1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული კომპანია შეასრულებს
მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული კომპანია შეასრულებს

მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული კომპანია შეასრულებს

302
0

მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული კომპანია „კამექს ეარლაინსი“ შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კომპანიის გამოჩენა ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგია. ჯამში კომპანია ოთხი ბორტით იქნება წარმოდგენილი.

დღეს ერთ-ერთი მათგანი Boeing737-800 BCF ქართულ-ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირადად დაათვალიერეს, მათ შორის იყვნენ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

საინვესტიციო პროექტის ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.

„კომპანია „კამექსი“ უკვე დაახლოებით 20 წელია, არის საავიაციო გადაზიდვებში და ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ შეესწავლა შესაძლებლობა საკუთარი სატრანსპორტო თვითმფრინავის ექსპლუატაციის თაობაზე. პირველი ბორტი თბილისში ჩამოყვანილია და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ოპერირებას. ძირითადად ვიმუშავებთ სატრანზიტო ტვირთებზე, აზია, ევროპა, ამერიკის მიმართულებით და რა თქმა უნდა, მოვემსახურებით ქართველ მომხმარებელსაც. იმ აქტივმა, რომელიც დღეს უკვე საქართველოს ეკონომიკას შეემატა და დარეგისტრირდა დაახლოებით 100 მილიონი ლარის ტოლია, ეს გაოთხმაგდება ძალიან მალე“ – განაცხადა კომპანია „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ.

ამასთან, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.

„აქ განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და შეუწყობს ხელს იმას, რომ საქართველომ დაიკავოს როლი როგორც სატრანზიტო ჰაბმა ევროპასა და აზიას შორის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეეძლება მეტი პროდუქციის გადაზიდვა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ინვესტიცია განახორციელა ამერიკულმა კომპანია „გაზელ ფაინანსმა“ , რომელმაც მიიღო სესხი ამერიკის ინვესტიციების კორპორაციისგან და 40 სხვადასხვა კომპანიას დაეხმარება ინვესტიციებით. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ისეთი მიმართულებით, რაც გულისხმობს ვაჭრობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს დახმარებას, რომ იგი გახდეს ევროპასა და აზიას შორის ჰაბი“ , – განაცხადა კელი დეგნანმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამომავლოდ იგეგმება, ქუთაისი გახდეს მეორე დამატებითი ჰაბი სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.