“ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში”- რას წერს თურქული პრესა
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით: “ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში“ (ავტორი – მაჰმუთ გიურერი, TRT Haber-ის რედაქტორი), რომელშიც განხილულია ნავთობის როლი რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ბუნებრივია, მასალაში თურქული პოზიციაა წარმოჩენილი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე თავდასხმები დაიწყო. დახოცილ პალესტინელთა რიცხვი 45 ათასს უახლოვდება. ათასობით მოხუცის, ქალის, ბავშვისა და ჩვილის ცხედარი კვლავ დაბომბილი შენობების ქვეშ რჩება… დაჭრილთა რაოდენობა კი 100 ათასს უახლოვდება. ღაზას სექტორში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და უსახლკაროდ დარჩა…
თუმცა, ისრაელის აგრესია ამით არ შემოიფარგლება… ირანთან დაძაბულობის შემდეგ თელ-ავივის ხელისუფლებამ ლიბანი დაისახა სამიზნედ. ჰეზბოლას ელემენტები გახდნენ სამიზნეები. ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2500 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელის ამ მიდგომის წინააღმდეგ რაიმე პრევენციული ზომების არმიღება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.
თუმცა, ისრაელის აგრესიული პოზიცია რეგიონში ახალი კრიზისების საფრთხესაც შეიცავს… ყველა ეს მოვლენა გვახსენებს წარსულში მომხდარ სხვა კრიზისს. 1973 წელს არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ, აშშ-ს მიერ თელ-ავივის მხარდაჭერამ ნავთობის მწარმოებელი არაბული ქვეყნები გააქტიურა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო დაიწყეს. მოგვიანებით ემბარგო დასავლეთ ევროპასა და იაპონიაზეც გავრცელდა. ემბარგოს შედეგად ნავთობის ბარელის ფასი ერთ წელიწადში 3 დოლარიდან 12 დოლარამდე გაიზარდა.
ინდუსტრიულად განვითარებულ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო სექტორმა სერიოზული ზიანი განიცადა.
იაპონია, რომელიც ამ ემბარგოს წინაშე აღმოჩნდა, იძულებული გახდა ისრაელთან ურთიერთობები მინიმალურ დონეზე დაეყვანა.
დიდმა ბრიტანეთმა კი არაბების წინააღმდეგ მოქმედი ემბარგო მოხსნა და ისრაელის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო დაიწყო.
ნავთობის ფასის 400 პროცენტით გაზრდის გამო ევროპაში სამრეწველო პროდუქციის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამან სერიოზული ინფლაცია გამოიწვია.
დღევანდელი მოვლენების ფონზე არაბული ქვეყნების მიერ მასშტაბური ნავთობის ემბარგოს დაწესება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ირანის საკვანძო როლი ნავთობის ბაზრებზე პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზრებზე.
ნავთობის ბაზრებისთვის მთავარი შეშფოთების წყაროა ისრაელის მიერ საპასუხო დარტყმის სახით ირანის ნავთობის ობიექტების დამიზნება და ამის შედეგად ნედლი ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი…
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, აგვისტოში დღიურად 3,3 მილიონ ბარელზე მეტი წარმოებით ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია ირანმა, რომელიც მსოფლიოს 10 უდიდეს ნავთობმწარმოებელს შორისაა.
ირანი გლობალური მიწოდების დაახლოებით 2 პროცენტს წარმოადგენს და წარმოების ნახევარი ექსპორტზე გააქვს.
დიდი შეშფოთება არსებობს იმის გამო, რომ ისრაელის მიერ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონული ომის დაწყება ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. არსებობს შიში, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს უკვე არსებულ მაღალ გლობალურ ინფლაციის პერსპექტივას.
რეგიონული კრიზისის გავლენა არა მხოლოდ ნავთობის ფასზე, არამედ ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტებზეც პირდაპირ აისახა…
იემენის ჰუსიტების განცხადებამ, რომ ისინი წითელ ზღვაში ნავთობის ტანკერებს დაესხმიან თავს, გემების მარშრუტის შეცვლა გამოიწვია. წითელი ზღვის მარშრუტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 10 პროცენტი მოდის, უკვე აღარ არის პრიორიტეტული დიდი სატრანსპორტო კომპანიებისთვისაც.
ბაბ ელ-მანდების (ცრემლების ჭიშკარი) სრუტე აზიისა და აფრიკის კონტინენტებს შორის მდებარეობს. სრუტე იემენსა და ჯიბუტს შორის წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი 32 კილომეტრია და წელიწადში დაახლოებით 33,000 გემი გადის.
ამ გემების მნიშვნელოვანი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის გადამზიდი ტანკერებია.
საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება სრუტეში მოძრაობის უსაფრთხოებას, სადაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი გადის. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ისრაელი სრუტესთან ახლოს მდებარე ქვეყნებში სამხედრო ბაზების ქონას ცდილობენ.
მეორე მხრივ, სუეცის არხი, ხელოვნური წყლის გზა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს, ამოკლებს საზღვაო სავაჭრო გზას ევროპასა და აზიას შორის, აფრიკის კონტინენტის გარშემო უფრო გრძელი მარშრუტის გავლის გარეშე. თუმცა, ჰუსიტების თავდასხმების გამო ბოლო 1 წლის განმავლობაში ასობით გემი, მიუხედავად უფრო მაღალი ხარჯებისა, სუეცის არხის ნაცვლად კეთილი იმედის კონცხის მარშრუტს იყენებს. ამ სიტუაციამ განსაკუთრებით თხევადი ბუნებრივი აირის ფასების ზრდა გამოიწვია.
მოამზადა სიმონ კილაძემ