
რა ქონებას ფლობს დაკავებული რომეო მიქაუტაძე და მისი ოჯახი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს, რომელიც სუს-მა მილიონობით ლარის უკანონოდ ლეგალიზაციის საქმეზე დააკავა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 10 აპრილს აქვს შევსებული.
დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე – ნინო მიქაუტაძე. სწორედ მეუღლის სახელზეა 2024 წელს მადრიდში, ბარბიერის ქუჩაზე, 660 000 ევროდ ნაყიდი ბინა, რომლის ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ასევე, გარდაბანში შეძენილი წყნეთის სატყეო უბანი – 2023 წლის თებერვალში, 320 000 აშშ დოლარად, ფართობი 2 316 კვადრატული მეტრია.
მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა მადრიდსა და გარდაბანში ნახსენებ ორ ობიექტში ჯამურად, სულ მცირე, 2.5 მლნ ლარი გადაიხადა.
გთავაზობთ რომეო მიქაუტაძისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ქონებას, 2024 წლის 10 აპრილის მდგომარეობით:
- ბინა მადრიდში, 120 კვადრატული მეტრი, ბარბიერის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 660 000 ევროდ, 2024 წელს
- მიწის ნაკვეთი გარდაბანში, წყნეთის სატყეო უბანში (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 320 000 აშშ დოლარად, 2023 წლის 9 თებერვალს
- კომერციული ფართი, 300 კვადრატული მეტრი, სასტუმრო (ეზო), თბილისში ბეთლემის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 50%) – შეიძინა 2021 წელს, გადახდის გრაფაში 0 ლარი / დოლარი / ევროა მითითებული
- კომერციული ფართი, 479 კვადრატული მეტრი, სასტუმრო, თბილისში ბეთლემის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 50%) – შეიძინა 825 000 აშშ დოლარად, 2020 წლის 24 დეკემბერს
- მიწის ნაკვეთი ქალაქ დედოფლისწყაროში, 831 კვადრატული მეტრი (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 12 000 აშშ დოლარად, 2022 წლის 14 ნოემბერს
- ბინა (180 კვადრატული მეტრი), სარდაფი (127 კვადრატული მეტრი) და სათავსო (4.9 კვადრატული მეტრი), თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი #11 (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 240 000 აშშ დოლარად, 2018 წლის 15 თებერვალს
- კრიპტო ვალუტა რიპლი (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 13 000 აშშ დოლარად, 2020 წელს
- კრიპტო ვალუტა შიბა ინუ (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 3 000 აშშ დოლარად, 2021 წელს
- შპს ჯორჯიან ენერგო სერვისი საქართველო (რომეო მიქაუტაძის წილი 25%)
- შპს როქსთოუნი საქართველო (რომეო მიქაუტაძის წილი 23%)
- შპს ბლუბერი ლაბ საქართველო (რომეო მიქაუტაძის წილი 33%)
- შპს პარაგონი საქართველო (ნინო მიქაუტაძე, დირექტორი – უვადო; წილი 50%)
- შპს ვიუ ფოინთი საქართველო (ნინო მიქაუტაძე დირექტორი – უვადო; წილი 50%)
- შპს ლითლ ვან საქართველო (ნინო მიქაუტაძე – დამფუძნებელი; წილი 100%)
- შპს მ და ბ საქართველო (ნინო მიქაუტაძე – დამფუძნებელი; წილი 100%)
- შპს მინი მი Georgia (ნინო მიქაუტაძე – დამფუძნებელი; წილი 100%)
რომეო მიქაუტაძეს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ხელფასის სახით, 85 470 ლარი აქვს მიღებული.
ნინო მიქაუტაძეს, დროის ამავე პერიოდში, შპს ვრ მენეჯმენტში, კომპანიის მარკეტინგის განვითარების მიმართულებით მრჩეველის რანგში, ხელფასის სახით, 168 000 ლარი აქვს მიღებული; ხოლო შპს ვიუ ფოინთში, კომპანიის დირექტორის რანგში – 98 230 ლარი.
გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში, რომეო მიქაუტაძეს სხვადასხვა ბანკების ანგარიშებზე ჯამურად 16 555 ლარი, 60.79 ევრო და 1.44 აშშ დოლარი ჰქონდა. ასევე, დანაზოგის სახით – 115 000 აშშ დოლარი.