რა ხდება საქართველოში და რატომ აწყობს ხალხი საპროტესტო აქციებს? – The Washington Post
ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რა ხდება საქართველოში და რატომ აწყობს ხალხი საპროტესტო აქციებს?“ (ავტორი – კელი კასულის-ჩო), რომელშიც განხილულია თბილისში და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო მიტინგ-დემონსტრაციები, მათი მიზეზები და წინაპირობები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ამ დღეებში საქართველოს დედაქალაქის თბილისის ისტორიული მთავარი ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ათასობით ადამიანით არის სავსე, რომლებიც ეროვნულ დროშებით ხელში, პოლიციელებთან შეტაკებისას, პიროტექნიკულ შუშხუნებს იყენებენ ფეიერვერკების მოსაწყობად. უწესრიგობები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებას აჩერებს – ბლოკის წევრად მიღების მიზნით.
ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ავლენს პრორუსულ კურსს და რომ „ქართულ ოცნებაზე“ სულ უფრო ძლიერდება მოსკოვის გავლენა. უფრო ადრე მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო „კანონი უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, სარკისებრი ანარეკლია რუსული კანონისა, რომელსაც კრემლი დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლის მოსახდენად და დისიდენტების დევნისათვის იყენებს.
ვიდეოჩანაწერებით ჩანს, რომ პოლიციამ თბილისელი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, ხოლო, თავის მხრივ, დემონსტრანტებმა ისარგებლეს პიროტექნიკული მასალებით, პოლიციას შუშხუნებიდან სროლა დაუწყეს, პარლამენტის შენობაში კი ხანძარი გააჩინეს. როგორც შინაგან საქმეტა სამინისტრომ განაცხადა. აქციის მონაწილეებმა ხანძრის გასაჩენად პეტარდები და ცეცხლგამჩენი ბოთლები გამოიყენეს. ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანი დაშავდა (მათ შორის, 42 პოლიციელი), რომლებიც საავადმყოფოებში იქნენ გადაყვანილნი. აქციის 200-მდე მონაწილე დააკავეს და
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარე დაიკავა: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა დაგმო ხელისუფლების მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენება და დემოკრატიის პრონციპების დარღვევის გამო 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტის მოქმედება [ცალმხრივად] შეაჩერა. დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ერთობლივი ძალისხმევისადმი ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში.
საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელიც რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისაა „ჩაჭედილი“. ქვეყანა დიდი ხანია დასავლეთისაკენ ისწრაფვის. იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, საქართველომ 2022 წლის მარტში ევროკავშირში მიღების მიზნით ბრიუსელში განაცხადი შეიტანა. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ქართველების 80% ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის. ამავე დროს, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა სულ უფრო მეტად და მეტად გადაჰყავს „კვაზირუსულ მოდელზე“. შესაბამისად, მისი თქმით, ქართველი ხალხი მკვეთრად და მასობრივად რეაგირებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქვეყნის ბედს და დამოუკიდებლობას ეხება.
საქართველოს მოსახლეობა მიმდინარე წელს რამდენჯერმე გამოვიდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება. ანტისამთავრობო გამოსვლები იყო მაისის თვეში, როცა პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, პრორუსული კანონები მიიღო. ასევე საპროტესტო აქციები გაიმართა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, როცა მმართველმა პარტიამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არჩევნების შედეგები გააყალბა.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავდა და მათ „კიბოს სიმსივნე’ უწოდა.
რატომ სურს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა
საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღიდგინა. ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი დებულებების მიხედვით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია გარანტირებული და შეუქცევადია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია დიდი ხნის წინ აირჩია და შესაბამისი ფუნდამენტის ჩადება და კრიტერიუმების შესრულება ათწლეულების წინ დაიწყო.
საქართველო ისწრაფვის ნატოში გაერთიანებისაკენ, რომელსაც თავის წევრების მიმართ კოლექტიური თავდაცვის პრინციპი აქვს, ანუ რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. ცხადია, ეს პრინციპი მიმზიდველი იყო და არის ქართველი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. გარდა ამისა, ქართველებს კარგად ახსოვთ სასტიკი შეტაკებები რუსეთის არმიის ქვედანაყოფებთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რომლის შედეგად 228 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. როგორც ევროკავშირის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართულ სოფლებს სროლა დაუწყეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომელიც სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ომი სწრაფად დასრულდა შეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რაც შეეხება ევროკავშირს, ამ ორგანიზაციაში წევრად მიღების სემდეგ მოსალოდნელია, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, ევროკავშირის წერობა ამ ფასეულობებისადმი ერთგულებას ნიშნავს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან საფრთხე ემუქრება.
ზოგიერთები მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მოიგებს ევროკავშირის წევრობით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაფართოვდება ფინანსური დახმარება, კრედიტები, გრანტები და ა.შ.