1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რატომ მოითხოვა ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი – რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში
რატომ მოითხოვა ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი – რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში

რატომ მოითხოვა ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი – რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში

378
0

ქუთაისში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პირველადი ჩვენება ვრცელდება.

დაკავებული გრიგოლ ნარსია იხსენებს, როგორ შევიდა ბანკში და მოითხოვა თანხა. ასევე ადასტურებს, რომ ბანკში მძევლები აიყვანა და მას ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.

“ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე, ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა. მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა, თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს”, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ გამოკითხვის დროს.

ის ნანობს მომხდარს და აცხადებს, რომ თანამონაწილე არ ჰყავდა.

“დაკავების დროს გავუწიე წინააღმდეგობაა, მივიღე დაზიანებები, აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ გამაჩნია. მე ვაღიარებ იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს, ჩემს მიერ მითითებულ ბანკზე თავდასხმის ფაქტს, მძევლების ხელში ჩაგდებას. გულწრფელად ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ. ყოველივე აღნიშნული ჩავიდინე მარტო და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში სხვა ვინმე პირს რაიმე ფორმით თანამონაწილეობა არ მიუღია”, – აღნიშნავს ჩვენებაში ნარსია.