1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქალბატონო ელჩო, მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ქართველ ხალხს, შეგხვდეთ სასაუბროდ”- დავით ოქიტაშვილი კელი დეგნანს მიმართავს
“ქალბატონო ელჩო, მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ქართველ ხალხს, შეგხვდეთ სასაუბროდ”- დავით ოქიტაშვილი კელი დეგნანს მიმართავს

“ქალბატონო ელჩო, მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ქართველ ხალხს, შეგხვდეთ სასაუბროდ”- დავით ოქიტაშვილი კელი დეგნანს მიმართავს

844
0

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, საქართველოში  აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს და ქართულ ინტელიგენციასთან სასაუბროდ შესახვედრად იწვევს.

ოქიტაშვილი ელჩსა და ამერიკელ ხალხს სტრატეგიული პარტნიორის მიმართ საკუთარ პატივისცემას უდასტურებს და აღნიშნავს, რომ სურვილი აქვს ელჩს საკუთარი ქვეყნის „1800 წლოვანი და კიდევ ბევრად მეტი პატარა ქვეყნის ტკივილი და წარმატება“ უამბოს.

„ღია წერილი ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს

მოგესალმებით ქალბატონო ელჩო, მივესალმები ამერიკელ ხალხს.

ჩემი პატივისცემა იმ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც წლების განმავლობაში არ წყვეტდა ქართველი ერის დახმარებას, ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან ერთად. ჩემი ქვეყნის იდენტობა გადის მრავალსაუკუნოვან კულტურაზე, მეც ერთ-ერთი მისი წარმომადგენელი გახლავართ.

მინდა, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით მოგმართოთ. ბევრჯერ ყოფილა ჩემი ქვეყანა უზარმაზარი საფრთხის წინაშე, აურაცხელი მტერი გვედავებოდა ჩვენს ტერიტორიას, კულტურას, თუმცა, სწორედ გონივრული პოლიტიკის წყალობით, დღემდე მოვედით, ქართული სიტყვით და ქართული სულით. დღესაც, როდესაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ჩვენს კონტინენტზე კი ცხარე ომია, ჩემი ქვეყნის მთავრობამ, გონივრული და სწორი პოლიტიკით, შეძლო ომის თავიდან აცილება, მადლობა მათ ამისთვის.

რაც შეეხება თქვენს რიტორიკას (რომელიც ასე ემთხვევა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრების ნარატივს), ღრმად მაფიქრებს და ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ. ქალბატონო ელჩო, არ გამოიყენოთ ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური ზრახვებისთვის, საზარბაზნე ხორცად არ გვაქციოთ, არ მოიტყუოთ, რომ არ შეხვედრილხართ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არ ითამაშოთ ჩვენი პატრიოტული ემოციების ხარჯზე!

მეცენატები ეხმარებოდნენ კულტურას, კულტურა ქმნიდა პოლიტიკას ჩვენში, სწორედ ამ ტიპის მოღვაწეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ის გავიდა პოლიტიკიდან მას მერე, რაც ქვეყანას სწორი განვითარების გზა გამოუჩნდა. ახლა კი შიდა და გარე მტრები ცდილობენ ჩვენი რელსებიდან ჩამოგდებას. ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ მთავარ მტრად წარმოგიდგათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ასე არ არის…

 

ქალბატონო ელჩო, მე მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას, ქართველ ხალხს, თქვენ მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ, ჩვენი საფუძვლიანი შიში და სიმართლე გითხრათ თქვენ – დიდი ქვეყნის შვილს, ჩემი 1800 წლოვანი და კიდევ ბევრად მეტი პატარა ქვეყნის ტკივილი და წარმატება მოგიყვეთ, ეგებ დაგარწმუნოთ, როგორ არ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ ომში, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის.

 

პატივისცემით, დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი,“ – ნათქვამია დავით ოქიტაშვილის ღია წერილში.

 

 დღეს,   საქართველოს  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება, გაავრცელა,  რომლითაც ის ქვეყანაში უკანასკნელ ხანს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკისაგან და ქვეყნის მმართველობისაგან აბსოლუტურად დისტანცირებულია.

წერილის ბოლოს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ელჩთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შესახებ.

„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა,” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.