1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატოს ლიდერები ცდილობენ ალიანსი დონალდ ტრამპისაგან დაიცვან – რას წერს უცხოური პრესა
ნატოს ლიდერები ცდილობენ ალიანსი დონალდ ტრამპისაგან დაიცვან – რას წერს უცხოური პრესა

ნატოს ლიდერები ცდილობენ ალიანსი დონალდ ტრამპისაგან დაიცვან – რას წერს უცხოური პრესა

324
0

როგორც ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) წერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისათვის არასასიამოვნო დრო დგება – „ცა იქუფრება და ჩრდილები მუქდება“, ყველა შეშფოთებული ფიქრობს დონალდ ტრამპის სავარაუდო მოსვლაზე. „ეს სიმპტომები ვაშინგტონის სამიტის დროსაც აშკარად შესამჩნევი იყო“ – ასეთი აზრია გატარებული სტატიაში სათაურით „ნატოს ლიდერები ცდილობენ ალიანსი დონალდ ტრამპისაგან დაიცვან“ (ავტორები – მაიკლ ბირნბაუმი და ჯეიმს ჰადსონი).


გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე ვერსიას:


მართალია, თვითონ დონალდ ტრამპი ნატოს სამიტზე არ ესწრებოდა და მიწვეულიც არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად, ექს-პრეზიდენტის აჩრდილი სამიტის მონაწილეებს თვალწინ ედგათ. მათი გონება ტრამპით იყო დაკავებული და ამიტომ ისინი ისეთ სტრატეგიას ამუშავებენ, რომ ადაპტირება შეძლონ, თუ ამერიკას ალიანსის მიმართ „სკეპტიკურად განწყობილი“ ადამიანი უხელმძღვანელებს.


სამიტის დროს ყოფილ პრეზიდენტზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მასზე უწყვეტად ფიქრობდნენ, განსაკუთრებით ევროპელი ლიდერები. ისინი ჩუმად „მკითხაობდნენ, ხომ არ გახდება ეს სამიტი მათი ბოლო შეხვედრა აშშ-ის ისეთ პრეზიდენტთან, რომელიც ტრანსატლანტიკური იდეების ერთგულია.


სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო პრევენციული ზომები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის სავარაუდო არჩევის შემთხვევისათვის. ისინი მზად არიან თვითონ გააკონტროლონ უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარება, რომელსაც ადრე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა კურირებდა. მათ ხელი მოაწერეს კიევთან ათწლიან თავდაცვით ვალდებულებას და სამხედრო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდიან.


ძალიან ცოტა ევროპელ პოლიტიკოსს სჯერა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა ნატოს წევრობაზე უარს იტყვის და ალიანსს დატოვებს, მაგრამ იმავდროულად შიშობენ, რომ იგი ალიანსის მიმართ საქმიან, პრაგმატულ დამოკიდებულებას დაიწყებს – გააკონტროლებს, თუ როგორ ასრულებენ ნატოს წევრები თავიანთ ვალდებულებებს ხარჯების გაზრდის თაობაზე და ღირს თუ არა ამერიკა ნატოს იმ წევრებს დაეხმაროს (რომელიმე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში), რომლებიც თავიანთი არმიების გაძლიერებაზე არ ზრუნავენ.


„თუ ჩვენ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად მეორედ ავირჩევთ, მაშინ, ევროპელების აზრით, ეს მკაფიო მინიშნება იქნება მათთვის, თუ საით და როგორ განვითარდება აშშ-ის პოლიტიკა. შესაბამისად, ნატო ემზადება „ტრამპისაგან თავდასაცავად“, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. მატულობს შეშფოთება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეერთებულ შტატებისათვის ევროპა პრიორიტეტული არ იქნება“, – ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი – ამერიკული ანალიტიკური ცენტრის (Center for a New American Security) ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი – გაზეთის ჟურნალისტებთან საუბარში.


მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც: „მე მუდმივად ვეუბნები ევროპელებს: დონალდ ტრამპისადმი შიშის გამო ჭკუიდან ნუ გადახვალთ. თქვენ ადრეც ასე აკეთებდით, ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ განა ევროპისათვის ცუდი პერიოდი იყო“, – ამბობს რეიჩელ რიცო, ატლანტიკური საბჭოს ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – დიახ, იყო მძაფრი რიტორიკა, მკვეთრი გამონათქვამები, მაგრამ ის პოლიტიკა, რომელსაც დონალდ ტრამპი ატარებდა ნატოს მიმართ, ალიანსს ზიანს არ აყენებდა. პირიქით, სამხედრო ბიუჯეტის ზრდის მოთხოვნით, მას ნატოს გაძლიერება სურდა“.


წყარო