პუტინის აზრით, არის უკრაინასთან მოლაპარაკების ორგანიზების შესაძლებლობა, მაგრამ კიევი ამისათვის მზად არ არის – Reuters
არის თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტი? მისი რუსი კოლეგა და სეხნია ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინას ირიდიულად არაუფლებამოსილი პირი ხელმძღვანელობს“, – ასეთი აზრია გატარებული ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „პუტინის აზრით, არის უკრაინასთან მოლაპარაკების ორგანიზების შესაძლებლობა, მაგრამ კიევი ამისათვის მზად არ არის“ (ავტორები – მაქსიმ როდიონოვი და რონა პოპესკუ).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები რთულდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის“ საკითხის გამო, რომელიც, მისი თქმით, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ქვეყნის მართვას აგრძელებს და არ აქვს უფლებამოსილება დოკუმენტების ხელმოსაწერად.
„მაგრამ, პრინციპში, თუ ისინი გაგრძელებას ისურვებენ, ამის სამართლებრივი გზა არსებობს. ნება მიეცით რადას თავმჯდომარემ იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინს, – „თუ სურვილი არსებობს, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის მოგვარება შესაძლებელია. თუმცა, ჯერჯერობით, უბრალოდ ვერ ვხედავთ ამის სურვილს”, თქვა მან.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მოლაპარაკებების და კომპრომისების ძიების სურვილს აჩვენებს, „მოლაპარაკებებს შესაძლოა ნებისმიერმა შესაფერისმა პირმა უხელმძღვანელოს. ბუნებრივია, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რაც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება”.
რუსეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია იმაზე დაყრდნობით, რომ მისი ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა და მას შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა.
თუმცა, უკრაინული მხარის თქმით, ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა მოქმედებს. კიევის თქმით, ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
თავის კომენტარებში პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მხარს დაუჭერენ მოლაპარაკებების იდეას, სამართლებრივი გზის პოვნა მარტივი იქნება. პუტინმა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ „შესაბამისი სიგნალი“ გაუგზავნა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ შესაძლებელია 2022 წელს უკრაინის მიერ ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულების გაუქმების გზის პოვნა, რაც, მისი თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებებს კრძალავდა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ეს განკარგულება, რომელიც რუსეთის მიერ ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსიის შემდეგ მიიღეს, კრძალავდა მხოლოდ მისი უფლებამოსილების მიღმა მოქმედ უკრაინულ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს და მიზნად ისახავდა სეპარატისტებთან მოლაპარაკებების დაბლოკვას.