“ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა” – ბექა ლილუაშვილი
ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა – ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით.
„საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის” ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა. დეფინიცია ნიშნავს ჭარბი ნდობის კი არა, როგორც ივანიშვილი იტყოდა, არამედ ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას იმ ადამიანის ხელში, ვისაც აქვს პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ ეს, ყოველ შემთხვევაში რა თანამდებობაც ახლა უჭირავს, ვფიქრობ, არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, თუმცა გარკვეულ უხერხულობებს შექმნის.
უხერხულობების შექმნის მთავარი საკითხი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ფარად ივანიშვილის მხრიდან და ამ შესაძლო სცენარში დიპლომატიური დაძაბულობის შექმნა საქართველოს მხრიდან. გვახსოვს, ივანიშვილის ფულის დაცვაზე რა ხდებოდა, როგორ ჩამწკრივდნენ პრემიერით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული ყველა თანამდებობის პირი და როგორ იცავდნენ მის ფინანსურ ინტერესებს, როცა ის საერთოდ საჯარო ფიგურას არ წარმოადგენდა, წარმოიდგინეთ, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როგორ შეიძლება მან გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაიყვანოს ეს საკითხი დიპლომატიურ უხერხულობებში.
სხვათა შორის საინტერესოა, დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის ახლა მოქმედების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნებულიყო?”- განაცხადა ლილუაშვილმა.