“ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება” – თინა ბოკუჩავა
ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება – საინტერესოა, რომ ამ თემაზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკური კვლევა ვაწარმოოთ, – ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ში, სერბეთის მოქალაქეების, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე დასმულ კითხვას.
ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სუს-ის მუდმივი ბოდვა მოგონილ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მობეზრდა. მისივე შეფასებით, ადგილი აქვს მნიშვნელოვანი თემების ფსევდო თემებით გადაფარვის მცდელობას.
„ესეც მორიგი ფარსია, რაც რეალურად მნიშვნელოვანი, ივანიშვილისთვის პრობლემური თემების გადაფარვის მიზანს ემსახურება – მათ შორისაა თემა, როცა მისი გარემოცვის საკვანძო წევრი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-ს მიერ და აღწერილია როგორც რუსი-ქართველი ოლიგარქი. ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და მასთან სულ უფრო ახლოს მიდის. ეს არის ის, რაც რეალურად ბიძინა ივანიშვილს აღელვებს. შესაბამისად, ეს აღელვებს სუს-ს და ყველა სხვა უწყებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი თემის გადასაფარად რაღაც ფსევდო თემები უნდა მოიფიქრონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.