ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში ჩაატარა
22 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა, გურიის რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ოზურგეთში, მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, უფასოდ ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 90-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 52 ვეტერანი, ხოლო 38 ვეტერანის ოჯახის წევრი იყო, ამასთან, განხორციელდა 140 სამედიცინო ვიზიტი.
„ აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე.
საქველმოქმედო აქციაში, მონაწილეობა მიიღო ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, პედიატრი) ჯგუფმა 15 ექიმის შემადგენლობით. აქცია ჩატარდა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში’’სააქიმო’’, რომლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინა გოგუაძეს, თანადგომისთვის სამსახური მადლობას უხდის;
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.