ოპოზიციამ ვერ შეძლო, ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში – შალვა პაპუაშვილი
ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება.
„მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათ ვერ შეძლეს, რომ ისტერია შემოეტანათ წინასაარჩევნო გარემოში, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშიც და ზუსტად ეს შეიძლება იყოს მიზანი, რომ შემოიტანონ ისტერია საზოგადოებაში, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა და ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა. რაც შეეხება მეთოდებს, ორშაბათიდან მოყოლებული, რაც ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა, რაც იყო დიდი იმედგაცრუება ოპოზიციისთვის, მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო ველის შექმნა, რომ შეუქმნან აღქმა დამკვირვებლებს, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის სახით, ძალადობის სახით თუ რაიმე ასეთის სახით. ასეთი ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად მოახდენს გავლენას მათ ნებაზე,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.