მოკლეს თუ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი? – გელა ნიკოლაიშვილი
მოკლეს თუ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი?
“რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მიმართ საქართველოში სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ მისი მაგინებლებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებების პოზიციებიდან ნავალნი უშიშრად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას და 2021 წელს შეგნებულად დაბრუნდა გერმანიიდან რუსეთში იმ მომენტში, როდესაც სრულიად აშკარა იყო, რომ დააპატიმრებდნენ და ხანგრძლივი ვადით პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამიტომ მისი მხრიდან ეს იყო თავგანწირვის აქტი და ამის არ-დანახვა, არ-შეფასება და არ-დაფასება უსამართლობა იქნებოდა. ამ ფონზე იმის დამტკიცებასაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ნავალნი ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ ის იქ მოკლეს. ყველა შემთხვევაში ის მორალური გმირია.
რაც შეეხება ნავალნის სიკვდილის თემაზე ატეხილ იმ ქართველი ჯალათების და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშს, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, მათ არასოდეს აწუხებდათ სანდრო გირგვლიანის, როინ შავაძის, სერგო თეთრაძის და სხვების არათუ სავარაუდო, არამედ განაჩენებით დადასტურებული მკვლელობები.
პირიქით, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაშიც ისინი მუდამ ცდილობენ გაამართლონ თავისი პარტიის სადისტური ქმედებები. სწორედ ასეთ რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღესაც ემსახურებიან ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ენჯეოს ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში სიამოვნებით სვამენ კითხვებს, მაგრამ მათ არანაირი კითხვის ნიშანი დღესაც კი არა აქვთ ნაც-ხელისუფლებასთან. უკეთეს შემთხვევაში ნიკა გვარამიასავით საკუთარი დანაშაულისაგან დისტანცირების მიზნით იძახიან: “ნწუ… ნწუ… ნწუ… რა არადემოკრატიული იყო ის რეჟიმი”-ო.
კიდევ უფრო ამაზრზენია სააკაშვილის შედარება ნავალნისთან. გავიხსენოთ, რომ თითქმის 2 წლის მანძილზე სასტუმროს ტიპის ოროთახიან პალატაში მყოფმა სააკაშვილმა საზოგადოებას თავი მხოლოდ საკუთარ „სიკვდილისწინა მდგომარეობაზე“ წუწუნით დაამახსოვრა და მოაბეზრა, ხოლო თითქმის 3 წლის მანძილზე ციხეების საჯარიმო იზოლატორებში გამოკეტილ ნავალნის ერთხელაც არ დაუწუწუნია, ის აქეთ ამხნევებდა საკუთარ მომხრეებს და არასოდეს მოუწოდებდა საკუთარი თავის გამოხსნისკენ.
დიამეტრულად განსხვავდებოდა მათი დაბრუნების მიზეზები და მიზნები რუსეთში და საქართველოში. თუ რუსეთში დაბრუნებისას ნავალნი მართლაც იდეისთვის მსხვერპლად შესაწირად იყო მზად, საქართველოში სააკაშვილის შემოპარვის მიზეზი და მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა არეულობისა და ქაოსის გამოწვევის გზით, ხოლო დაპატიმრების შემდეგ თავის მომხრეებს თავს ამეტებდა, ნახეთ, თქვენი გულისთვის თავი გავწირეო.
ამიტომ, რაც უნდა თავი შეადაროს, სააკაშვილი ნავალნისგან განსხვავებით მორალურ გმირად ვერასოდეს იქცევა, ის ვიღაცეებისთვის დარჩება მხოლოდ ბელადად,”-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი.