1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს”-Corriere della Sera
“პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს”-Corriere della Sera

“პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს”-Corriere della Sera

100
0

იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერაში“ (Corriere della Sera) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს: რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს” (ავტორი – მარკო იმარიზიო). “სამწუხაროდ, უკრაინის არმია დამარცხებისთვისაა განწირული”, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

 

გთავაზობთ სტატიას უმნიშვნელო შემოკლებით:

 

კრემლი არ ისწრაფვის ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ახალი შეხვედრისათვის და თვლის, რომ ამის აუცილებლობა არ არის. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ მისი არმია მალე დაიკავებს ქალაქ კრასნოარმეისკს (პოკროვსკს) და უკრაინის არმიას გამანადგურებელ მარცხს მიაყენებს.

კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რა თქმა უნდა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა „თეორიულად შესაძლებელია“, მაგრამ მოცემული მომენტისათვის სამიტის „სასწრაფო აუცილებლობა არ არსებობს“. როგორც მან აღნიშნა რუსული საინფორმაციო სააგენტოსადმი მიცემულ ინტერვიუში, „ამჟამად აქტიური მუშაობაა საჭირო არა შეხვედრის ორგანიზების მიზნით, არამედ უკრაინასთან იმ შეთანხმების დადებისათვის, რომლის პირობები უკვე დიდი ხანია ცნობილია“.

თუმცა არც შეთანხმების დადებაა მაინცდამაინც საჩქარო – რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, პოკროვსკის აღება და კიევის არმიის დამარცხება ფრონტის ამ უბანზე რაღაც ბუნდოვან იმედს კი არა, არამედ გარდაუვალ და უცილობელ ფაქტს წარმოადგენს.

გავიხსენოთ რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოჩენა ალასკის სამიტზე უჩვეულო ჩაცმულობით – სვიტერით, რომელსაც რუსული წარწერა «СССР» „ამშვენებდა“. ქვეყნის მთავარ დიპლომატს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ანკორიჯში მიმდინარე საცირკო წარმოდგენას იგი სერიოზულად არ უყურებს. მოგვიანებით განვითარებულმა პროცესებმა მინისტრის სიმართლე დაამოწმეს – ალასკის შეხვედრა ფაქტიურად უშედეგო გამოდგა. შესაძლოა პრეზიდენტების რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ იმ მომენტში არ გაამხილეს, მაგრამ ახლა უკვე საკმაო დრო გავიდა და კონფლიქტის ირგვლივ რაიმე ახალი წინადადება ჯერ არ გახმიანებულა.

ამგვარი ჩიხური სიტუაციის მიზეზი მარტივი იყო და ახლაც ასეთად რჩება: როგორც ბევრი ექსპერტი ამბობს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რუსეთს არ აქვს განზრახული მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. კრემლი იმედოვნებს, რომ ომში გაიმარჯვებს. ამ საკითხში მოსკოვის მხრიდან რაიმე ორაზროვანი მიდგომა არ ჩანს: „ჯერ ვნახოთ, რით დასრულდება ომი დონბასში, შემდეგ კი ვილაპარაკოთ“.

სტამბოლში, ერ-რიადში და ანკორიჯში გამართული საშუამავლო თუ ორმხრივი შეხვედრებით რუსეთის პოზიცია ერთი მილიმეტრითაც კი არ წაწეულა. რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ ორი მიზანი შეესრულებინა – როგორმე დრო მოეგო და თავისი უარით ამერიკელი პარტნიორები არ გაეღიზიანებინა. ეს თავიდანვე აშკარად შესამჩნევი იყო.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც არაფერი ესმის ან ისეთ სახეს იღებს, რომ ვერაფერს გებულობს, არის თეთრი სახლის ბინადარი. ბუდაპეშტის სამიტის გაუქმების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა გარკვეული გაღიზიანებული ტონით თქვა, რომ მას აშშ-ის ლიდერმა თვითონ შესთავაზა შეხვედრა და ახლა თვითონვე აუქმებსო. სერგეი ლავროვმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის სამომავლო ურთიერთობა ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული და იქვე მიანიშნა, რომ რუსეთს ამგვარი შეხვედრები მაინცდამაინც არ აინტერესებს.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვლადიმერ პუტინის მოქმედების გაგება ძნელია, მაგრამ დონალდ ტრამპისა – კიდევ უფრო მეტად რთული.

წყარო