1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოლიგარქიზაციის პოლიტიკური პლატფორმა და მისი დეოლიგარქიზაციის მოდელები – ვახტანგ მაისაია
ოლიგარქიზაციის პოლიტიკური პლატფორმა და მისი დეოლიგარქიზაციის მოდელები – ვახტანგ მაისაია

ოლიგარქიზაციის პოლიტიკური პლატფორმა და მისი დეოლიგარქიზაციის მოდელები – ვახტანგ მაისაია

660
0

• ოლიგარქიზაციის არსი – დეფინიცია და მისი ისტორიული ფაზები (პოლიტიკურ კონტექსტში) – ძველი ბერძნული სიტყვა – „ოლიგოს“ -მცირე, „არხოს“ – ძალაუფლება.

ძირითადი განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს – ავტოკრატიის ერთ-ერთ სახეობას, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება იმყოფება მცირე ადამიანების ხელში. პოლიტიკური არსი ოლიგარქიის წარმოიშვა ძველ ბერძნულ პოლისებში. ფილოსოფოსი არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ოლიგარქია არის „მდიდრების ძალაუფლება“. ძველ საბერძნეთში არსებობდა მხოლოდ ექვსი სახის პოლიტიკური მართვის ტიპი: მონარქია, არისტოკრატია, პოლიტია, ოლიგარქია, ტირანია და ოხლოკრატია. ოლიგარქია ითვლებოდა ყველაზე დაბალი დონის პოლიტიკურ მმართველობა და ყველაზე უკიდურესს შემთხვევაში გამოიყენებოდა მისი მართვის ფორმა.

 

ძველ რომში ოლიგარქიის ფენომენი გადაიქცა უშუალოდ პოლიტიკური ხელისუფლების განუყოფელ ნაწილად – ანუ პოლიტიკური მმართველი იყენებდა ძალაუფლებას ქონებრივი ცენზის მოპოვებისთვის. აღნიშნული ტენდენცია განვითარდა ასევე ბიზანტიის იმპერიის მაგალითზე. რენესანსის შუასაუკუნოვან პერიოდში, ოლიგარქია მხოლოდ განიხილებოდა თავისუფალი სავაჭრო ქალაქების მაგალითზე, ვენეცია, ფლორენცია და ა.შ. ოლიგარქიზმის პოლიტიკური კონცეფტი გახდა აქტუალური პოსტ-რენესანსის პერიოდში, საფრანგეთის რევოლუციის მაგალითზე, სწორედ ფრანგულმა დემოკრატიამ შემოიტანა ოლიგარქიის ახალი პოლიტიკური განმარტება – „პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების შეჯვარება“. სწორედ ამ პერიოდში უკვე ეგალიტარიანულ ეპოქაში შემოვიდა ტერმინი „კორუფცია“, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ოლიგარქიზმის ფენომენს, ხოლო პოსტ-რენესანსულ პერიოდში მედიოკრატიის განვითარებამ კი შემოიტანა ე.წ. „მეოთხე ძალაუფლების“ არაფორმალური კრიტერიუმი და ახალი სახის ოლიგარქიზმის ფენომენი.

 

1911 წელს, ცნობილმა სოციოლოგმა რობერტ მიხელსონმა ჩამოაყალიბა ე.წ. „ოლიგარქიის მკაცრი კანონის“ თეორია, რომლის თანახმადაც დემოკრატია პრინციპში შეუძლებელია მსხვილ საზოგადოებებში და ნებისმიერი დემოკრატიულ რეჟიმი შეიძლება გადაგვარდეს ოლიგარქიულ რეჟიმად. ამის მაგალითებია, საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, კომპადორული ბურჟუაზიული მმართველობა ლათინურ ამერიკის კონტინენტზე და ა.შ. თუმც არა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში მაინც შეძლეს ოლიგარქიზმის მაშტაბების შემცირება და ამ ფორმამ მიიღო ნაკლებად მტკივნეული ფორმა, რომელსაც საფუძველი დაუდო ე.წ. „შერმანის კანონის“ მიღება აშშ-ში, ანტი-მონოპოლიური საკანონმდებლო სისტემის განვითარება ევროკავშირის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე და ა.შ.

• პოსტ-ბიპოლარულ პერიოდში კი, გარდამავალი დემოკრატიული და ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ ავტორიტარულ, ავტოკრატიულ და ტოტალიტარულ მმართველობის ქვეყნებში ოლიგარქიამ მიიღო უკვე კონკრეტული პოლიტიკური სისტემის ფორმა, მაგალითად, 1997 წელს რუსეთის ფედერაციაში ჩამოყალიბებული ჯერ ე.წ. „სემიბანკირშინა“ და შემდეგ კი ე.წ. „დვადცაბანკირშინის“ ფენომენი.

• ოლიგარქიულმა მმართველობამ ისტორიული საფუძვლების რეგენერაცია განიცადა და გადაიქცა ყველაზე აქტუალურ არა მარტო პოლიტიკურ, პრობლემად, არამედ უკვე პოლიტიკურ დილემად. საქმე გამოიხატა უკვე კონკრეტული პოლიტიკური კლასად გარდაქმნაში, სადაც ოლიგარქების შემდეგი ხუთი კლასიფიკაცია შეიძლება გამოიყოს:

 

⚫ პოლიტიკური ოლიგარქი (პუტინის ფენომენი)

 

⚫ კრიმინალური ოლიგარქი („კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი)

 

⚫ ეკონომიკური ოლიგარქი (აბრამოვიჩი)

 

⚫ მედიაკრატი ოლიგარქი (გუსინსკი, ბერეზოვსკი)

 

⚫ სილოგარქი ანუ სამხედრ-ძალოვანი ოლიგარქი (ევგენი პრიგოჟინის მაგალითი)

 

• ოლიგარქიული მმართველობა უკვე გადაიქცა ერთგვარ პოლიტიკური რეჟიმის ტიპოლოგიად და მის წინააღმდეგ მარტო სამართლებრივი და კონსტიტუციური ბარიერების დაყენება და შექმნა საქმეს ვერ გამოასწორებს, საჭიროა კონკრეტული სახის პოლიტიკური ზომების გადადგმა, რომლის ყველაზე და ერთადერთი, მცდელობა მაინც, წარმოადგენდა 2021 წელს მიღებული კანონი უკრაინაში, რომელსაც გააჩნია გრძელი დასახელება, მაგრამ მოკლედ მისი დასახელება შეიძლება შემდეგი სახით: „ოლიგარქიის პრობლემა როგორც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე და გამოწვევა“, რომლის ფარგლებში ოლიგარქის, როგორც პოლიტიკური ავტოკრატის სინონიმს, განსაზღვრავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ სახელმწიფო რეესტრს და რომლის კრიტერიუმებია (მართალია დაუხვეწელი, მაგრამ მაინც პირველი მცდელობისთვის ნორმალური) – პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მედიოკრატიული სივრცეზე დომინანტობა, კაპიტალის დაგროვების მაჩვენებელი კონკრეტული თანხის დაფიქსირებით (2 270 მლრდ. გრივნა) და ოლიგოპოლიური მდგომარეობის დაფიქსირება კონკრეტული ეკონომიკური სექტორის ფარგლებში. საქართველოში განხორციელდა მისი კოპირებული ვარიანტის შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს გარკვეულ ხარვეზებს და უფრო მეტად ლეგალისტური მიდგომით არის განპირობებული, რაც გამოხატავს ქართული პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ იურისტების დომინანტობას და სრულ დეფიციტს პოლიტოლოგების და პოლიტიკური მკვლევარების, რაც ჩვენი არასრული და ნახევრად კომპადორული პოლიტიკური სისტემისთვის წარმოადგენს ბუნებრივ სტატუს-ქვოს.

 

• საქართველოს მაგალითზე საჭიროა, შემოღებული იქნას სპეციალური პოლიტიკური განმარტება ტერმინი ოლიგარქისთვის და მაგალითისთვის, განისაზღვროს შემდეგი ფორმით: ოლიგარქი – პირი ან პირთა წრე (გაერთიანება), რომელთა ეკონომიკური შემოსავლების ოდენობა არ აღემატება ქვეყნის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 10%-ზე მეტს (საქართველოს მაგალითზე, 2021 წელს, ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტი შეადგენდა $18 მლრდ.), პოლიტიკური ჩართულობის დონე არის განსაზღვრული მხოლოდ პასიური პოლიტიკური აქტიურობით, მედიაკრატიული სივრცის კონტროლი არ აღემატება მედიასივრცის 10%-ს და საზღვარგარეთ დაბანდული კაპიტალის მოცულობა არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებელზე მაღალ კოეფიციენტს (ჩვეულებრივ ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსი წარმოადგენს უცხოური პირდაპირი კაპიტალის ეროვნული შემოსავლების წილზე 60%ზე ნაკლებს) და მისი ეკონომიკური აქტიურობა ქვეყნის შიგნით იზღუდება ანტი-მონოპოლური კანონმდებლობით, რომელიც საქართველოში არ არსებობს ან არ შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების კრიტერიუმებს (თანამედროვე ეტაპზე).ამას გარდა, უნდა შემოღებული იყოს ტერმინ „ოლიგარქის“ ზემოაღნიშნული ხუთივე კლასიფიკაცია და დამკვიდრდეს, როგორც სამართლებრივ, ისევე ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დონეებზე.

 

• როგორც „ოლიგარქის“ ზემოაღნიშნული პოლიტიკური კლასიფიკაციასა და იდენტიფიკაციას მივყვებით, ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 რეკომენდაცია, სწორედ ეფუძნება „ოლიგარქიზაციის“ ფენომენს და ფაქტობრივად განსაზღვრავს მის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ ბაზისს. ასე მაგალითად, ამ 12 რეკომენდაციიდან, თუ გამოვრიცხავთ უშუალოდ, „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაციას, ექვსი რეკომენდაცია სწორედ მასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულებებთან ბრძოლას, პოლიტიზაციასთან ბრძოლა და ა.შ. ამიტომაც სასურველია მიღებული იქნას სპეციალური კონცეფტუალური დოკუმენტი: „ოლიგარქიზაციას როგორც პოლიტიკური საფრთხე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის“ და ასევე აღნიშნული პასაჟი შეტანილი იქნას „საფრთხეების და რისკების განმსაზღვრელ დოკუმენტში“ და „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“, რომელიც ისედაც არის თავიდან მისაღები მისი ვადაგასულობის ფაქტორიდან გამომდინარე.

 

• ამავე დროს, სასურველია ოლიგარქიზაციის ფაქტორი დაფიქსირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციაშიც.

 

ვახტანგ მაისაია -პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი