
“რა არის “ანტიფა”, რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?” -Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რა არის „ანტიფა“, რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?“ (ავტორები – სტეფ ჩავესი და სტეფანია პალმა). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ში ფართოდ ცნობილი ტერმინის “ანტიფას“ არსი და განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ამ სახელწოდების უკან. ასევე გაანალიზებულია აშშ-ის ხელისუფლების ბრძოლის ფორმები და მეთოდები “ანტიფას” წინააღმდეგ.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
თეთრ სახლში გამართული „მრგვალი მაგიდის“ დროს დონალდ ტრამპმა გააორმაგა კამპანია „რადიკალური მემარცხენეების“ ანუ „ანტიფას“ (ანტიფაშისტური მოძრაობის) წინააღმდეგ, რომელიც მან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ოთხშაბათს, დიდ მაგიდასთან, რომლის ირგვლივაც მისი ადმინისტრაციის ცნობილი პირები ისხდნენ, პრეზიდენტმა განაცხადა: „ყველა ამერიკელისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალიან სერიოზული მემარცხენე რადიკალური ტერორისტული საფრთხე, ანუ არსებობენ რადიკალები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფება „ანტიფასთან“.
ჩამოთვალა რა აშშ-ის ქალაქებში მომხდარი ძალადობის ფაქტები, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა: „ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. ჩვენ არ მივცემთ მათ ამის ჩადენის ნებას. მათი მიზანი მიუღწეველია“.
რა არის ანტიფა?
„ანტიფა“ – არის ტერმინ „ანიტიფაშისტის“ შემოკლებული ფორმა და წარმოადგენს დეცენტრალიზებულ მოძრაობას რომელიმე გამოკვეთილი ლიდერის გარეშე და შედგება უკიდურესად მემარცხენე პირებისაგან, რომლებიც გამოდიან ყოველივე იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ფაშისტებად და მემარჯვენე ორგანიზაციებად თვლიან.
„ანტიფა“ – ეს არის იარლიყი იმ ადამიანებისათვის, „რომლებიც მხარს უჭერენ განსაზღვრულ იდეოლოგიას და რომლებიც თვლიან, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ფაშისტური წარმონაქმნების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალადობა გამართლებულია“ – კონკრეტული ორგანიზაციებისა და თვით მთავრობის ჩათვლით, – განმარტავს დევიდ შანცერი, ტერორიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის Triangle-ს დირექტორი, რომელიც დიუკის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთი კაროლინას შტატი) არსებობს.
„ანტიფას“ არ აქვს წევრთა სია ან რაიმე დოქტრინა, ის არ კრეფს ფულს, არ ატარებს კრებებს და არ გააჩნია თავისი ვებ-საიტი, რომელიც თითქმის ყველა აღიარებულ ორგანიზაციას და მოძრაობას აქვს.
დევიდ შანცერის თქმით, „კონსენსუსი“ ტერორიზმის ამერიკელ ექსპერტებს შორის იმაში გამოიხატება, რომ ანტიფა არის „იდეოლოგია“, რომელიც „არ გამოვლენილა ორგანიზაციულად და არ გაფორმებულა ორგანიზაციად“.
მაშ რატომ გამოცხადდა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად?
თავის ბრძანებულებაში ამ დაჯგუფების აკრძალვის შესახებ დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ „ანტიფა“ არის „მილიტარისტული, ანარქისტული მოძრაობა, რომელიც ღიად მოუწოდებს აშშ-ის მთავრობის დამხობისაკენ, გამოდის სამართალდამცველი ორგანოებისა და ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის წინააღმდეგ“.
მოძრაობამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, რომელმაც მასობრივი პროტესტების ტალღა გამოიწვია აშშ-ში. მართალია, დემონსტრაციების უმრავლესობას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა „ანტიფა“ ძალადობასა და მაროდიორობაში დაადანაშაულა. ბოლო დროს კი იმ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო ზომების გამკაცრებამ და რიგ ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები მართავენ, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანამ გამოიწვია, ისევ „ანტიფა“ იქნა დადანაშაულებული.
„იმ ადამიანების ტერორისტებად გამოცხადება, ვინც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოდის, შესაძლოა ტრამპის „პოლიტიკურ მცდელობას“ წარმოადგენს – აჩვენოს თავის მომხრეებს, რომ ხელისუფლება ზომებს იღებს ბევრი არასასურველი ელემენტის მიმართ, რომლებიც აკრიტიკებენ რესპუბლიკური ადმინისტრაციის მოქმედებასა და პოლიტიკურ კურსს, არ ეთანხმებიან MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მოძრაობის იდეებს“, – ამბობს დევიდ შანცერი, – „ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ ყურადღება არ მიექცეს სხვა ექსტრემისტულ მოძრაობებს, რომელიც უკეთესად არიან ორგანიზებულები, მაგრამ ულტრამემარჯვენეებს მიეკუთვნებიან“.
წარმოადგენს თუ არა „ანტიფა“ ტერორისტულ საფრთხეს?
მონაცემები აჩვენებენ, რომ მემარცხენე ექსტრემისტები შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ აშშ-ის უსაფრთხოებისათვის ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, ვიდრე მემარჯვენე დაჯგუფებები, რომლებიც თავისი მიზნების მისაღწევად ძალადობას მიმართავენ.
აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ბოლო დროს მემარცხენეების მიერ მოწყობილი თავდასხმების რაოდენობაც მატულობს.
ანალიტიკური ორგანიზაციის „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ინფორმაციით, 1994 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე მემარჯვენეების მიერ 495 ტერორისტული ოპერაციაა მოწყობილი, ხოლო მემარცხენეების მიერ – მხოლოდ 68. მაგრამ საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს მემარცხენეთა მხრიდან ხუთი თავდასხმა მოხდა, მემარჯვენეების მიერ კი მხოლოდ ერთი.
„2025 წელს, პირველად 30 წლისა და მეტი ხნის განმავლობაში, მემარცხენეთა მიერ ჩადენილმა ტერაქტების რაოდენობამ მემარჯვენეების ჩადენილს გადააჭარბა“, – ნათქვამია CSIS-ის ამასწინანდელ მოხსენებაში.
სეტ ჯონსი, CSIS-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი, ამბობს: „ჩვენი მონაცემები მართლაც აჩვენებს იმას, რომ შეინიშნება უკიდურეს მემარცხენეთა აგრესიული აქტიურობის დონის ზრდა, განსაკუთრებით მიმდინარე წელს. მაგრამ რამდენად არის ეს ზრდა დაკავშირებული „ანტიფას“ აქტიურობასთან? საკმაოდ შეზღუდულად“.
„აშშ-ში შიდა ტერორიზმის უმეტესი შემთხვევები ჩადენილია არა იმდენად რომელიმე ჯგუფების, არამედ უფრო ცალკეული პირების მიერ“, – განმარტავს ექსპერტი.
რას ნიშნავს „ტერორისტულ დაჯგუფებად“ აღიარება?
დონალდ ტრამპის ბრძანებულება ფედერალურ ორგანოებს მოუწოდებს, რომ „ანტიფას“ ნებისმიერი უკანონო ოპერაცია გამოიძიოს, აღკვეთოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინოს, მაგრამ არ არსებობს არანაირი იურიდიული მექანიზმი, რომლის მიხედვით, მოხდება რომელიმე ადგილობრივი დაჯგუფების მიკუთვნება „ანტიფას“ მოძრაობისადმი.
ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ სამართალდამცველებმა თავიანთი რესურსების ნაწილი სპეციალურად მიმართონ ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად და მათ აღსაკვეთად.
იმ დროს, როცა ევროპის ქვეყნები ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას ტერორისტულთან აიგივებენ, აშშ-ში ამას თავს არიდებენ – დიდწილად იმის გამო, რომ მოქალაქეებს აქვთ მტკიცე საკონსტიტუციო დემოკრატიული უფლებები და მათი დარღვევა აშშ-ში, ტრადიციულად, რეზონანს იწვევს.
„დონალდ ტრამპის ბრძანებულება უფრო პერფორმატიულ („სიტყვიერ“) აქტს ჰგავს“, – ამბობს დევიდ შანცერი, – როგორც ჩანს, მის ადმინისტრაციაში არარსებული ორგანიზაციის ლიკვიდირებას ცდილობენ“, – [ირონიულად] ამბობს დევიდ შანცერი.
და მაინც, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ, რომელიც დონალდ ტრამპთან ერთად იჯდა ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართული სადისკუსიო „მრგვალი მაგიდის“ დროს, პირობა დადო, რომ „ანტიფას“ ბოლოს მოუღებს.
„ჩვენ არ გავჩერდებით მხოლოდ იმ დამნაშავეების დაპატიმრებებზე, რომლებსაც ქუჩებში ვხედავთ“, – გამაფრთხილებად თქვა მან, – „ჩვენთვის დამნაშავეობასთან ბრძოლა – ეს უფრო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის ტერორისტული ორგანიზაციების აგურ-აგურ დაშლა და დანგრევა, ანუ იგივე, რასაც ტერორისტული კარტელების წინააღმდეგ ვაკეთებდით. ჩვენ იგივე მეთოდის გამოყენება გვინდა „ანტიფას“ წინააღმდეგაც“.