ქვეყანაში სამართალი რომ იყოს, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს თავის წიგნებს -პეტრე ცისკარიშვილი
ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის კლანს არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის გორის ოფისში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, „სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად ამ რეჟიმს მიშასი ეშინია“.
„იციან, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნით, მისი რეფორმებით, რომელიც რვა წლის განმავლობაში გაატარა, იმ ხედვით, რომელიც სააკაშვილს აქვს საქართველოს მომავლისთვის, აქ ალბათ უკვე შეკრებილი იქნებოდა ათასობით ადამიანი. მათ შორის ის ხალხი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მათი მხარდამჭერები არიან, ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრი იდგებოდა მიშას გვერდით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ჰყავთ ჩაკეტილი, იზოლირებული, მაგრამ 26 ოქტომბერი იქნება ისტორიული დღე, როდესაც ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს საქართველოსთან ერთად, შემოატრიალებს ჩვენს კურსს ევროპისკენ. არავის სურს იზოლაცია და სიღატაკე. ჩვენ ეს არჩევანი უკვე ისტორიულად გავაკეთეთ ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.