1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

324
0

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.

“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა.

მოგვიანებით, კერძოდ, 22 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე და „თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“.