1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტმა თარგმნა უკრაინის კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე დაიწყოს მსჯელობა – კობახიძე
პარლამენტმა თარგმნა უკრაინის კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე დაიწყოს მსჯელობა – კობახიძე

პარლამენტმა თარგმნა უკრაინის კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე დაიწყოს მსჯელობა – კობახიძე

441
0

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ​უკრაინაში უკვე ამოქმედებულია კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა თარგმნა.

 

„ჩვენ ვთარგმნეთ ეს კანონი, პარლამენტმა უზრუნველყო ამ კანონის თარგმნა და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე დაიწყოს მსჯელობა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც არის შექმნილი. ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი. პოზიციები თუ შეჯერდება ამ კანონის მიღებასთან და საქართველოს რეალობაზე ადაპტირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დისკუსიისთვის მზად ვართ, – განაცხადა კობახიძემ.

 

საკითხზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი, კობახიძემ აღნიშნა, რომ არის განსაზღვრული დეფინიცია.

 

„ოლიგარქის დეფინიციის ოთხი კრიტერიუმია დადგენილი – არის პირი, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური რესურსი და ეს ზღვარი არის დადგენილი, არის პოლიტიკაზე გავლენის კრიტერიუმი, მედიაზე გავლენის კრიტერიუმი და ასევე გარკვეული მონოპოლიური ან დომინირებული მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ამ პირს ეკონომიკის კონკრეტულ სფეროში. ამ ოთხიდან სამს თუ აკმაყოფილებს კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში, ის ითვლება ოლიგარქად და მასზე ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები და რეგულაციები. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს სპექტრს ხელისუფლების მხარდამჭერების მხარეს, ასეთი პირები ნაკლებად მოიძებნებიან; მაგრამ ოპოზიციის მხარეს არაერთი პირი არის, რომელიც ამ ოთხიდან სულ მცირე სამს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მათზე ბუნებრივია, გავრცელდეს ოლიგარქიის კანონი, შესაბამისი შეზღუდვები და რეგულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასტან, კობახიძის თქმით, არიან კონკრეტული პირები საქართველოში, რომლებიც აკმაყოფილებენ ოლიგარქის დეფინიციას.

 

„უპირველესად, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც ცალსახად ზღვარზე მეტ ფულს ფლობს; მას აქვს გავლენა პოლიტიკაზეც, მედიაზეც. შესაბამისად, ის ცალსახად ხვდება ოლიგარქის ცნების ქვეშ. ასევე, თვითონ სააკაშვილი, მისი ოჯახი – ისინი არიან ოლიგარქები, მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები, პირდაპირი გავლენა მედიაზე და პოლიტიკაზე; იგივე ეხება ხაზარიძე-ჯაფარიძეს – არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილი კავშირები ამ ყველაფერთან და შესაბამისად, აკმაყოფილებენ ოლიგარქის დეფინიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც, აქვს თუ არა მას ბევრი ფული და გავლენა პოლიტიკაზე.

 

„რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვთხოვეთ არაერთხელ ყველას, წარმოედგინათ ფაქტები, მტკიცებულებები, არგუმენტები. ვერც ერთხელ ვერც ერთი ფაქტი, მტკიცებულება და არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება ოლიგარქიის დეფინიციის შეფარდება კონკრეტული პირის მიმართ, ამას აკეთებს მაგალითად ეროვნული უშიშროების საბჭო უკრაინაში, ისინი კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ; ჩვენს შემთხვევაში, არის მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, იგივე კეზერაშვილი, ხაზარაძე არიან ოლიგარქები; ნული მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და შესაბამისად, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.