1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „პუტინის ოქროს სტრატეგია: რატომ არ მოქმედებენ ეფექტურად დასავლეთის ანტირუსული სანქციები“ – Asia Times
„პუტინის ოქროს სტრატეგია: რატომ არ მოქმედებენ ეფექტურად დასავლეთის ანტირუსული სანქციები“ – Asia Times

„პუტინის ოქროს სტრატეგია: რატომ არ მოქმედებენ ეფექტურად დასავლეთის ანტირუსული სანქციები“ – Asia Times

1.17K
0

კანადის გაზეთმა „ეიჟე თაიმსმა“ (Asia Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინის ოქროს სტრატეგია: რატომ არ მოქმედებენ ეფექტურად დასავლეთის ანტირუსული სანქციები“ (ავტორი – რობერტ ჰიუიში, კანადის დალჰაუზის უნივერსიტეტის დოცენტი). „რუსული ოქრო მილიარდობით დოლარზე თავისუფლად იყიდება, მაქსიმალური ფასით, რის შედეგადაც კრემლი თავს არიდებს იმ 16 ათას სანქციას, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს 16 ათასი სანქცია აქვს დაწესებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, „სამხედრო რელსებზე გადაყვანილი რუსული ეკონომიკა 2023 წელს 3,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს, პროგნოზების მიხედვით, კიდევ 2,6%-ით მოიმატებს.

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 6% სამხედრო ხარჯებს ემსახურება. იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერა და ვერ აგროვებს საკმარის იარაღს, ფინანსებს და ახალწვეულებს ჯარის შესავსებად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი სამომავლო გეგმების რეალიზებაში სრულიად დარწმუნებულია.

როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულმა 16 ათასმა სტრატეგიულმა სანქციამაც კი ვერ ჩაშალა ვლადიმერ პუტინის განზრახვები?

ოქროს როლი

ყველაფრის თავი და თავი ოქროა – ყვითელი ფერის ლითონი, რომელიც ოდითგანვე სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს.

დასავლეთი ვარაუდობდა, რომ რადგანაც მის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს გრძელვადიანი და სტრატეგიული ხასიათი აქვს, იმ სფეროებს დაარტყამდა და ჩამოშლიდა, რომლითაც რუსეთი „სულდგმულობს“. შესაბამისად, ეკონომიკური სანქციები მიმართული იქნა რუსეთთან სატრანსპორტო კავშირების (ავია, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის) და ენერგომატარებლებით ვაჭრობის შეწყვეტისათვის, მაგრამ ოქროს ბაზარს სანქციები პრაქტიკულად არ შეხებია. უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეწყვიტა მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ძლიერი ბროკერია და რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოქროს მარაგის მფლობელია.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, რუსეთი დღეს მსოფლიოში ოქროს მწარმოებელ მეორე ქვეყანას წარმოადგენს. „ძვირფასი ყვითელი ლითონის“წარმოების მოცულობით (324,7 მეტრული ტონა) 2023 წელს რუსეთი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩა (374 ტონა). მოსალოდნელია, რომ 2026 წლამდე რუსეთი ოქროს მოპოვებას ყოველწლიურად 4%-ით გაზრდის.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დასავლური სანქციებისათვის 2013 წლიდან ემზადებოდა და შეძლო თავისი ეკონომიკის მეტ-ნაკლებად იზოლირება დასავლური ეკონომიკისგან, შედარებით უსაფრთხო გახადა ზემოქმედებისაგან, რისთვისაც დოლარების დაგროვება იყო საჭირო. 2022 წლისათვის რუსეთმა თავისი ვალუტა – რუბლი – ოქროს მიაბა და ახლა 5 ათას რუბლად ერთი უნცია (28,3 გრამი) სუფთა ოქროს ყიდვა შეიძლება. გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ რუბლის ღირებულება ოქროს სტანდარტზე გადასულიყო და, ამრიგად, რუბლი ოქროს საიმედო შემცვლელი გამხდარიყო ფიქსირებული კურსით.

ჩვეულებრივად, ოქროს რეზერვის დანიშნულება აიხსნება მის გამოყენებაში საერთაშორისო გადახდებისა და გარიგებების დადების დროს – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ოქროს მფლობელებს შეუძლიათ რამდენიმე ბირჟაზე ივაჭრონ: საჭიროების მიხედვით, ყვითელი ლითონის გადაცვლა შეუძლიათ ვალუტაზე, ან ვალუტით ოქროს ზოდები იყიდონ, ან გადახდა სულაც ოქროთი აწარმოონ, კონვერტირებადი ვალუტის ნაცვლად. ასე, მაგალითად, ვენესუელა, რომელიც უამრავი სანქცია აქვს გამოცხადებული, ირანის მიერ ნავთობის მოპოვებაში გაწეული დახმარების სანაცვლოდ, თეირანს თავის ოქროს ზოდებს უგზავნის.

გარდა ამისა, ოქროს მარაგში ქვეყნები გარანტიას ხედავენ ფინანსური რყევებისაგან თავის დასაცავად. ბევრი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი ოქროს სწრაფი ტემპით ყიდულობს: 2022 წელს 1073 მეტრული ტონა ოქროს შესყიდვა განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მეტრული ტონა დაახლოებით 65 მილიონი დოლარი ღირს, ეს ნიშნავს, რომ 2023 წლის დასაწყისისათვის მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში 110,6 მილიარდი დოლარის ოქრო იყო შენახული.

ოქროს ფასების რყევა

ჩინეთი არამარტო მსოფლიოში ოქროს წამყვანი მწარმოებელია, არამედ მეორე ადგილზეა მისი შესყიდვის დონით. 2022 წელს პეკინმა 67,6 მილიარდი დოლარის ოქრო შეისყიდა და ამ მხრივ მხოლოდ შვეიცარიას ჩამორჩა, რომლის ოქროს იმპორტმა 94,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინეთის სიყვარული ოქროს მიმართ იმითაა ნაკარნახევი, რომ საკუთარი ვალუტა – იუანი – იყოს სტაბილური. 2022 წელს შანხაიში უძრავი ქონების მყიდველები კომპანიებისაგან არცთუ იშვიათად ორ ოქროს მონეტას იღებდნენ ბონუსის სახით.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მტკიცებით, ოქროს ბირჟა კონფლიქტების დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილია ინვესტიციებისათვის, თუმცა ეს რომ მართალი იყოს, ოქროს ბაზარი თუთანჰამონის დროიდან უწყვეტად არ გაიზრდებოდა და დღეისათვის ფასები ცას არ მიწვდებოდა.

მოკლედ, ოქრო ძვირდება და იაფდება – ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი და ქონება. აი, ამიტომაც ვლადიმერ პუტინის მიზანი – რუბლი სუფთა ოქროდ გადააქციოს – რაიმე გენიალური აზრი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი მეთოდი, მაგრამ საკმაოდ დახვეწილი, უკრაინის ომის ფონზე.

დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა რუსეთის ოქროს არ ყიდულობენ, სამაგიეროდ სხვები ამას დიდი სურვილით აკეთებენ. ბრიტანული სანქციების შემდეგ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 2022 წელს 96,4 ტონა რუსული ოქროს იმპორტი განახორციელეს (ანუ 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობით). ეს 15-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს, როცა ოქროს იმპორტმა მხოლოდ 1,3 ტონა შეადგინა (84,5 მილიონი დოლარი).

არავისთვის საიდუმლო არ არის, თუ რატომ დაფრინავდნენ დუბაიდან რუსეთისაკენ და პირიქით უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ ბევრი კერძო თვითმფრინავი – მათ ოქრო გადაჰქონდათ.

რუსული ოქროს კიდევ ერთი მსხვილი მყიდველი შვეიცარიაა. 2022 წელს ამ ქვეყანამ 75 ტონა რუსული ოქროს იმპორტი მოახდინა (მოსკოვს 4,87 მილიარდი დოლარი გადაუხადა), ხოლო 2023 წელს კიდევ 8,22 მილიარდი დოლარის ტოლფასი რუსული ოქრო საემიროების მეშვეობით, ასევე 3,92 მილიარდის ტოლფასი ოქრო უზბეკეთიდან, რუსეთის მეზობლისაგან.
რუსული ოქრო მილიარდობით დოლარის ოდენობით თავისუფლად იყიდება მაქსიმალური ფასით. კრემლი კი მიღებული ფულით ყველაფერს ყიდულობს, 16 ათასი სანქციის მიუხედავად.

აი, ამიტომაც გლობალურ ანტირუსულ სანქციებს არაფერზე გავლენა არ მოუხდენიათ, მცირე გამონაკლისის გარდა. მაგრამ იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინის გეგმამ ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოს, ოქროს ფასმა უნდა მოიმატოს. კრემლის გრძელვადიანი მიზანი ისაა, რომ მსოფლიოს სავაჭრო ვალუტა დოლარი კი არა, არამედ ოქრო გახდეს.

სამომხმარებლო აქტიურობა

აი, ამ შემთხვევაში დამხმარის როლი შეიძლება ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეასრულონ. სწორედ ისინი წყვეტენ ბევრად, თუ რა იქნება შემდეგ.

დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში საერთაშორისო დისკონტური საწყობის (ოქროს მაღაზიების) Costco-ს ნებისმიერ კლიენტს შეუძლია თავისთვის ერთი უნცია შვეიცარიული ოქრო შეიძინოს. ეს ფულის სპეკულაციური გადაცვლა არ არის. ოქრო ფასები, სხვა პროდუქციისაგან განსხვავებით, ოთხჯერ არ გაიზრდება. ანუ ოქროს ყიდვა ნიშნავს, რომ შენს ფულს რთულ სიტუაციაში (კრიზისები, კონფლიქტები…) ინფლაციისა და დევალვაციისაგან იცავ. ოქრო, შეიძლება ითქვას, „განკითხვის დღის“ ვალუტას წარმოადგენს.

თუ ჩრდილოამერიკელი მომხმარებლები, ცენტრალური ბანკები და ინვესტორები, გარკვეულ მომენტში გარკვეული სიტუაციის დროს პანიკაში ჩავარდებიან და მასობრივად დაიწყებენ ოქროს შესყიდვას და მისი ფასები ცას მისწვდება, ამ დროს ვლადიმერ პუტინის გეგმა კარგად იმუშავებს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკელმა მომხმარებლებმა 100 მილიონი დოლარის ოქროს ზოდები მხოლოდ Costco-ს ქსელის მეშვეობით შეიძინეს. არის თუ არა მათში რუსული ოქრო? იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ოქრო იყიდეს რუსეთისაგან შვეიცარიამ და საემიროებმა 2022 -2023 წლებში, დიდი ალბათობით, არის.

ვისაც მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით არ სურს რუსული ოქროს ყიდვა, მას შეუძლია კანადური ოქროს მონეტები იყიდოს, რომლის დასამზადებლად ყვითელ ლითონს კვებეკში მოიპოვებენ. მაგრამ ცენტრალურ ბანკებს ოქროზე დიდი მოთხოვნა აქვთ და ისინი რუსულ ოქროს სიამოვნებით ყიდულობენ დიდი რაოდენობით.

გაფერმკრთალებული ბრწყინვალება

ვლადიმერ პუტინის გეგმის ჩასაშლელად ოქრომ თავისი ბრწყინვალება უნდა დაკარგოს. ოქროს მიწოდების ზრდა, ანუ ჭარბწარმოება მის ფასს შეამცირებს. ამაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ავსტრალიას, კანადას და ამერიკის შეერთებულ შტატებს – როგორც ოქროს წარმოების წამყვან ქვეყნებს.

საპროცენტო განაკვეთების ზრდაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ოქროს ფასის შემცირებას. ოქროს სახელმწიფო აქტივების მასობრივი გაყიდვასაც ასევე შეუძლია რუსული რუბლის კურსის დაცემა, მაგრამ ამ დროს ამერიკული და კანადური დოლარიც დაზარალდება.

თავისთავად არცერთ პოლიტიკას არ შეუძლია კრემლის მიზნების ჩაშლა – ამისათვის საჭირო გახდება რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა და ამაში არაბთა გაერთიანებული საემიროების ჩართვა.

უკვე დაწესებული 16 ათასი ანტირუსული სანქციის გათვალისწინებით, საემიროების მიერ მიღებული ანტირუსული სანქცია (ანუ უარი რუსული ოქროს შესყიდვაზე) შეიძლება ისეთი ოქროს კვერცხი გახდეს, რომელიც ესოდენ საჭიროა ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.

წყარო