
“მტერი ისევ ცოცხალია და ბრაზისაგან “დუღს”. მართლაც გაიმარჯვა თუ არა ისრაელმა ირანზე?”-The Jerusalem Post
ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მტერი ისევ ცოცხალია და ბრაზისაგან „დუღს“. მართლაც გაიმარჯვა თუ არა ისრაელმა ირანზე?“ (ავტორი – ჯერალდ პლატი). პუბლიკაციაში განხილულია ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროებითი შეწყვეტა-დაზავების პერსპექტივა – როდის არის საბოლოოდ დამარცხებული მოწინააღმდეგე? როცა ის კაპიტულაციას გამოაცხადებს, როცა მტერი ქვეყნის მმართველი რეჟიმი დაემხობა და ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
უეჭველია, რომ ომის გადატანა ძალიან მძიმეა. თავშესაფარში ჯდომა, ლოდინი და ის, რომ ქვეყნიდან წასვლის შესაძლებლობა არ გაქვს – ეს ყველაფერი მოთმინებას და ატანას მოითხოვს. ამჟამად ისრაელის ტანჯვა დროებით შეწყდა „დაზავების“ წყალობით.
მაგრამ მტერი მაინც ცოცხალია და სიბრაზისაგან „დუღს“, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ახლო მომავალში ახალი ომი გაჩაღდეს.
შესაძლოა იმ დროისათვის დონალდ ტრამპი პრეზიდენტი აღარ იყოს. არავინ იცის, რას გააკეთებს აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ირანთან მიმართებით – იქნება თუ არა დონალდ ტრამპისავით ეფექტური?
უდავოა, რომ ისრაელის მთავრობამ უპრეცედენტო ოპერაცია განახორციელა ირანის წინააღმდეგ, მაგრამ მას გამარჯვებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისრაელის მოსახლეობის 71,6% ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია და თვლის, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები უნდა გაგრძელდეს.
განცხადება, რომ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულიაო, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ექსპერტების შეფასებით, შეტევამ ბირთვული პროგრამის რეალიზება მხოლოდ სამი-ოთხი წლით გადაავადა.
ირანი, რომელიც ისრაელის ყველაზე საშიშ მტერს წარმოადგენს, ძველებურად ცოცხალია, აქტიურია და თანაც ძალიან გაბრაზებული. ირანი დაჭრილია, არ მომკვდარა. ისრაელმა ირანი ფეხში დაჭრა, მაგრამ მისი თავი უვნებელია და თეირანი ძველებურად ისრაელის განადგურებაზე ფიქრობს. შესაბამისად, ისლამურ რესპუბლიკას აქვს შესაძლებლობა „იმკურნალოს“, ძალები აღიდგინოს, აღორძინდეს და სამომავლო [რევანშის] გეგმები გაიაზროს.
ომი სინამდვილეში არანაირად არ იქნება დასრულებული მანამ, სანამ ისრაელი თავის გამარჯვებას არ გამოაცხადებს ირანში მმართველი რეჟიმის დამხობის შემდეგ. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება უსაფრთხოების იმედი ისრაელისათვის, როცა ირანში ახალი ხელისუფლება დამყარდება და ისრაელი მისი სამიზნე აღარ იქნება.
მიაღწია თუ არა აშშ-მა იაპონიასთან დაზავებას? არ მიუღწევია. ომი დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციით. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის მიმართაც, რომელმაც 1945 წლის 8 მაისს ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. ომის შემდეგ ორივე ქვეყანაში რეჟიმები შეიცვალა და ახალი მთავრობები ჩამოყალიბდა.
ირანის რეჟიმი კი, პირიქით, ხელისუფლებაში რჩება. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი დაზავება მხოლოდ პაუზაა და მეტი არაფერი. დღევანდელი დაზავება არანაირად არ განსხვავდება „ჰამასთან“ მომხდარი ათასი დაზავებისაგან – მანამ, სანამ 2023 წლის 7 ოქტომბერს საბოლოოდ არ დაიმსხვრა ჩვენი მოჩვენებითი სიმშვიდის ილუზიები.
გამოთქმა – „თუ ვინმეს შენი მოკვლა უნდა, დაასწარი და შენ მოკალი“ – იუდაიზმის მთავარი წიგნის (თალმუდის) პრინციპის პერიფრაზს წარმოადგენს – წიგნისა, რომელიც შეიცავს მრავალსაუკუნოვან იურიდიულ, ეთიკურ და თეოლოგიურ დებულებებს. ამ პრინციპშია არეკლილი ის იდეა, რომ წინასწარი თავდაცვა გამართლებულია, როცა სიკვდილის უშუალო საფრთხე ნამდვილად არსებობს. რა თქმა უნდა, თვითონ იდეა კანონიერ არგუმენტს არ წარმოადგენს, მაგრამ ის მთელ მსოფლიოში თავდაცვის პრინციპების საფუძველში დევს.
დიახ, „თუ ვინმე შენს მოსაკლავად მოდის, დაასწარი და შენ თვითონ მოჰკალ“. აქ არ არის სიტყვა „დაარტყი“. აქ ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგეს უნდა დაასწრო, უნდა იჩქარო მისი მოკვლა, თორემ შენ აღარ იარსებებ. ესაა მთელი ლოგიკა: ან სიცოცხლე, ან სიკვდილი.
მოამზადა სიმონ კილაძემ