“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა” – გიორგი ვოლსკი
“ნაცმოძრაობა” პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მიდის მსჯელობა, თუ ვინ აკმაყოფილებს რევოლუციურ მახასიათებელს.
“სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური სუბიექტიდან იქცა რევოლუციურ შტაბად, რომლის სათავეში ის ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც რევოლუციურ იდეებს უკეთ განახორციელებს. ამ თემაზე აქვთ ერთმანეთში დავა. უკეთესი იქნება ამ მახასიათებლით ხაბეიშვილი თუ სხვა, ამას გადაწყვეტენ რევოლუციური შტაბის წევრები,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს და აღნიშნა, რომ დღემდე არავის უნახავს სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზე შესაბამისმა უწყებებმა შეიძლება იმსჯელონ.
“რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანას, ვფიქრობ, ეს არ არის პოლიტიკოსების განსახილველი თემა. დღემდე ჩვენ არ გვინახავს კომპეტენტური, სრულფასოვანი, მრავალმხრივი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც შეიძლება შესაბამისმა სტრუქტურებმა და არა პარლამენტის ფრაქციებმა იმსჯელონ,” – განაცხადა ვოლსკიმ.