1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება”- იენს სტოლტენბერგი

“გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება”- იენს სტოლტენბერგი

“გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება”- იენს სტოლტენბერგი
73
0

ომები სახიფათოა, შეცდომები ხდება,- ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში განვითარებული მოვლენების ფონზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია გამარჯვება და როგორ წარმოუდგენია რუსეთის გასვლის სტრატეგია, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი, სადაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა და გამოსავალი მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა გვექნება. თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე ძალასთან“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ორი შეცდომა დაუშვა.

„პირველი, როდესაც სრულიად არასათანადოდ შეაფასა უკრაინა და მეორე, არასაკმარისად შეაფასა ნატო და მისი პარტნიორები“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა ნატო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე, კიევისთვის შეიარაღების მიწოდებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დადგება შეთანხმების დრო.

„ბიბისის“ კითხვაზე, რა ტიპის დამატებითი არხები ან უსაფრთხოების ზომები არსებობს ნატო-ს ან აშშ -სა და მოსკოვს შორის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შემთხვევითი ესკალაციები გამოირიცხოს, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის, ისევე როგორც ნატო-ს შორის, არსებობს საკომუნიკაციო არხები.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო მზად არის შემთხვევითი ესკალაციებისთვის მომავალში.

„ჩვენ ნატო-ში ვემზადებოდით მსგავსი სიტუაციებისთვის მრავალი წლის განმავლობაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ინციდენტები ან შემთხვევები ხდება, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ომი მიმდინარეობს, ეს არ გავიდეს კონტროლის ზონიდან. სწორედ ეს უზრუნველვყავით გუშინ თანაზომიერი რეაგირებით, მშვიდად და ამავდროულად მტკიცედ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.