პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
პარტია კი არ უნდა გააუქმო, არჩევნების გზით უნდა დაამარცხო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსი არჩევნებში მონაწილეობაა.
„ჩვენ „ქართული ოცნების” ლოგიკა არ გვესმის, ამიტომ ყველა შესაძლო შედეგისთვის მზად ვიყავით და ვართ. ვინ-ვინ და, „ლელოს” „ნაცმოძრაობის” გვერდით მოხვედრა სრულიად გაუგებარია. რაც ამ პარტიებს დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კარგად ვიცით, მაგრამ პოლიტიკური პარტია არჩევნებით უნდა დაამარცხო. ამიტომ პარტია კი არ უნდა გააუქმო, უნდა დაამარცხო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პარტიების გზა ბოიკოტი იყო. ფაქტობრივად, ამ პარტიებმა თავიანთი თავი თავად აიკრძალეს. ისინი ამბობენ, რომ „ოცნებასთან” ბრძოლაში, ქუჩის გარდა, არაფერს აზრი არ აქვს. მაშინ პარტია რაში სჭირდება? პარტია მაშინ გჭირდება, როცა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენ და „ლელომ” არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ. პოლიტიკური პარტია იმისთვის იქმნება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ჩემთვის ამ პარტიების ასეთი აღშფოთება ცოტა გაუგებარია, რადგან თავად აიკრძალეს თავი და თავად თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო, დამხობის შემდეგ, როცა ყველა კანონი გაუქმდება, არჩევნებში მონაწილეობას შემდეგ მივიღებთო. მაშინ, როცა სხვა ანტიდემოკრატიულ კანონებს როგორც გააუქმებენ, ასე გააუქმებენ ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებასაც. თუმცა ჩვენი პოზიცია ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხებაა”, – განაცხადა შარაშიძემ.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას” გამბედავი მოპასუხე გამოუჩნდა.
„ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკის ერთგულები ვართ. ჩვენ სწორმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ გადაგვარჩინა. იმის კომპლექსი არ გვაქვს, რომ ვთქვათ, პარტია გვჭირდება ხელისუფლების დასამარცხებლად. ეს პარტიები ამბობენ, რომ არ სჭირდებათ და მათ ნაცვლად როგორ გიპასუხოთ? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შევცვლითო და რაიმე მეშლება, არ ამბობენ? დაგველოდეთ. არჩევნების გზით შევცვლით. ერთი დღეა, შემოვედით და შევცვალეთ – „ოცნებას” განსხვავებული აზრის ეშინია, ხედავენ, რომ გამბედავი მოპასუხე ჰყავთ”, – განაცხადა შარაშიძემ.