1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შანტაჟით მშვიდობას ვერ დაარღვევენ”-ირაკლი კობახიძე

“ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შანტაჟით მშვიდობას ვერ დაარღვევენ”-ირაკლი კობახიძე

“ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შანტაჟით მშვიდობას ვერ დაარღვევენ”-ირაკლი კობახიძე
59
0

საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები პოლიტიკური და ფინანსური შანტაჟით მშვიდობას ვერ დაარღვევენ, ვერ შეაჩერებენ ეკონომიკურ წინსვლას და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს, საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ. მასშტაბური აგროკომპლექსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებლად და ბუნებაში გასაშვებად შექმნა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, რაც დარგის სპეციალისტებმა ჩემზე უკეთ განმარტეს.

როგორც ცნობილია, ეს არ არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის, თუმცა, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ის განსაკუთრებულად კარგად აჩვენებს ამ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

ქართველებს არ გვაქვს ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა. ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი ისტორია და ბუნებაა. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ განსაკუთრებით მასშტაბურ ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი, წლების მანძილზე, სწორედ ამ ორი მიმართულებით ახორციელებს.

წინა ხელისუფლების მიერ „ჩარეცხილად“ შერაცხულ ინტელიგენციაზე ზრუნვა, ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სამების ტაძრის მშენებლობა, ქართულ პოლიფონიაზე ზრუნვა და ბიძინა ივანიშვილის სხვა მასშტაბური საქველმოქმედო ინიციატივები სწორედ საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების მოფრთხილებისა და შენარჩუნების პატრიოტულ საქმეს ემსახურება.

გაშენდა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, შეიქმნა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა მასშტაბური სანერგე მეურნეობები, რომლებშიც ასეულობით ქართული და ასეულობით უცხოური ვაზის ჯიში, აგრეთვე ასეულობით სახის ხეხილოვანი კულტურა გაშენდა. თბილისს გადაეცა იპოდრომის ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დედაქალაქის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებელი აგროკომპლექსიც მორიგი საქველმოქმედო პროექტია, რომელიც უნიკალური ქართული ბუნების შენარჩუნებას ემსახურება“,- აღნიშნავს კობახიძე.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ამ და სხვა მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟისა და სერიოზული ფინანსური სირთულეების შექმნის ფონზეც აგრძელებს.

„სწორედ ასეთ ადამიანს – ქველმოქმედს, მეცენატს, ადამიანს, რომელმაც კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ბუნების ფასი და უბრალოდ, უყვარს ეს ქვეყანა, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ოლიგარქად მოიხსენიებენ.

ამის მიზეზი არის არა ის, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მეცენატობას და ქვეყნის სიყვარულს ვერ ხედავენ, არამედ, პირიქით, ისინი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ქველმოქმედებას, მეცენატობას და საკუთარი ქვეყნის, მისი ისტორიისა და ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ.

სინამდვილეში, საქართველოს არაკეთილმოსურნეების ლექსიკონის მიხედვით, ოლიგარქი არის პატრიოტის, ხოლო პოლიტიკაზე ჭარბი გავლენა – საკუთარი ქვეყნის ჭარბი სიყვარულის სინონიმი.

საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების ქართველი პარტნიორები არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის საპირისპირო დამოკიდებულებას გამოხატავენ. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებიც ხშირად ღიადაც ებრძვიან საკუთარი ქვეყნის ისტორიას და მის მომავალს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ნაცვლად, უცხო ქვეყნის „სიყვარული“ ამოძრავებთ.

საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ითხოვენ „მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. ამ ადამიანებმა სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს თუკი რაიმე ჭარბი გავლენა აქვს, ეს არის სწორედ ზემოთ აღწერილი საქველმოქმედო ინიციატივებითა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით განპირობებული საზოგადოების განწყობა მის მიმართ. სწორედ ამ განწყობიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ეკონომიკური პროცესებიდან და საჯარო ცხოვრებიდან დისტანცირების პირობებშიც კი არის ფაქტორი, რომელიც ხალხს ეიმედება და საქართველოში მშვიდობას, სიმშვიდეს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამ გაგებით, ბიძინა ივანიშვილის „ჭარბი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ გამოხატულია იმით, რომ საქართველოში არის არა ომი, არამედ მშვიდობა, საქართველოში არის არა ეკონომიკის რეცესია, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოში არის არა არეულობა, არამედ სიმშვიდე.

საქართველოს არაკეთილმოსურნეებს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მათ, უმძიმესი შანტაჟის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილს ომისკენ ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და ნაცვლად იმისა, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში შემობრუნებას და ქვეყნის განადგურებას დათანხმებოდა, დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის საქართველოს ბუნების გალამაზებითა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით არის დაკავებული.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, პოლიტიკაში იმ ღირებულებებითა და პრინციპებით იმოქმედოს, რომლის მაგალითსაც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გვაძლევდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეებისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და მისი პოლიტიკა ზუსტად ისევეა მიუღებელი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერც პოლიტიკური და ვერც ფინანსური შანტაჟით, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები საქართველოში ვერც მშვიდობას და სიმშვიდეს დაარღვევენ, ვერც ეკონომიკურ წინსვლას შეაჩერებენ და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს შეაჩერებენ. საქართველო გაიმარჯვებს!“,- წერს კობახიძე „ფეისბუქზე“.