“პრობლემები კავშირებში – საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენენ”-რას წერს რუსული პრესა
რუსული ყოველდღიური ფედერალური გაზეთის „იზვესტიის“ (Известия) 21 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრობლემები კავშირებში- საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენენ“ (ავტორი – სემიონ ბოიკოვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთი და საქართველო, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაფართოების, აგრეთვე ავიამიმოსვლის ამასწინანდელი განახლების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ჯერ-ჯერობით მზად არ არიან. ორ სახელმწიფოს შორის შუამავლად ძველებურად შვეიცარია რჩება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ესაუბრა. ასევე არ მოხდება სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაც. რუსეთში აღნიშნავენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის ამ ეტაპზე მოვლენების დაჩქარება არ ღირს, რადგან „საჭიროა გარკვეული მუშაობის ჩატარება“.
მუშაობა ურთიერთობებზე.
მაისში ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა განახლდა, რომელიც 2019 წელს, რუსეთის ინიციატივით გაწყდა – საქართველოში მიმდინარე ანტირუსული გამოსვლების ფონზე. ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთად, რუსეთმა სავიზო რეჟიმიც გააუქმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის 2000 წლიდან მოქმედებდა. იმავდროულად მატულობდა ურთიერთვაჭრობის მოცულობაც: საქართველოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 75%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე. მოიმატა მოთხოვნილებამ ქართულ ღვინოზეც: ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი თითქმის 40%-ით გაიზარდა.
ბუნებრივია, ასეთ პოზიტიურ ფონზე ბევრი პროგნოზირებდა, რომ დიპლომატიურ სარბიელზეც დათბებოდა, მაგრამ… როგორც „იზვესტიას“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ოფიციალური თბილისი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს არ განიხილავს: „სამწუხაროდ, ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას“, – თქვა მან. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი დაკავშირებულია ტერიტორიულ პრეტენზიებთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით: „ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს რეგიონები რუსეთის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება“.
სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენაში პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ. წინა წლებში თბილისმა მოსკოვი ბევრჯერ დაადანაშაულა ამ დოკუმენტის დარღვევაში.
ზურაბ აბაშიძემ დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასევე არ განიხილება მოსკოვში და თბილისში სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხიც. ამის მიუხედავად, სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიური ურთიერთობა სტაბილურად და დინამიურად ფართოვდება. „სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რომლებიც 2012 წლამდე კავშირები საერთოდ გაწყვეტილი იყო, პრინციპში, 2013 წლიდან სტაბილურად იზრდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ მათი აღდგენა“, – განაცხადა „იზვესტიასთან“ საუბარში ქართველმა დიპლომატმა.
12 ივლისს, დასრულდა „ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, აგრეთვე აშშ-ის, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოსკოვმა კვლავ წამოაყენა ინიციატივა ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების მიზნით, ერთი მხრივ – თბილისის, მეორე მხრივ კი – სოხუმსა და ცხინვალს შორის. საქართველო უარს აცხადებს მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც არცერთს არ თვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
რუსეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიალოგის შენარჩუნებას საქართველოსთან ჟენევის ფორმატის ჩარჩოებში. როგორც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განუცხადა “იზვესტიის” ჟურნალისტს, ჟენევის ფორმატი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში შედარებითი სტაბილურობისა და პროგნოზირებულობის მეტ-ნაკლებ უზრუნველყოფას“. გრიგორი კარასინი, რომელიც 2008-2019 წლებში რუსეთის დელეგაციის მეთაური იყო საქართველოსთან მოლაპარაკებებში, ასევე ვარაუდობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ნაადრევია. მისი თქმით, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ურთიერთობის დინამიურ განვითარებას.
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართველი კოლეგები ძალზე დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებენ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სავიზო რეჟიმი გაგვეუქმებინა. ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ, მშვიდად იმოგზაურონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. აღდგენილია ავიამიმოსვლაც. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობით ორივე ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. დღის წესრიგის გააქტიურება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა მთლიანობაში“, – განმარტა გრიგორი კარასინმა.
ევროკავშირსა და „ევრაზეკს“ შორის
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს იქნა გაწყვეტილი. იმ დროს, 8 აგვისტოს, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საქართველოს არმიამ ცხინვალს შეუტია. ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ ქალაქში დაბანაკებული რუსი მშვიდობისმყოფელები. ამის საპასუხოდ რუსეთმა „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ჯარი შეიყვანა, ხოლო აფხაზეთის ნაპირებთან რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ხომალდები გამოჩნდნენ. „ხუთდღიანი ომის“ შედეგად, რომელიც ქართული არმიის განადგურებით დასრულდა, მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.
2008 წლიდან რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან კონტაქტებს შუამავლის – შვეიცარიის მეშვეობით ახორციელებენ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ასევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთკავშირები ინტეგრაციული გაერთიანებების დონეზეც. 2009 წელს საქართველო გავიდა დსთ-ის შემადგენლობიდან.
თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის განახლებას ბევრი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს – 2012 წელს გამართულ [საპარლამენტო] არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. უკვე 2012 წლის დეკემბერში დაიწყო მოლაპარაკების პრაღის ფორმატი, რომლის შედეგად რუსეთმა 2013 წელს მოხსნა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. 2022 წლისათვის კი რუსეთმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მეორე ადგილი დაიკავა თურქეთის შემდეგ – რუსეთის წილმა 13%-ს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წელს – 16%-ზე მეტს.
ვაჭრობის მოცულობამ ფულადი გამოხატულებით 2022 წელს 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. რუსეთის ექსპორტი საქართველოში უმთავრესად წარმოდგენილია მინერალური პროდუქტებით, ნახშირწყალბადებით (ენერგომატარებლებით), სურსათ-სანოვაგით, ქიმიური მრეწველობის პროდუქციით. რუსეთი საქართველოსგან ყიდულობს ღვინოს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს.
ივნისის ბოლოს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები აქვს და ამ ჩარჩოებიდან გასვლას არ აპირებს. თუმცა, რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტის დენის დენისოვის აზრით, მსგავსი განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი არ არის დაინტერესებული რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენით. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევნია ამის შესახებ საჯაროდ არ ილაპარაკოს.
„საქართველოსთვის რუსული ბაზარი იყო და ახლაც რჩება ყველაზე პრიორიტეტულ და ყველაზე საინტერესო ბაზრად. ამის სასარგებლოდ მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს: ტვირთების გადატანის სიახლოვე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ნორმები, რომლებიც უფრო რბილია, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნები“, – განმარტავს ექსპერტი „იზვესტიასთან“ საუბარში.
მისი თქმით, საქართველო ძველებურადაა დაინტერესებული რუსული ნედლეულისა და ენერგორესურსების შესყიდვით. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ტურისტული ნაკადის შენარჩუნება. დენის დენისოვი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვისათვის თბილისს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით: „საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის აგება შეუძლებელია“.