1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატოს გენმდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს – უცხოური პრესა
ნატოს გენმდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს – უცხოური პრესა

ნატოს გენმდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს – უცხოური პრესა

377
0

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „ნატოს გენმდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან (ესაუბრება ზანი მილტონ-ბედოუზი, ჟურნალის მთ.რედაქტორი).


გთავაზობთ ინტერვიუში გაჟღერებულ მნიშვნელოვან საკითხებს:


ა) დარტყმები რუსეთის სიღრმეში – ნატოური იარაღით?


იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატოს წევრ-ქვეყნებს ნება დართონ უკრაინას, რომ მათ მიერ მიწოდებული იარაღით, შესაძლებლობის მიხედვით, რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს, განსაკუთრებით მის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის ოლქში 10 მაისს წამოწყებული შეტევა ბევრად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უკრაინას არ აქვს უფლება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული დასავლური წარმოების იარაღით დარტყმები მიაყენოს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე „კანონიერ სამხედრო სამიზნე ობიექტებს“. „დადგა დრო, დასავლელმა მოკავშირეებმა იფიქრონ იმაზე, რომ კიევს მოუხსნან გარკვეული შეზღუდვები მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა, თუმცა მას არ დაუსახელებია ალიანსის წევრი ის კონკრეტული ქვეყნები, ვისი მისამართითაც იყო მიმართული მოწოდება (უპირველესად იგულისხმება აშშ).


ბ) იარაღის უკმარისობა უკრაინისათვის


„ხარკოვთან შეტევის დროს რუსეთი არ ერიდება ცოცხალი ძალის რესურსების ზედმეტად გამოყენებას და მზადაა ორიოდე კილომეტრის დაკავებისათვის დიდი ფასი გადაიხადოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას იარაღი აკლია, ის გმირულ წინააღმდეგობას უწევს მტერს“, – ამბობს ნატოს გენმდივანი. ამასთან, მან გააკრიტიკა ალიანსის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევას ჰპირდებიან, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ. „ევროპელმა მოკავშირეებმა კიევს [მარტის თვისათვის] ერთი მილიონი ჭურვის მიცემა აღუთქვეს, მაგრამ რეალურად ამის მსგავსი არაფერი მომხდარა“.


გ) ნატო და რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინის ნატოური პერსპექტივა


ამასთან, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს უკრაინაში თავისი ჯარისკაცების გაგზავნას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია არ მოხდეს და ნატოსა და რუსეთის რეალურ ომად არ გადაიქცეს. „შეიარაღების მიწოდება და ჯარების გაგზავნა ერთი და იგივე ნამდვილად არ არის“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.


ნატოს გენმდივნის ინტერვიუდან ასევე ირკვევა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად რჩება. „კიევმა თავდაპირველად თავისი სამხედრო ინსტიტუტები ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.


დ) გაერთიანებული ევროპული არმია? არავითარ შემთხვევაში!


„მე მივესალმები ევროკავშირის ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების ზრდას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნატოს ვერ ჩაანაცვლებს. ნატოს ევროპული წევრების თავდაცვის ხარჯები ნატოს ხარჯების მხოლოდ 20%-ს შეადგენს. შესაბამისად, 80% სკოლისგარეშე სახელმწიფოებზე მოდის, კერძოდ, აშშ-ისა და კანადის მიერ შეტანილ წვლილს წარმოადგენს“, – აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა და ხაზი გაუსვა:
„ნატო ევროატლანტიკური სივრცისათვის მთვარი სამეტაურო სტრუქტურა იყო, არის და იქნება. ევროკავშირმა უმჯობესია თავისი წევრების თავდაცვის მრეწველობის ფრაგმენტაციის გადალახვას და ამ სფეროში სიტუაციის გამოსწორებას მიხედოს“.


ე) „ვიქტორ ორბანი? შევძლებთ მასთან კომპრომისს“


ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეძლებს თავის წევრთან – უნგრეთთან – კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას: „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვძებნით გადაწყვეტილებას, რომ ალიანსის ერთიანობა არ დაირღვეს და რომ ყველა წევრი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგული იყოს. დიახ, მოვძებნით პრაგმატულ გზას“’, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე.


როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანმა 24 მაისს აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოში თავისი როლის გადაფასებას მოახდენს, რადგანაც ბუდაპეშტს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობა არ სურს. ასევე, მისი თქმით, ალიანსის მიერ რუსეთის საფრთხის პროპაგანდა ნატოს მზადებას ნიშნავს მოსკოვთან საბრძოლველად.


წყარო