ჩაითვლება.

აშშ-ის პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს იგი – ამჟამინდელი, რომელსაც პოსტის შენარჩუნება სურს და ძველი, რომელსაც პოსტის დაბრუნება უნდა, მსგავს სიტუაციაზე არ დათანხმდება, რადგან მისთვის სულ იარსებებს კითხვა – „ვინ დაკარგა უკრაინა“?
ევროპაში კი ასე არ არის. ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას მხარდაჭერა დაჰპირდნენ – „იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“, მაგრამ მათ ამის გაკეთება აშშ-ის გარეშე არ ძალუძთ. მათ ასევე არ შეუძლიათ თავიანთ ტერიტორიაზე მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის ხანგრძლივად შეფარება და უკრაინის აღდგენა. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადი იქნება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი მთავრობა, რომელიც უკრაინის მიმართ ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის ტიპიური ექსტრავაგანტური დაპირებების მემკვიდრე იქნება. რასაკვირველია, სასიამოვნო პერსპექტივა ნამდვილად არ არის, მაგრამ მის მიმართ შერიგება მაინც მოგვიწევს, ზარალის მინიმიზაციის იმედით.

წყარო: