1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინის ჰოკეის დიპლომატია მოწმობს, რომ სპორტი “რბილი ძალის” როლს ასრულებს”-The Guardian
“პუტინის ჰოკეის დიპლომატია მოწმობს, რომ სპორტი “რბილი ძალის” როლს ასრულებს”-The Guardian

“პუტინის ჰოკეის დიპლომატია მოწმობს, რომ სპორტი “რბილი ძალის” როლს ასრულებს”-The Guardian

115
0

ამას წინათ ბოსტონსა და მონრეალში ჩატარებულმა ოთხ ეროვნულმა ტურნირმა ჰოკეიში (აშშ-ის, კანადის, ფინეთისა და შვედეთის მონაწილეობით), რომელშიც რუსეთი, გასაგები მიზეზების გამო, მიწვეული არ იყო, ჰოკეის ერთ-ერთი რუსი აქტიური და გავლენიანი გულშემატკივარი აშკარად გააღიზიანა“, – წერს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით: „პუტინის ჰოკეის დიპლომატია მოწმობს, რომ სპორტი „რბილი ძალის“ როლს ასრულებს“ (ავტორი – ქრის მაიკლი). პუბლიკაციაში გაანალიზებული დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის სპორტული სეგმენტი – კრემლის წინადადება თეთრ სახლს ჰოკეის მატჩის ჩატარების თაობაზე.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

იმ ფონზე, როცა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ტელეფონით საუბრის დროს თითქოსდა შეთანხმდნენ ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმის შეწყვეტაში, რის შემდეგაც რუსეთმა ისევ გააგრძელა დაბომბვა, ერთი გარიგება მაინც ნათელია – აშშ და რუსეთი ჰოკეის მატცების ჩატარებას განაახლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოკეის მატჩების ჩატარება ამერიკელი და რუსი სპორტსმენების მონაწილეობით, ერთი შეხედვით, კეთილშობილ ღონისძიებად გამოიყურება, ეს ინიციატივა დონალდ ტრამპის კიდევ ერთ დათმობას ნიშნავს ვლადიმერ პუტინის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტის წინა „საჩუქრებისაგან“ განსხვავებით – ოკუპირებული ტერიტორია რომ რუსეთის ხელში რჩება, უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიები რომ საეჭვო ხდება და რომ უკვე არის მინიშნება რუსეთის მიმართ სანქციების სავარაუდო გაუქმებაზე – შეთანხმება სპორტული შეხვედრის მოწყობის თაობაზე ისეთი „რბილი ძალის“ ტრიუმფს წარმოადგენს, რომელიც ციგურებითა და მისი თასმებით არის გამოხატული.

ვლადიმერ პუტინს ჰოკეი უყვარს, ის თვითონაც კარგად თამაშობს. რუსეთი აღიარებულ ლიდერად ითვლება სპორტის ამ სახეობაში, მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო მოთამაშეები რუსეთიდან გარბიან, რათა სხვადასხვა ქვეყნების ჰოკეის ეროვნულ ლიგებში ითამაშონ. მიანი გასაგებია: იქ ფულიც მეტია და დიდებაც უფრო „ხმამაღალი“.

ამიტომაც რუსეთის გარიყვამ (სანქციების გამოცხადებით) ყველა საერთაშორისო ჰოკეის ტურნირებიდან, უკრაინასთან ომის დაწყების გამო, ვლადიმერ პუტინის პატივმოყვარეობა შელახა და იგი ძალიან გაღიზიანდა.

რუსული ჰოკეი ყოველთვის იყო გეოპოლიტიკასთან მჭიდრო კავშირში. საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს XX საუკუნეში აშკარად გასამხედროებული სახე ჰქონდა: მოთამაშეები საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ, ჰოკეის კლუბები კი შეიარაღებული ძალების სტრუქტურებს წარმოადგენდნენ. მწვრთნელებს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ჰქონდათ. ჰოკეისტები მთელი 11 თვის განმავლობაში ყაზარმებში ცხოვრობდნენ. როცა საბჭოთა ჰოკეისტებმა ამერიკელებთან შეხვედრები (და გამარჯვებების სერია) დაიწყეს, მატჩები მათი მონაწილეობით ორი იდეოლოგიის შეტაკების სიმბოლო ხდებოდა. კომუნისტები, რომლებიც ბავშვობიდანვე კოლექტიურ თამაშს იყვნენ მიჩვეულები, იბრძოდნენ ინდივიდუალისტების – ამერიკელი და კანადელი პროფესიონალების წინააღმდეგ, რომლებიც გოლის გატანას ერთპიროვნულად ცდილობდნენ (და როცა არ გამოსდიოდათ, რუს საბჭოელებს თავში ჰოკიჯოხებს ურტყამდნენ). 1960-70-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ექვსიდან ხუთი ოქროს მედალი მოიგო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩებში. რუსებმა მხოლოდ ორჯერ წააგეს – 1972 წელს კანადასთან (საპოროში) და 1980 წელს – აშშ-სთან (ლეიკ-პლესიდში). სწორედ ლეიკ-პლესიდის მატჩი იქცა ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღების მიზეზად, რომელშიც მთავარ როლს კურტ რასელი ასრულებს („სასწაული“, 2004 წელი).

ჰოკეის მატჩების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რომ უფრო სრულად შევაფასოთ, ყურადღება მივაქციოთ ამას წინათ ჩატარებულ ოთხ ეროვნულ ტურნირს ჰოკეიში, რომლის დროსაც ამერიკელებმა და კანადელებმა ერთმანეთს თავგანწირვით დასცხეს, დონალდ ტრამპის მუქარის – კანადის 51-ე შტატად გადაქცევის – ფონზე. მოთამაშეებმა თავიანთი გრძნობები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ყინულზე ერთმანეთის ცემით გამოხატეს. საბოლოოდ მატჩი „ნეკერჩხლებმა“ (კანადელებმა) მოიგეს, რამაც მათ გულშემატკივრებში ნამდვილი გრიგალისებური ოვაცია გამოიწვია. არაფერი რომ არ ვთქვათ კიდევ ორ ქვეყანაზე – შვედეთზე და ფინეთზე, რომელთაც რუსეთი ყოველთვის უგებდა, ტურნირში მათი მონაწილეობის ფონზე ვლადიმერ პუტინი თავს დამცირებულად გრძნობდა. ალბათ, უკვე გასაგებია, თუ რატომ წამოაყენა ჰოკეის მატჩების განახლების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა იმ კონფლიქტზე საუბრის დროს, რომლის მსგავსი 1945 წლის შემდეგ ევროპაში არ მომხდარა.

ისევე როგორც საუდის არაბეთმა, რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ სპორტს „რბილი ძალის“ თვისება აქვს. შესაბამისად, საერთაშორისო ყინულზე რუსეთის გუნდის დაბრუნებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ ქვეყნის მოსახლეობისათვის, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. მით უმეტეს, თუ ეს მოხდება იმ მომენტში, როცა ალექსანდრე ოვეჩკინი, ყველა დროის რუსი საუკეთესო ჰოკეისტი, ამჟამად კი აშშ-ის ეროვნული ჰოკეის ლიგის კლუბის „ვაშინგტონ კეპიტალზის“ კაპიტანი (და იმავდროულად ვლადიმერ პუტინის ფანატთა კლუბის დამაარსებელი), ემზადება კანადელ უეინ გრეტსკის გუნდთან თამაშისათვის. და თუ იგი წარმატებას მოიპოვებს, ერთნაირად „სასიხარულო იქნება“ ამერიკელებისა და რუსებისათვის.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, იგი პუტინში მტერს კი არ ხედავს, არამედ თანასწორ ლიდერს – დიდ ადამიანს, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას ხელმძღვანელობს და მასთან – დონალდ ტრამპთან – ერთად იყოფს დანარჩენ მსოფლიოს. ცხადია, ტრამპისათვის „ოთხი ერის“ ტურნირი, ყველა შემთხვევაში, უინტერესოა, რადგან მისი მსოფლმხედველობის მიხედვით, პლანეტაზე მხოლოდ ორი ერი არსებობს. შესაბამისად, ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: კრემლის პრეს-ლოჟაში მჯდარი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთად უყურებენ მოსკოვის „ცესკას“ ყინულის არენაზე აშშ-ისა და რუსეთის ნაკრები გუნდების ჰოკეის მატჩს და ამ დროს უკრაინა საერთოდ დავიწყებული აქვთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: