1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რატომ გააკრიტიკა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქართული კანონპროექტი”- რას წერს გერმანული პრესა
“რატომ გააკრიტიკა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქართული კანონპროექტი”- რას წერს გერმანული პრესა

“რატომ გააკრიტიკა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქართული კანონპროექტი”- რას წერს გერმანული პრესა

119
0

გერმანული ტელე სამაუწყებლო კომპანიის „არდ“-ის (ARD – Arbeitsgemeinschaft der öffentlich-rechtlichen Rundfunkanstalten der Bundesrepublik Deutschland) ახალი ამბების პროგრამის „ტაგესშაუს“ (Tagesschau) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რატომ გააკრიტიკა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქართული კანონპროექტი” (ავტორი – სილვია შტოიბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო და ესაუბრა: კაცმა რომ თქვას, ამით არაფერი საოცარი და გასაკვირი არ მომხდარა: ეს იყო ორი ლიდერის ჩვეულებრივი შეხვედრა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის წარმომადგენელი არის ირაკლი კობახიძე, უცხოური აგენტების შესახებ კანონის დახმარებით, ქვეყანას ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე ბარიერებს უქმნის.

ქართველი სტუმარი გერმანულად ლაპარაკობდა: ირაკლი კობახიძე, რომელიც ოდესღაც დიუსელდორფში სწავლობდა, მჭევრმეტყველად ხაზს უსვამდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამხრეთკავკასიური სახელმწიფოსა და გერმანიას შორის.
მაგრამ, სტუმრის უხვსიტყვაობის მიუხედავად, კანცლერ ოლაფ შოლცს გვერდი არ აუხვევია მკაცრი კრიტიკისათვის: საკითხი ეხება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება – მის სახელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ანუ უბრალოდ თუ ვიტყვით – „უცხოური აგენტების შესახებ“. სხვათა შორის, იგივე კანონის მიღება შარშანაც იყო განზრახული, მაგრამ ხალხმრავალი საპროტესტო აქციების გამო, მმართველმა პარტიამ პროექტი უკან გაიტანა.

ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ კანონპროექტს „გამჭვირვალეობის კანონი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ სამართლებრივი აქტის პროექტი შემუშავებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების (იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები) დაფინანსებაში სინათლის შესატანად, რაც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პრინციპებს სრულად შეესაბამება.
კანონპროექტის თანახმად, ქართული მასმედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ფინანსთა სამინისტროში უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც მათ საქმიანობას ყოველ ექვს თვეში შეამოწმებენ და თუ რაიმე დარღვევა იქნება იქნება აღმოჩენილი, მათ მსხვილი ჯარიმების გადახდა ემუქრებათ. როგორც თვითონ არასამთავრობოები თვლიან, მათი საქმიანობის რეგულარული შემოწმება კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვასა და წყაროების გამხელას გამოიწვევს.

კანონპროექტი, თუ ის მიღებული იქნება, შეეხება არჩევნებისადმი დაკვირვებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

ოლაფ შოლცი წინააღმდეგია…

გერმანიის კანცლერმა თავისი დამახასიათებელი მშვიდი მანერით, მაგრამ მტკიცედ განაცხადა საჯაროდ და ჟურნალისტების წინაშე, რომ „ასეთი კანონების მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს“ და რომ „ჩვენ იმედი გვაქვს, კანონი მიღებული არ იქნება“. „ჩვენი კრიტიკა იგივეა, როგორც გასულ წელს იყო“, თქვა კანცლერმა მშვიდად, მაგრამ კატეგორიულად. გარდა ამისა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ირაკლი კობახიძის პოზიციას – თითქოსდა ევროკავშირის კომისიამაც მიიღო მსგავსი წესები და ევროპის ბევრ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებსო. კანცლერმა სტუმრის არცერთი მტკიცება არ გაიზიარა: „ევროკავშირის [სამართლებრივი აქტები] უცხოურ გავლენასთან ბრძოლის თაობაზე სულ სხვა კონცეფციას ეფუძნება, თუმცა, როგორც ჩანს, არც ის არ იქნება მიღებული, რადგან არსებობს უარყოფითი მოსაზრებები. სხვათა შორის, მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო, მაგრამ მის შესახებ ევროპული სასამართლომ უარყოფითი ვერდიქტი გამოიტანა.

ოპოზიციონერთა დისკრედიტაციის კამპანია

ირაკლი კობახიძემ გაჩუმება ამჯობინა და კანცლერთან დისკუსიაში არ ჩაერთო, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს იმედი აქვს საშუალოვადიან პერსპექტივაში გახდეს ევროკავშირი წევრი და რომ წლის ბოლომდე ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება – ნიადაგი მომზადდება მოლაპარაკების დაწყების მიზნით.
მაგრამ პრემიერის ბერლინში ნათქვამი და თბილისში მისი მთავრობის პრაქტიკული მოქმედება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით ევროკავშირსა და ამერიკას ადანაშაულებენ იმაში, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში „რევოლუციის განხორციელება“ სურს – ლიბერალური ორგანიზაციებისა და მასმედიის დახმარებით და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისათვის უბიძგებენ.
პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას თან ახლავს ოპოზიციური პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კამპანია. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი მასმედია იტყობინება, სახელმწიფო მოსამსახურეებს სოციალურ ქსელებში კანონპროექტის განხილვა აკრძალული აქვთ.

არავითარი შედარება ამერიკულ კანონთან

რა თქმა უნდა, კანონის მოწინააღმდეგეებიც აქტიურობენ: საერთაშორისო სპონსორებმა, მათ შორის ამერიკულმა ორგანიზაციამ USAID-მა საქართველოს მთავრობის მოქმედებას „არასწორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკული ფინანსები საქართველოში გამჭვირვალედ შედის და ყველა მსურველს შეუძლია მონაცემებს ვებ-გვერდზე გაეცნოს. სპონსორები ასევე უარყოფენ მთავრობის კიდევ ერთ არგუმენტს, რომლის მიხედვით, ქართული კანონპროექტი თითქოსდა შეესაბამება აშშ-ის კანონს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), რომელიც 1938 წელს არის მიღებული კონგრესის მიერ იმდროინდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო ნაცისტური გერმანიისა და ბოლშევიკური საბჭოთა კავშირის გავლენა აშშ-ში.

ქართულ კანონპროექტსა და აშშ-ის კანონს შორის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტი ისაა, რომ აშშ-ის კანონმდებლობა გულისხმობს უფრო ფართო კრიტერიუმებს „უცხოელი აგენტის“ ნიშნების გამოსახატავად, ქართულ კანონპროექტში კი „უცხოელი აგენტობა“ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებაში გამოიხატება.
ქართული კანონპროექტი გარკვეულწილად უფრო რუსულ კანონს გვაგონებს და ის უფრო შორს მიდის: მასში გათვალისწინებულია საზღვარგარეთიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლიც.

საქართველოს ხელისუფლების ამგვარი მოქმედების მიზანი ცნობილია – უზრუნველყოს ისედაც უძლიერესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა კონკურენტთა მოქმედებისაგან.

ქართველთა უმრავლესობა ევროკავშირში შესვლის მომხრეა

ქართული ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზრდება და რომ ევროკავშირი მკაფიოდ მიანიშნებს საქართველოს მთავრობას მოქმედების ჩარჩოებს – როგორც ეს ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა გააკეთა: მან განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. იგივე განაცხადეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა „მწვანეთა პარტიიდანაც“.
საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები გვაჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. სწორედ ამიტომ მმართველი პარტია ცდილობს ევროპული კურსის ერთგული იყოს და იმავდროულად [ყველა ფაქტორი გაითვალისწინოს] ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: