1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პანიკა თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს” -Daily Express
“პანიკა თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს” -Daily Express

“პანიკა თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს” -Daily Express

319
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პანიკა“ თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს“ (ავტორი – ელეონორა ბერლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო წლებში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაიაფებულმა ტურისტულმა მარშრუტებმა მთელ მსოფლიოში მოგზაურების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, მაგრამ თურქეთი ერთ-ერთ იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელშიც ტურისტების რაოდენობის ზრდა კი არა, შემცირება შეიმჩნევა.

და ახლა თურქეთს მეტოქე გამოუჩნდა – მისი ერთ-ერთი აღმოსავლეთევროპელი მეზობელი ანკარის თვალში ისეთ საშიშ კონკურენტს წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

იმ დროს, როცა თურქეთის მთავრობა თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას მეტი უცხოელი ტურისტის მიზიდვით ცდილობს, საქართველო, რომელიც რუსეთს და აზერბაიჯანს ესაზღვრება, ანალოგიურ სქემებს ახორციელებს,ისიც ცდილობს, რომ თავისი რეპუტაცია და ავტორიტეტი გაზარდოს და ტურისტების მიზიდულობის ცენტრად გადაიქცეს.

საქართველოს გეგმები, რომ ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საკრუიზო ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, საერთაშორისო იმიჯის ამაღლებით, რეალიზდება იმ ფონზე, როცა თურქეთს პრობლემები აქვს დაგროვილი. თურქეთში ტურიზმის საბიუჯეტო მიმართულების სტატუსი, რომელიც ბრიტანელებს ძალიან მოსწონდათ, ახლა საკმაოდ არაპოპულარული ხდება – პიკურ სეზონებში ფასებისა  და მომსახურების გაძვირების გამო.

სარა დონალდსონი, კომპანია Fast Cover Travel Insurance-ს უფროსი ანალიტიკოსი, „დეილი ექსპრესის“ კორესპონდენტს უყვება, რომ თურქული ტურისტული დარგის კრიზისის ძირითადი მიზეზია „ჰიპერინფლაცია, რომელიც უცხოელ ტურისტებს აფრთხობს: ძალიან მაღალია კვებისა და დასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები“.

თურქეთში ინფლაციის დონემ თავის პიკს (75%) 2024 წლის მაისში მიაღწია, თუმცა დეკემბრისათვის შემცირდა 44%-მდე, რაც იმედს იძლევა, რომ 2025 წელს უფრო მეტი ტურისტი იქნება, ვიდრე შარშან.

იმ დროს, როცა თურქეთში ტურიზმის პრობლემები არსებობს, მეზობელი საქართველოს პოპულარობის ზრდა ანკარას სახიფათო მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენს – იმ პროექტების რეალიზების წყალობით, რომლებიც მოიცავს თანამედროვე საქალაქო ტრანსპორტის სისტემის შეცვლას, ინვალიდებისადმი მომსახურების დანერგვას, საზღვაო კრუიზული ტერმინალების მშენებლობას (ბათუმში), მუზეუმების ფართოდ გახნას დამთვალიერებლებისათვის, მწვანე ზონების მოწყობას და სარკინიგზო ტრანსპორტის განახლებას, რკინიგზის სადგურების რემონტს.

როგორც თბილისელი გიდი ტარიელ ტაბაშიძე ამბობს, ბოლო ხანს ეკონომიკური ზრდა შენელდა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო და იმ გარემოებებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ტურიზმი საქართველოში ისევ მოიმატებს, მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობის მეშვეობით.

„უკვე შესამჩნევია, რომ საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში“, – ამბობს ტარიელ ტაბაშიძე, – მე ვარ გიდი ისეთი ტურისტული ჯგუფებისა, რომლებიც ინდოეთიდან პირდაპირი ავიარეისებით ჩამოდიან, ასევე ევროპიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და შვეიცარიიდან. არც მიკვირს – საქართველო ხომ მათთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს“. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდამჭერების მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა ზოგიერთი ადამიანი დააფრთხო, მათ თავიანთი ტურისტული ტურები გააუქმეს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დარეგულირდება“.

ტარიელ ტაბაშიძე დასავლეთ საქართველოდანაა, იგი თავის მშობლიურ ქვეყანას „მსოფლიოში ყველაზე ლამაზად“ თვლის და ამბობს, რომ იმ ტურისტებზე, რომლებსაც თვითონ უწევს გიდობას ექსკურსიებზე, საქართველო ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ბუნების პეიზაჟებით, ისტორიული ძეგლებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

კავკასიური ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა როგორც ძველი თბილისის ქვაფენილიანი ქუჩების ლაბირინთები, შუა საუკუნის სოფლები და ქალაქები მაღალმთიან სვანეთში, ასევე ულამაზესი რიწის ტბა კავკასიის მთებში.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: