ქართული პოლიტიკა – რუსული მოდელით – რას წერს გერმანული პრესა
გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ქართული პოლიტიკა – რუსული მოდელით“ (ავტორი – შტეფან შოლი).
მასალაში გადმოცემულია თბილისში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის გარემოებები და ხელისუფლების მოქმედება მომიტინგეთა მიმართ. პუბლიკაციაში ასევე განხილულია ქართული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთავარი დებულებები, რომელთა წინააღმდეგ საქართველოს საზოგადოების ნაწილი გამოდის – რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი მედიის საშუალებათა წარმომადგენლები, აგრეთვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.
გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:
„მათაც შავი ფორმა აცვიათ, შავი ჩაფხუტებით, მსგავსი აღჭურვილობით… ისეთივე გაავებით ესხმიან თავს დემონსტრანტებს… საქართველოს უშიშროების ძალების ტექნიკა და ტაქტიკა, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის ცენტრში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცოპერაციებს ატარებენ, ძალიან ჰგავს ვლადიმერ პუტინის „კოსმონავტების“ – რუსეთის უშიშროების სამსახურის ოპერატიული ქვედანაყოფების – შიშის ჩამნერგავ გარეგნობას და მათ მოქმედებას: ქართული სპეცრაზმელებიც, რუსების მსგავსად, მომიტინგეებს იჭერენ და ფიზიკურად უსწორდებიან“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციის ბანაკში გადავიდა, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დამცინავად უწოდებს „რუსულ ოცნებას“. მთავრობის ოფიციალური განცხადებების მიხედვით, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ, მაგრამ მისი ყოველდღიური პოლემიკა და პრაქტიკული მოქმედება სულ უფრო მეტად არის მიმართული დასავლეთის საწინააღმდეგოდ… და ეს იმის მიუხედავად, როცა რუსეთი სამხედრო დახმარებას უწევს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს – აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ – ბოლო 30 წლის განმავლობაში (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შედეგად კრემლმა აღნიშნულ რეგიონებში სამხედრო ბაზები შექმნა და აქედან გამომდინარე, რუსეთი ქართველების მიერ ოკუპანტ სახელმწიფოდ არის მიჩნეული).
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხი გასცა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ზემოხსენებული კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უცხოელი დიპლომატები ქვეყნის ხელისუფლებას კანონთა მიღება-არმიღებას კარნახობენ და, ამრიგად, საქართველოს საკანონმდებლო პროცესზე გავლენას ახდენენ. თავის მხრივ, ოპოზიციაც მთავრობას ბრალს უყენებს – რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის სისტემას, რომელსაც ამჟამად ოპოზიცია არ ჰყავს, აწყობს „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, „რუხი კარდინალის“ ბიძინა ივანიშვილის – საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის – მოქმედება, რომელმაც თავისი ქონება ძირითადად მოსკოვში დააგროვა.
„ბიძინა ივანიშვილი მილიარდერია, იგი ყველაფერს ფულით ზომავს“, – განმარტავს კანონპროექტის მიზანს გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი, – მას ყველა ფინანსური ნაკადის გადაკეტვა სურს, რომლებსაც თვითონ ვერ აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილი პარანოიდული შიშის ქვეშაა და ეჭვით არის შეპყრობილი – იგი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან შემოსული ფულით დასავლეთი მის დამხობას ამზადებს“.
ქართული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თვლიან, რომ კრემლს დიდი ხანია სურს საქართველოს დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე და ამ მიზნის მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით სარგებლობს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დასავლეთს საქართველოში უკრაინის „მაიდნის“ მსგავსი რევოლუციის განხორციელება სურს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დასავლურად განწყობილი ოპოზიცია მოიყვანოს. ამასობაში კი, თბილისში დემონსტრანტების შეკრების კვალობაზე, „ქართველი კოსმონავტები“ კვლავ გამოჩნდნენ ხელკეტებით და მზად არიან აქციის მონაწილეთა შესავიწროებლად.
მოამზადა – სიმონ კილაძემ