
რატომ დაბრუნდა მოსკოვის მეტროში იოსებ სტალინის ძეგლი? – Asia Times
კანადის გაზეთ „ეიჟა თაიმსში“ (Asia Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ დაბრუნდა მოსკოვის მეტროში იოსებ სტალინი?“ (ავტორი – ჯერემი ჰიქსი, ლონდონის უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა ისტორიის პროფესორი), რომელშიც განხილულია რუსეთში საბჭოთა ეპოქის დროინდელი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის როლის გადაფასებასთან დაკავშირებული პროცესი. ავტორი ცდილობს პარსუხი გასცეს კითხვას: რატომ იდგმება რუსეთში ისევ კომუნისტი ბელადის ძეგლები?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მაისში მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ „ტაგანსკაიაზე“ ხელახლა გაიხსნა საბჭოთა დიქტატორის იოსებს სტალინის გორელიეფი, რომლის დემონტაჟი ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ მოახდინეს. ეს პირველი მსგავსი ძეგლია მოსკოვის ცენტრში მისი სიკვდილის შემდეგ – 1953 წლიდან, რომელიც რუსული ავტორიტარიზმის შემაშფოთებელ აღორძინებაზე მიანიშნებს.
იოსებ სტალინის პოლიტიკა 1924 წლიდან მის სიკვდილამდე მილიონობით ადამიანის სიკვდილს უკავშირდება. კომუნისტმა ბელადმა იძულებით გაატარა კოლექტივიზაცია სოფლებში, ჩამოაყალიბა შრომითი ბანაკების სისტემა „გულაგის“ სახელწოდებით და მოაწყო „დიდი ტერორი“ – მასობრივი რეპრესიების ტალღა 1936-1938 წლებში, რომლის დროსაც არმიის საკვანძო სამხედრო ხელმძღვანელები დაპატიმრდნენ ან ფიზიკურად განადგურდნენ.
მაგრამ დღევანდელი რუსეთის მმართველების თვალში იოსებ სტალინის საბოლოო გამარჯვება ნაცისტურ გერმანიაზე 1945 წელს, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დახმარებით, ბელადის მიერ ჩადენილი ცოდვებისა და შეცდომების ერთგვარ გამოსყიდვას ნიშნავს. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება იქცა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მთავარ მიღწევად და თანამედროვე რუსეთის გამაერთიანებელ ფაქტორად.
1956-1960 წლებში განხორციელებული დესტალინიზაციის პოლიტიკის შედეგად, რომელიც სტალინის პოლიტიკური კურსის უარყოფაში და პიროვნების კულტის მხილებაში გამოიხატა, მისი სიკვდილის დროიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბელადის ძეგლებს აღარ დგამდნენ. მაგრამ მას შემდეგ (ბოლო მონაცემებით, 2023 წლამდე) რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში უკვე დაიდგა 110 ძეგლი, თანაც 95 – ვლადიმერ პუტინის მმართველობის ეპოქაში. ბელადის ძეგლების მშენებლობის ტემპები განსაკუთრებით გაიზარდა 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ.
თავდაპირველად ძეგლები იდგმებოდა რუსეთის ფედერაციის პერიფერიებში – ისეთ რესპუბლიკებში, როგორიცაა იაკუტია-სახა, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში და დაღესტანში. მეგაპოლისებში ძეგლების დადგმას ერიდებოდნენ, მაგრამ ამ მხრივ ცენტრიდან ნებართვის მანიშნებელი მომენტი გახდა პრეზიდენტის 2025 წლის აპრილის ბრძანებულება ვოლგოგრადის აეროპორტის დასახელების შეცვლის თაობაზე – „მიენიჭოს ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს ისტორიული სახელწოდება „სტალინგრადი“. ასეთი სახელი ჰქონდა ქალაქს 1925-დან 1961 წლამდე.
მაგრამ მოსკოვის მეტროპოლიტენში – რუსეთის დედაქალაქის ამ არქიტექტურულ მარგალიტში – გახსნილი ძეგლი, რომელსაც მილიონობით მგზავრი ყოველდღიურად ხედავს, კიდევ უფრო მნიშვნელოვან სიმბოლურ ჟესტს წარმოადგენს.
სტალინიზაცია და სტალინის „გათეთრება“
იოსებ სტალინის რეპუტაციის აღდგენა გრძელდება. 2015 წელს მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 45% თვლიდა, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში მომხდარი რეპრესიები გამართლებული იყო (2012 წელს ასე მხოლოდ 25% თვლიდა). 2025 წლის მონაცემებით კი უკვე რუსეთის მოსახლეობის 63% იოსებ სტალინის როლს ქვეყნის ისტორიაში მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს. ეს თვალსაზრისი ინერგება სკოლებში, მისი ტრანსლირება ხდება რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ, სადაც დღეისათვის ანტისტალინური მასალების გამოქვეყნების ფაქტი ძალზე იშვიათობა გახდა. რუსეთში აკრძალულია ისეთი უცხოური წყაროები, რომლებშიც იოსებ სტალინის კრიტიკა ჩანს, მაგალითად, 2027 წელს დადგმული ბრიტანული კომედი „სტალინის სიკვდილი“. კრემლს ეშინია, რომ ვაითუ პუტინურ მითოლოგიას სტალინის პიროვნების შესახებ ჩრდილი მიადგეს.
სტალინის რეაბილიტაციის მიზანია განამტკიცოს პუტინის რეჯიმისადმი მხარდაჭერა, ჩამოაყალიბოს რუს ბავშვებში და მოზარდებში რეფლექტორული თანხმობა და ჩაუნერგოს მათ სიმაყის გრძნობა საკუტარი ისტორიის მიმართ… თუმცა სტალინისადმი მიდგომას სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში უარყოფითი გამოხატულებაც აქვს.
ბელადის მშობლიური საქართველოს გარდა (რომელიც ამ მხრივ გამონაკლისად უნდა ჩავთვალოთ), იოსებ სტალინს რადიკალურად აკრიტიკებენ რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობა, საბჭოთა კავშირის სემადგენლობაში ყოფნის ჟამს, არაერთხელ გამხდარა რეპრესიის მსხვერპლნი. ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინას, სადაც საბჭოთა ხელისუფლებამ 1932-1933 წლებში განგებ გამოიწვია კოლექტიური შიმშილი – უკრაინაში ეს ტრაგიკული მოვლენა ცნობილია „გოლოდომორის“ სახელით: დაიღუპა 3,8 მილიონი ადამიანი.
ბელადის სიკვდილმა 1953 წლისდან დესტალინიზაციის ტალღა გამოიწვია, რასაც სტალინის ძეგლების განადგურება მოჰყვა მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. დესტალინიზაცია დაიწყო უნგრეთის (ბუდაპეშტის) 1956 წლის აჯანყების დროს, მოგვიანებით იგივე განმეორდა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს („პრაღის გაზაფხული“), პოლონეთში…
აჯანყებების ჩახშობის შემდეგ სტალინის ძეგლების ადგილს იკავებდნენ შედარებით ნაკლებად წინააღმდეგობრივი ვლადიმერ ლენინის ძეგლები, რომელიც რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის საკვანძო ფიგურას და საბჭოთა კავშირის შემქმნელ პიროვნებას წარმოადგენს.
მაგრამ უკრაინის 2014 წლის მაიდნის დროს, რომელიც პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობით დასრულდა, უკრაინელებმა ვლადიმერ ლენინის ძეგლებიც არ დაინდეს და დაანგრიეს. პროლეტარიატის დიდ ბელადს მიაყოლეს საბჭოთა ეპოქის სხვა სიმბოლოებიც – მათი აღების პროცესს „ლენინოპადი“ („ლენინცვენა“) ეწოდა.
ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა სტალინის აღორძინებაზე რუსეთში: საბჭოთა მემკვიდრეობის მკვეთრმა უარყოფამ, რომელიც უკრაინამ გამოავლინა, რუსეთში პირიქით – საბჭოთა ხელისუფლებისადმი პატივისცემა განამტკიცა და, რა თქმა უნდა, გაიზარდა იოსებ სტალინის პოზიტიური შეფასებაც.
რუსეთმა აღადგინა სტალინის ძეგლები მის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და ბოლო დროს დგამს ახლებსაც, მაგალითად, ქალაქ მელიტოპოლში, სადაც სტალინის ძეგლის გახსნა მეორე მსოფლიო ომში სსრ კავშირის გამარჯვების 80 წლისთავს მიეძღვნა.
რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფალტა მოქმედება ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას, რომლის თანახმად, აკრძალულია კომუნისტური (ტოტალიტალური) სიმბოლიკა. ამასობაში კი რუსეთის არმია ყოველ დაკავებულ ქალაქში „გოლოდომორის“ აღსანიშნავად დადგმულ მემორიალებს ანადგურებს.
რუსეთის სამხედრო ძლიერება – სტალინური სიმბოლო
იოსებ სტალინის პიროვნების ახლებური აღორძინება და მისი პოზიტიური შეფასება ბოლშევიკური მმართველობის წესის ქება-დიდებას ნიშნავს და ხაზს უსვამს რუსეთის ძლიერებას. ბოლო დროს დადგმულ ძეგლებში სტალინი გამოხატულია სამხედრო კიტელით, რაც მიანიშნებს ძლევამოსლი გენერალისიმუსის დამსახურებას.
სინამდვილეში სტალინის პიროვნების მიმზიდველობა მისი ხელისუფლების სოციალურ სარჩულში იმალება: როცა ავტორიტარულ სისტემაში, სიმკაცრის პარალელურად, არსებობდა უფასო განათლება და და უფასო ჯანდაცვა ყველასათვის. იგივე შეიძლება იტქვას კორუფციაზე (მექრთმაოებაზე) და შრომის მიმართ გამოჩენილ გულგრილობაზე: რუსეთში „უწმინდურ“ პოლიტიკოსებსა და უყაირათო სამეურნეო მუშაკებს დღესაც ასეთ წყევლას უთვლიან: „ოჰ, ახლა რომ სტალინი ცოცხალი იყოს, შავ დღეში ჩავარდებოდით!“, „სტალინის ხელი გჭირდებათ, რომ გამოსწორდეთ!“…
თუმცა მაინც იოსებ სტალინის იმპერიული სახე პრევალირებს, რომლითაც ხდება რუსეთის კოლონიური წარსულისა და საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკის გამართლება. რუსეთში ხშირად ხდება სტალინის „გათეთრება“ უინსტონ ჩერჩილის სახელით (რომელიც ბრიტანეთის ეროვნული გმირია, მისი სისხლიანი წარსულის მიუხედავად, მაგალითად, 1943 წლის ბენგალიის შიმშილის პროვოცირებაში): აი, რა კარგად ლაპარაკობს და წერს ინგლისელი პრემიერი სტალინზე…. რა თქმა უნდა, ამაში არის სიმართლის მარცვალი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უინსტონ ჩერჩილის ნაკლოვანებებზე და მის მონაწილეობაზე ადამიანთა სიკვდილში, რომლებიც ბრიტანეთის იმპერიამ მისი პრემიერობის დროს ჩაიდინა, ყველასათვის გასაგონად შეიძლება ლაპარაკი, რუსეთში კი იოსებ სტალინის კრიტიკა დაუშვებელია.
ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის მეტროში სტალინის ახალი ძეგლი ღამით დაიდგა, რომ მგზავრების ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ და რაიმე დებატები არ ყოფილიყო, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძირშივე იქნებოდა აღკვეთილი, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ