
„რაკეტები და თვითმფრინავები: დონალდ ტრამპმა ირანს იმიტომ დაარტყა, რომ ისრაელი მარცხდებოდა“
იტალიურ გაზეთ Il Fatto Quotidiano-ში („დღევანდელი ფაქტი“ – ქართ.) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რაკეტები და თვითმფრინავები: დონალდ ტრამპმა ირანს იმიტომ დაარტყა, რომ ისრაელი მარცხდებოდა“ (ავტორი – ალესანდრო ორსინი, პოლიტოლოგიის პროფესორი რომის უნივერსიტეტში).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ყოველ ომს აქვს თავისი დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რომლებიც განსაზღვრავენ მის მიმდინარეობას და განვითარებას. ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი რაკეტებისა და თვითმფრინავების ომს წარმოადგენს. ასეთ კონფლიქტში ირანს მეტი უპირატესობა აქვს ისრაელზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს – ირანზე. დონალდ ტრამპმა ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება ირანისათვის დარტყმის მიყენებაზე სწორედ იმიტომ, რომ ისრაელი გარდაუვალი დამარცხების გზაზე დადგა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩიხში აღმოჩნდა სულ რაღაც მეცხრე დღეს ირანის დაბომბვიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ირანს თავს დაატეხა მთელი თავისი შეიარაღების ძლიერება, მან მაინც ვერ მოახერხა თეირანის ბირთვული პროგრამისთვის რაიმე ზიანის მიყენება. და რაც უფრო უარესია, Arrow 3 – ისრაელის შეიარაღებაში არსებული ერთადერთი რაკეტა, რომელსაც ირანის ბალისტიკური რაკეტების „დაჭერა“ და განადგურება შეუძლია, ისრაელს ძალიან ცოტაღა დარჩა – მოკლედ, თითქმის აღარ ჰქონდა. ისრაელის ლიდერმა გადაწყვიტა Arrow 3 დაეზოგა და მხოლოდ დიმონის ბირთვული კვლევების ცენტრის დასაცავად გამოეყენებინა. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ჰაიფა და თელ-ავივი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტების გარეშე დარჩნენ.
ჰოდა, სწორედ ამ დროს საქმეში დონალდ ტრამპი ჩაერია, რათა განწირული ისრაელი გადაერჩინა.
დონალდ ტრამპს „არჩევანი“ არ გაუკეთებია ისრაელის დაცვის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ მას არავითარი არჩევანი არ ჰქონდა – ამერიკელების ჩარევის გარეშე ბენიამინ ნეთანიაჰუ განწირული იყო. დონალდ ტრამპმა იმ დროს გაიგო, რომ ისრაელი ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა ორი ფაქტი გახდა მისთვის ცნობილი: პირველი – ირანი ისრაელს თავისი ყველაზე ძველი რაკეტებით ბომბავდა, მეორე – ირანი ისრაელს „რბილად“ ბომბავდა, რომ აშშ-ის ჩარევა აეცილებინა. ირანის ყველაზე მოწინავე ახალ რაკეტებს ისრაელის დაბომბვა 400 წამში შეუძლიათ, თანაც ისე, რომ მათი ჰაერში „დაჭერა“ და განადგურება შეუძლებელია. ბენიამინ ნეთანიაჰუს თვითმფრინავებს კი ბევრად მეტი დრო სჭირდებათ ირანის საზღვრამდე და მით უმეტეს, თეირანამდე რომ მივიდნენ. გარდა ამისა, ისრაელს არ აქვს ავიამზიდები, რომ ისინი ზღვით ირანის ტერიტორიას დასაბომბად მიუახლოვდნენ. ირანს კი რაკეტების გასაშვებად წამები ჭირდება. ისრაელს თავისი რაკეტების დასამზადებლად დიდი ფულის ხარჯვა ჭირდება, ირანს კი ბევრად ნაკლები. ერთი Arrow 3 რაკეტა ოთხი მილიონი დოლარი ღირს, ანუ გამოდის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უწევდა ირანის დასაბომბად მილიარდ ნახევარი დოლარის ხარჯვა ყოველ ორ დღეში. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ღაზას სექტორში ომი ისრაელს უკვე 67 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა სწრაფად მცირდება. გარედან დახმარების გარეშე ისრაელი ირანის წინააღმდეგ ჩვეულებრივ, კონვენციურ ომს ვერასოდეს ვერ მოიგებდა.
დონალდ ტრამპმა იმიტომ გადაწყვიტა ირანისათვის დაერტყა, რომ დაინახა – ისრაელს ძალა ელეოდა (იარაღი და ფინანსები) და დამარცხების გზას ადგებოდა. ეს რომ გავიგოთ, საკმარისია ორ საბაზო კრიტერიუმს მივმართოთ, რომელთა დახმარებით შეიძლება განისაზღვროს – იგებს ომს სახელმწიფო (ანუ იმარჯვებს) თუ აგებს (ანუ მარცხდება).
პირველი კრიტერიუმი – „რაციონალური“: ყურადღება უნდა მივაქციოთ საშუალებებს და მიზნებს. უნდა განისაზღვროს, მოახერხებს თუ არა თავდამსხმელი მხარე თავისი მიზნების მიღწევას სამხედრო საშუალებებით. ისრაელის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია: მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – ვერ განახორციელა ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება ჰაერიდან. ათდღიანი განუწყვეტელი დაბომბვების მიუხედავად, ფორდოში და სხვა ადგილებში მდებარე მიწისქვეშა ქარხნები არ დაზარალებულან.
მეორე კრიტერიუმი – „ფუნქციონალური“: საჭიროა გავიგოთ, პასუხობს თუ არა თავდამსხმელი მხარის სტრატეგია მასზე დაკისრებულ ფუნქციას. ამ შემთხვევაშიც ისრაელთან მიმართებით პასუხი ისევ უარყოფითი იქნება: ბენიამინ ნეთანიაჰუმ წამგებიანი სტრატეგია აირჩია – მისი თვითმფრინავები ირანის რაკეტების წინააღმდეგ მოსალოდნელ შედეგებს არ იძლევიან. ისრაელი, რომელიც ხმელეთის ვიწრო ზოლს წარმოადგენს, ვერ გაუძლებდა, თეირანს რომ 30 დღე განუწყვეტლივ დაებომბა თავისი მოწინააღმდეგე. მაგრამ აშშ-ის ჩარევით სიტუაცია შეიცვალა: თვითმფრინავებისა და რაკეტების ომში აშშ უდავო ფავორიტს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს აქვს თანამედროვე თვითმფრინავებიც და რაკეტებიც. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ საქმე მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამას არ ეხება: აშშ-სა და ისრაელის ლიდერებისათვის აუცილებელია, რომ ირანი, უბრალოდ, განადგურდეს. სწორედ ასეთ სიტუაციაში ხდება შესაძლებელი მილიონ ნახევარი პალესტინელი ლტოლვილის დეპორტაციის გეგმის რეალიზება. ირანი ხომ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ღიად გამოდის ამ ნაბიჯის წინააღმდეგ.
მოამზადა სიმონ კილაძემ