“ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას გუნდს შორის სრული ალიანსია”-ირაკლი კობახიძე
„ნაცმოძრაობა“ მხარს თუ არ დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა კაცი. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას გუნდს შორის სრული ალიანსია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პარლამენტში ამ საკითხის განხილვა დაახლოებით ორ კვირაში იქნება და ვნახოთ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა „ნაცმოძრაობა“. ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. „ნაცმოძრაობა“ მხარს თუ არ დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა კაცი, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის. პოლიტიკური დემაგოგიაა, რასაც ეს ადამიანი ეწევა.
კეთილსინდისიერებისა და მორალის საკითხია, როცა დგინდება კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მაინც მხარს არ უჭერ. ისევე, როგორც რადიკალურ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას გუნდს შორის სრული ალიანსია. მათ შორის გადალაპარაკებები არის საზოგადოებისთვის საჩვენებლად, თითქოს ალიანსი არ აქვთ.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში გახარიამ და „ნაციონალებმა“ შეკრეს კოალიცია. ჩვეულებრივი მატყუარები არიან. ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე ლაპარაკობენ, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვთ ჩამოყალიბებული. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელთაც საერთო პატრონი ჰყავთ, ესენი არიან აგენტები, რომლებიც არიან პირდაპირ დაპირისპირებული ეროვნულ ინტერესებთან. არავითარი განსხვავება არ არის ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილსა და სხვებს შორის. ჯერ გახარიამ ოთხ მუნიციპალიტეტში დაშალოს კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და შემდეგ ისაუბროს სხვა რაღაცებზე. ისინი არიან ალიანსში ერთმანეთთან, ერთი პარტია არიან – „ნაცები“, „ლელო“, გახარია. უცხოელი აგენტები არიან, საერთო პატრონი ჰყავთ. საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ეს ფუჭია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.